„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება..." - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე, ოჯახსა და სიყვარულზე - Marao

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება..." - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე, ოჯახსა და სიყვარულზე

2026-02-10 17:13:40+04:00

გასული წლის 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რთული პერიოდის შემდეგ, სალომე ბაკურაძემ შეძლო და საქმიანობას დაუბრუნდა. ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია შვილია - არ სურს, რომ სანტიმ დარდიანი ნახოს. სწორედ ამიტომ, სალომემ ახალი ამპლუაც მოირგო და მაყურებლის წინაშეც წარდგა. 

  • მეუღლისთვის მიძღვნილი სიმღერა, 10-წლიანი ქორწინება და ოჯახი: სალომე ბაკურაძის ამბავი

სიყვარულის ისტორიის, მეუღლისა და ერთად გატარებული წლების შესახებ სალომეს არაერთხელ უსაუბრია. გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალ "სარკის" არქივიდან: 

bakuradze

ლაშა ბასლანძე და სალომე ბაკურაძე 

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".