მომღერალი თამუნა ამონაშვილი 61 წლის ასაკში ტყუპების დედა გახდა. ჟურნალისტმა ნანკა ქოქიაშვილმა და-ძმის, მელანიასა და იონას ფოტო პირველად გამოაქვეყნა - თქვენი აზრით, ვის ჰგვანან ტყუპები, დედას თუ მამას?

"შეგვეძინა ტყუპები, მელანია და იონა, 3 თვისა და 9 დღის არიან. მადლობა უფალს მათთვის და მადლობა უფალს დედობისთვის. ეს ყველაზე დიდი გრძნობაა მიწიერ ცხოვრებაში. საოცრად დიდი საჩუქარია უფლისგან, ჩვენ, ადამიანები სულ ვიღებთ ამ საჩუქრებს და ზოგჯერ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ეს ისეთი საჩუქარია, ამის იქით ქალისთვის არაფერი არსებობს.
მართლა წლებია ვოცნებობდი, ვდარდობდი... ვეძებდი, რა მისია მქონდა ცხოვრებაში. კი, ჩემი პროფესია, ჩემი სიმღერები, რომლებიც ბევრ ადამიანს აბედნიერებს, სიყვარულის უნარს უღვიძებს, არის ჩემი მისია, მაგრამ, არა, ქალის მისია დედობაა. უზარმაზარი საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სიცოცხლის ბოლომდე მადლობას შევწირავ უფალს ამისთვის. ამ სამყაროს მოევლინა ორი პაწაწინა ადამიანი, მელანია და იონა. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როცა სძინავთ ვერ გაარჩევ, მაგრამ როცა იღვიძებენ, მარტივია განსხვავება.
აბსოლუტურად შემოტრიალდა ჩემი ცხოვრება, რეჟიმით, შეგრძნებებით, ემოციებით, სიყვარულით - აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დავიწყე, ძალიან დამღლელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.
მე ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ბიჭიც და გოგოც გაჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში შვილის სახით. მთელი ცხოვრების მანძილზე ვემზადებოდი, მინდოდა დედობა, ალბათ კარგი დედა ვიქნები, ვეცდები, რომ კარგი ადამიანები აღვზარდო, გზას თავად გაიკვლევენ, თავისი სატარებელი ჯვარი ექნებათ." - ამბობდა თამუნა.
თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.
მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.
გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.