პოპულარული ქართველი ინფლუენსერი, მარიამ შუკაკიძე, რომელსაც სოციალურ ქსელში 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად მიზეზი მისი პირადი ცხოვრებაა, ბლოგერმა გამომწერების კითხვებს უპასუხა და დაადასტურა, რომ მეუღლეს, დავით ბოლქვაძეს დაშორდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაშორების შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, მარიამი წერს, რომ სიმართლეს არცერთი მათგანი შეესაბამება. ის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამას საზოგადოება ვერასდროს გაიგებს.
"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არცერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით.
არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის 8 წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერს მარიამი.


მარიამ შუკაკიძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი გამომწერების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი სილამაზის ცენტრიც გახსნა და მის გვერდზე ამ მიმართულებით რჩევებსაც ნახავთ.
"სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცვამდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას.

ექვსი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ონლაინმაღაზიებით დავიწყეთ, ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, ძალიან ბევრ შრომას ვდებდი საკუთარ თავში. ერთი ფოტოს გადაღება ფინანსურადაც საკმაოდ დიდი თანხა მიჯდებოდა და ასევე, დრო და ენერგიაც დიდი მიჰქონდა. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ლამაზად წარმომეჩინა ყველაფერი. ჩემი ფოტოები ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა გვერდებზე, მიდიოდა განხილვა და ჩემი პოპულარობა იმატებდა. რაც უფრო მეტად აქტიური ხარ და „ინსტაგრამზე“ გამომწერები გემატება, შემოთავაზებებიც იზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. ასე მოვედი აქამდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი თავისით მოვიდა. საერთოდ, ნებისმიერ საქმეში ასეა, ჭკუაც საჭიროა, ენერგიაც და დიდი შრომაც, თუ გინდა, სასურველ შედეგს მიაღწიო. ფეხი ფეხზე გადადებული ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, არ მქონია ამბიცია, რომ ჩემთან რაღაც თავისით მოვიდოდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ თუ რამე მინდა, ამისთვის უნდა ვიშრომო კიდეც. შესაბამისად, ეს ბიზნესიც ლოგიკური გაგრძელება იყო. საქმიანი კუთხით მალე თბილისთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები, თუმცა, ამაზე მოგვიანებით, ახლა კი იმას ვიტყვი, რომ უკვე სამი თვეა, საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას ვაპირებ. მინდა, ჩემი ბრენდი შევქმნა. მეუღლესთან და პარტნიორებთან ერთად აქტიურად დავდივარ საზღვარგარეთ, ვეძებ საუკეთესო ქარხნებს, მაღალი ხარისხის მასალებს და როდესაც ყველაფერი დალაგდება, ჩემი კოსმეტიკური ხაზის პრეზენტაციასაც გავმართავ" - ამბობდა მარიამი.