ერთ-ერთ წერილში პრინცესა დაიანა აღნიშნავდა, რომ მას მკაცრად აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების გაგზავნა იყო.
გამოცემა Independent-ის ცნობით, წერილები, რომლებსაც პრინცესა დაიანა მეფე ჩარლზთან განქორწინების დროს ორ ახლო მეგობარს წერდა აუქციონზე 141 150 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სუზი და ტარეკ კასემებისთვის მიწერილი 32 წერილი აუქციონზე Lay's Auctioneers-მა გაიტანა.
როგორ ამბობენ, უელსის პრინცესას ახლო მეგობრები, სუზი და ტარეკი, ამ წერილებს 25 წელზე მეტხანს ინახავდნენ. მათ არ სურდათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების საკუთრების უფლება შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის გადაეცათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წერილები გაეყიდათ, მიღებული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ, რომლებზეც დაიანა და სუზი ზრუნავდნენ.
აუქციონის სახლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი წერილი ეხება სტრესს, რომელიც დაიანამ განქორწინების პერიოდში განიცადა, თუმცა მასში მაინც იკითხებოდა პრინცესას მტკიცე და ძლიერი ხასიათი.
1996 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში პრინცესა წერდა, რომ მას აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების წერა იყო.
რას წერდა პრინცესა დაიანა მეგობრისთვის მიწერილ წერილში?
"ერთი წლის წინ რომ მცოდნოდა, რისი გამოვლა მომიწევდა, ამ განქორწინებას არასდროს დავთანხმდებოდი. ეს საშინელი და ამაზრზენი პროცესია. პირად საკითხებზე საუბარი რთულია, რადგან ჩემს სატელეფონო ხაზებს მუდმივად უსმენენ, იწერენ და ინფორმაციას გადასცემენ" - წერდა დაიანა.

სხვა წერილში, რომელიც 1996 წლის 28 აპრილით თარიღდება, პრინცესა დაიანა ოპერაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო ბოდიშს იხდიდა და მიზეზად განქორწინებით გამოწვეულ სტრესს ასახელებდა.
"ხანდახან ძალიან რთულია თავის მოთოკვა, დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ეს განქორწინების პროცესი მალე დასრულდეს, რადგან მისი ფასი წარმოუდგენლად დიდია" - წერდა დაიანა.

1996 წლის 17 დეკემბრის წერილში კი სუზის სწერდა, რომ 24 დეკემბერს სამოგზაუროდ წავიდოდა, რადგან შობა არ უყვარდა და თუ დარჩებოდა შესაძლოა თავიც მოეკლა.
"აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" - დაამატა პრინცესამ.
უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ტრაგიკულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.