ფოტოგრაფი მარი ნაკანი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზიც მისი განცხადებები გახდა. მარი ნაკანი მეუღლესთან დაშორების, პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს გვანცა დარასელიას პოდკასტში.

"ჩვენ შარშანაც დავშორდით, მერე დიდი პაუზა გვქონდა, ექვსი თვე. როცა შევრიგდით, მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი. გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე.
გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა. იმიტომ, რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის მე ვიყავი სუსტი. აღიზიანებდა ჩემი ყველა ხასიათის დეფექტი ისე, როგორც არასდროს ადრე. ჰოდა არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა და მისი ყურადღება აღარ არის ჩემს მიმართ და ამან დამარტყა. იმიტომ, რომ მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები, რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე იმ ადამიანს, მერე აღარ უნდა მისცე იმედი.
მითხრა, რომ, მოდი, გავტესტოთო და დავაკვირდებიო, რამდენად მინდა შენთან ერთადო. სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, უკვე ძალიან იძაბები. სატესტო რეჟიმში ის ექვსი თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული, იმიტომ, რომ რამე პატარა ხარვეზი თუ იქნებოდა, ამას გიორგი თითქოს აფიქსირებდა, რომ: „აი, რაღაცა არ გამოგდის“. არ ვიცი რა სჭირს, მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს.
ჩემი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემიანი, უცბად გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური. ძალიან დამარტყა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ადგილები, სადაც ძალიან მოწყვლადები ვართ და ეს იარა, რომელიც გახსნილი მქონდა, აი, მაინცდამაინც მანდ.
დღემდე მე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს. მე მგონია, რომ მაინც ამპარტავნება... იმიტომ, რომ ბოლო ხანებში იმდენ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია თავის არქიტექტურულ ჟანრში: თან უცხოელებმაც წაიყვანეს, წამოიყვანეს, იქ პრიზი, იქ ჯილდო. მე მგონია, ცოტა დაავიწყდა, მანამდე ვისთან ერთად იყო ეს წლები, სულ რომ რწყილი და ჭიანჭველასავით ვიყავით. მიატოვა თავისი ჭიანჭველა.
მე მითხრა, რომ: „აი, სანამ შენ მენტალურად სტაციონარში იქნები... თუ გაივლი ამ სირთულეებს, მერე წავიდეთ საბერძნეთშიო.“ ვიყავი ძალიან მკაცრ პირობებში. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. მეგობრულად ძალიან საწყენია, თორემ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა კიდევ სხვა თემაა, მაგრამ მეგობარი ამას არ იმსახურებს, რომ შენ უცებ დაუწყო დატესტვა, როცა მანამდე ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც მიღებული გყავდა. მე მგონია, რომ მანდ მესამე ადამიანის ამბავია, იმიტომ, რომ გიორგი ასე არასდროს არ გაცივდებოდა ჩემ მიმართ.
მე რომ სტაციონარში დავწექი, მესამე კვირას, როცა უნდა გავფრენილიყავით, გიორგი აბარგდა სახლიდან და საბერძნეთში წავიდა უჩემოდ. მანამდე რომ მე ველოდებოდი და ვიცოდი, რომ, აი, გამოვალ და წავალთ, და რომ ვოცნებობდი ამ აკროპოლისის ნახვაზე. იქ სხვადასხვა გადაცემას ვუყურებდი უკვე. აი, მოლოდინის რეჟიმში რომ ხარ, ხომ იცი, რომ უკვე მწიფდება და მენტალურადაც მზადყოფნაში ხარ რაღაც სიხარულისთვის. და უცებ ვნახულობ ინსტაგრამზე სთორის, რომ წასულია. სახლიდან ნივთები წაღებულია. მე რომ დავბრუნდი სტაციონარიდან, დავრჩი მარტო. უსამართლობის შეგრძნებამ ძალიან დამარტყა. ფრუსტრირებული ვარ, ახლაც არა ვარ კარგად...
გიორგი ყველაფერში ზედმეტად მეხმარებოდა. სულ ზრუნავდა, სულ იყო გადაფოფინებული. მომწონდა, რომ ლოგინში ყავა მოჰქონდა, საჭმელს მიკეთებდა, ზრუნავდა. ჩემი ბრალი არის ის, რომ არ დავაწესე საზღვრები და არ ვიცოდი, სად გადის ის წითელი ხაზი. მეც ძალიან მოვირგე ეს როლი, რომ მე ვიქნები მისი ფისუნია. ახლა უკვე ამ ტოქსიკური, ზედმეტად დამოკიდებული სიყვარულიდან გამოსვლა უფრო რთულია.
ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა: „საბერძნეთიდან ჩამოგიტანე რაღაც და საქმიანად შევხვდეთო“. ჰოდა გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს, თვალები - ცრემლიანი და ნაღვლიანი. გიორგი ფანტასტიკური პიროვნებაა. ეს ბოლო პერიოდში აქვს შუა ხნის კრიზისი და მგონია, რომ გაუვლის. ვიმედოვნებ, რომ შემირიგდება. შემირიგდი, გიორგი! მიყვარხარ და მენატრები!" - ამბობს მარი ნაკანი გვანცა დარასელიას პოდკასტში სტუმრობისას.

მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტა თავაძე ჰყავდა. ლიტა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურებით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
მეორედ მარი ნაკანმა გიორგი მამასახლისზე იქორწინა, მათ ერთი გოგონა შეეძინათ. წყვილი 21 წლის მანძილზე იყო დაქორწინებული.
მარი ნაკანის ბაბუა არქიტექტორი ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი იყო. პატარა გოგონას ხედვისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა სწორედ ბაბუამ იქონია. მოგვიანებით მარიმ ვატო წერეთლის „MAF”-ში (Media Art Farm – მედია არტ ფერმა) გააგრძელა სწავლა და წარმატებას მის ცხოვრებაში ერთბაშად მოვიდა - „მაგთი“, „ბატა“, „ბამბინო“, „ფეხსაცმლის გალერეა“ და კიდევ სხვა ცნობილი ბრენდი სწორედ მარი ნაკანის გადაღებული სარეკლამო ფოტოებით გამოჩნდა ბაზარზე.
მარი ნაკანი არის Behance Portfolio Review-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო Lookmodelsmanagement-ში.
მარი ნაკანმა გურამ წიბახაშვილის დიდი სკოლაც გაიარა, არასდროს შეუწყვეტია სწავლა, განვითარება და საკუთარი უნარების დახვეწა. მან მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ერთად ფოტოსკოლაც შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან. სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეორეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.