"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრები და მჭირდები. დღეს გიოს დღეა", - წერს სოციალურ ქსელში მაია ჯორჯაძე და მეუღლესთან, ყველასთვის საყვარელ გიო ხუციშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ქართველი მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 64 წლის გახდებოდა.
გიო ხუციშვილი და მისი ოჯახი
გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).
მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.
2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიო ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი, ნოდარიკო და ელენე ხუციშვილები შეეძინა, ხოლო მეორე ქორწინებაში მას და მაია ჯორჯაძეს ერთი ვაჟი, ზუკა ხუციშვილი ჰყავთ.
მამის გზა აირჩიეს ნოდარიკომ და ზუკამაც - ისინი ხელოვნების სფეროში საქმიანობენ - ორივე მათგანი მუსიკოსია. ეკრანებზე ნაკლებად ჩანს ელენე ხუციშვილი, თუმცა მას მამასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე არაერთხელ უსაუბრია:
"მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა. დილით, როგორც კი ვიღვიძებდით, ერთმანეთს ვურეკავდით და დღის დაგეგმვას ვიწყებდით. ერთმანეთს ვუზიარებდით, რომელს რა გეგმა გვქონდა.
დღის განმავლობაში 10-15-ჯერ მაინც მირეკავდა. დარეკავდა და იცინოდა, კი, გელაპარაკე 20 წუთის წინ, მაგრამ მაინც გირეკავო. მეკითხებოდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. ეს ხდებოდა გაუჩერებლად დღის განმავლობაში. სხვებისგან განსხვავებით, ეს არ მაღიზიანებდა, პირიქით, მომწონდა, ხშირად რომ რეკავდა".