სალმა ჰაიეკი: „ჩემი ცხოვრება არცერთ ჩარჩოში არ ეტევა“ - Marao

სალმა ჰაიეკი: „ჩემი ცხოვრება არცერთ ჩარჩოში არ ეტევა“

2026-06-28 16:53:31+04:00

გამოცემა "marie claire" გვთავაზობს სტატიას სალმა ჰაიეკ პინოს შესახებ.

ის ჰოლივუდის იმ იშვიათ ვარსკვლავთა ჯგუფს ეკუთვნის, ვინც წესებს თავად ადგენს. ეკრანებზე Magic Mike-ის ახალი ნაწილის გამოსვლასთან ერთად, სალმა ჰაიეკ პინო გულწრფელად გვესაუბრება ოჯახურ ფასეულობებზე, სტერეოტიპების მსხვრევასა და იმაზე, თუ რატომ არის 50 წლის შემდეგ ცხოვრება იმაზე საინტერესო, ვიდრე გვგონია.

ჰოლივუდურ დიდებას ხშირად თან ახლავს ხელოვნური ბარიერები, თუმცა სალმა ჰაიეკთან საუბრისას ეს დისტანცია მომენტალურად ქრება. ის ისეთივე გულწრფელი და უშუალოა, როგორც ძველი მეგობარი, რომელიც ყავაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს გიზიარებს. 

„შეიძლება ბოლო მომენტში შევშინდე და გადავიფიქრო,“ -ამბობს Oscar de la Renta-ს გამომწვევ კაბაზე, რომელსაც მისი 15 წლის ქალიშვილი, ვალენტინა, აქტიურად უწევდა პროპაგანდას. „ვკითხე, ზედმეტად სექსუალური ხომ არ არის-მეთქი? მან კი მიპასუხა: ‘დედა, ფილმს ზუსტად ეგ სჭირდება, უბრალოდ დარწმუნდი, რომ კარგად დაგადგეს ტანზე, პრემიერის მერე მეც უნდა ჩავიცვაო’. აი, ასეთია ოჯახური იდილია...“ - სალმა მხრებს იჩეჩავს და მისი საფირმო, ხრინწიანი ხმით იცინის.

salma-haiak

ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ

Magic Mike-ის ფრანშიზაში სალმას გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას სცენარში ქალის პერსპექტივა მოეწონა. მისი პერსონაჟი, მაქსანდრა მენდოზა, არის ქალი, რომელიც საკუთარ იდენტობას ეძებს სამყაროში, სადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„ბევრი ჩემი თაობის ქალი გრძნობს, რომ მათ საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდათ. ხშირად გვაიგნორებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ასაკს მივაღწიეთ,“ - აღნიშნავს 56 წლის ვარსკვლავი, რომელიც ახლა კარიერის პიკშია.

ოჯახი - მთავარი პრიორიტეტი

ჰაიეკის ბიოგრაფია შთამბეჭდავია: მექსიკური საპნის ოპერებიდან - „ოსკარის“ ნომინაციამდე ფრიდა კალოს როლისთვის. თუმცა, მისთვის მთავარი როლი მაინც დედობაა. სალმას აქვს ერთი ურყევი წესი: ის არასოდეს თანხმდება პროექტს, რომელიც ოჯახს ორ კვირაზე მეტხანს დააშორებს.

„ამ წესს უკვე 16 წელია ვიცავ. ბევრ დიდ პროექტზე მითქვამს უარი, რადგან ჩემს შვილებს ვჭირდებოდი,“ - ამბობს ის. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ფინანსებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე, ფრანსუა-ანრი პინო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, სალმა დამოუკიდებელ ბიუჯეტს ინარჩუნებს. „ჩემი შვილებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ დედა საკუთარ ფულს თავად გამოიმუშავებს.“

salma-haiek

შიში და ევოლუცია

სალმა აღიარებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩარჩოებში მოქცევის ეშინია. „კლაუსტროფობია მაქვს, მაგრამ არაფერი მხუთავს ისე, როგორც სხვისი მოლოდინები. მჯერა ცვლილებების - ეს ევოლუციის ერთადერთი ფორმაა.“

ფილმის გადასაღებ მოედანზე ის ნამდვილ სტრიპტიზიორებთან ერთად მუშაობდა და აქაც საკუთარი სტერეოტიპების მსხვრევა მოუწია. „წინასწარი განწყობებით მივედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი საოცრად თბილი და კარგი ადამიანები არიან. საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ ადამიანები წინასწარ განვსაჯე.“

კითხვაზე, არის თუ არა უშიშარი, სალმა პასუხობს, რომ შვილების გაჩენის შემდეგ ის „პანიკიორ“ ადამიანად იქცა, რომელიც ყველაფერზე ნერვიულობს - შვილებიდან დაწყებული, თავისი გადარჩენილი ცხოველებით (ძაღლები, ალპაკები, ფრინველები) დასრულებული.

salma-haiek

ასაკი, როგორც საჩუქარი

ასაკზე საუბრისას სალმა ირონიას არ იშურებს: „ხანდახან სარკეში ჩახედვისას ვფიქრობ: ‘ღმერთო, ეს ვინ არის?’, ან მიკვირს, რატომ ვიღლები ასე მალე... მაგრამ მერე მახსენდება, რომ ეს უბრალოდ ცხოვრებაა. მთავარია, აწმყოში იყო.“

დღეს სალმა ჰაიეკი იმაზე მეტს მუშაობს, ვიდრე 20 წლის წინ. ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში (UNICEF, Chime for Change) და მიიჩნევს, რომ სხვების დახმარება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„გაოცებული ვარ, რომ ჩემს ასაკში კარიერის საუკეთესო წლები მაქვს. ახლა მხოლოდ მადლიერების გრძნობა მავსებს,“ - ასე ასრულებს ის ჩვენს საუბარს და გვიტოვებს შთაგონებას, რომ არასოდეს არის გვიან საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად.