"მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინაა"" - რას იხსენებს ნატალია ქუთათელაძე - Marao

"მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინააო..." - რას იხსენებს ნატალია ქუთათელაძე

2026-01-12 15:05:51+04:00

ეკა ხოფერიასთან ინტერვიუში ნატალია ქუთათელაძე მამას იხსენებს, როგორც ის ამბობს, მამა ძალიან ამაყობდა მისით.

"2025 წელს გარდაიცვალა მამაჩემი, ეს ამბავი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიაზრე. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, სად წავიდა ეს კაცი, მაგრამ ამ ფაქტში მადლიერებას უფრო ვხედავ, ვიდრე ტრაგიზმს. რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია, მაგრამ შეიძლება ბევრად უარესად ყოფილიყო, ბევრად მეტი ეწვალა, ჩვენც გვეწვალა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო ჩვენს შორის, მგონია, რომ ყველაზე სწორი ადამიანი იყო. რამდენიმე რაღაც აქვს ნათქვამი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამას მხოლოდ ყველაზე პროგრესული ადამიანი თუ გეტყვის, რასაც მამაკაცი და, მითუმეტეს, მამა არ უნდა გეუბნებოდეს. თან დისტანცირებული იყო, მაგრამ რაღაც მომენტებში იყო ყველაზე ახლოს. 

მამასნაირი გულშემატკივარი არ მყოლია. ორ უკიდურესობას შორის გავიზარდე. ნანი და ეკა კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდნენ, მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინააო. რაღაც ასაკში კი დავაბალანსე, მაგრამ მანამდე ბრძოლა მქონდა. მამაჩემი იყო ამაყი მამა. ნებისმიერი ჩემი გამოსვლა მოსწონდა, პირველი ზარი ყოველთვის მისგან იყო. გოგოებისთვის მამა სხვა ფენომენია", - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.

  • 8-წლიანი სიყვარულის ისტორია, ერთი შვილი და ოჯახური ბედნიერება: ნატალია ქუთათელაძის ახალი კადრები მეუღლესთან ერთად 

ვინ არის მერაბ ქუთათელაძე

ნატალია ქუთათელაძეს მამა მერაბ ქუთათელაძეა. მერაბი პროფესიით ბიოლოგი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს ყოფილა დასაქმებული. 

მერაბი ეკა მამალაძის მეორე მეუღლეა. წინა ქორწინებიდან ეკას ორი ვაჟი, ლევანი და გოგი ჰყავს. 

ეკა ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში მერაბის გაცნობის ისტორიას იხსენებდა:

"31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…

მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა.

ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წლინახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.

ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა." - იხსენებს ეკა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.