კინოს და თეატრის მოყვარულები მსახიობ ნატა მურვანიძეს კარგად იცნობენ - ნატა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და საამაყო ოჯახიდანაა და, ამასთან, თავადაც არაჩვეულებრივი სამსახიობო გზა განვლო, რომელიც დღემდე გრძელდება და ქარიზმატული, უნიჭიერესი მსახიობი მაყურებლის წინაშე ახალი როლებით თეათრის სცენაზე თუ ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
ნატა ვიკა ბუკიას გადაცემის სტუმარი იყო - მრავალფეროვანი თემების, გულწრფელი ინტერვიუსა და აქამდე უცნობი ისტორიების გამო, გადაცემის ეს ეპიზოდი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
"დავიბადე, როგორც ნატო. ნატას მხოლოდ ლევან აბაშიძე მეძახდა, 1992 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როდესაც ის დაიღუპა, პირველი იყო "იავნანა", როდესაც ნანას ვთხოვე, ჩემი სახელი ნატად ჩაეწერა. ეს ჩემთვისემოციური ამბავი იყო, პირდაობის მოწმობაშიც ასე ჩავიწერე.
ჩემი ცხოვრება, შემიძლია ვთქვა, რომ ორ ნაწილად იყოფა. ვისაც 22 წლამდე ვიცნობდი, ყველა ნატოს მეძახის და დღესაც, ვინც ნატოს მეძახის, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბავშვობასთან," - ამბობს ნატა მურვანიძე

"მე ბავშვობაში გავთხოვდი, 19 წლის ვიყავი და დათა [დათა თავაძე, ნატა მურვანიძის უფროსი შვილი] "ბავშვის ბავშვი" იყო. ყველაზე ბედნიერი მოგონება შვილების დაბადებაა. მე და ის ერთად გავიზარდეთ. ბავშვობა, ცალკე აღებული, არ მაქვს, ამ ბავშვობის ბედნიერების პერიოდს დაედო სათავედ დათა. მანუ დიდ ასაკში გამიჩნდა, 32 წლის ვიყავი და ამან გამახსენა, რა მჭირდა 19 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ვიყავი, ინსტინქტურად მაინც დედა ვიყავი. მანუს და დათას შორის 13-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
ჩემი მეუღლე ძალიან ღირსეული ადამიანია. არ სრულდება აღფრთოვანება მისი საქციელებით. ეს კი ურთიერთობას კიდევ უფრო ახანგრძლივებს. მე და ნიკა 7 წელი ვიყავით დაცილებულები, ეს პერიოდი მონტაჟივითაა - თითქოს ამოჭერი და ერთმანეთს მიადგი. ამ შვიდმა წელმა მეც და ნიკუშასაც ძალიან ბევრი რამ გადაგვაფასებინა. მიზეზი, ალბათ, ახალგაზრდული უკომპრომისობა იყო, თან პატარები ვიყავით, უცებ გაჩნდა დათა და ბევრი რამ დაგვაწვა ერთდროულად.
ვფიქრობ, რომ სწორედ ამას ვერ გავუძელით, ამასთან, თავში ქარიც გვიქროდა. ერთად სამი წელი ვიყავით, შემდეგ განვქორწინდით 7 წლით და ამ პერიოდში ერთად ყოფნის დრო დავაფასეთ. ამ შვიდი წლის განმავლობაში შიგა და შიგ ვრიგდებოდით. რომ არა ეს შვიდი წელიწადი, ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა არ გვექნებოდა, რაღაც პერიოდში, ალბათ, დავხოცავდით ერთმანეთს. მიუხედავად დიდი გრძნობისა, მაინც ჭიდაობაში ვიყავით. მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ასაკიდან იყო გამომდინარე.
ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. ამ გრძნობას მოჰყვება ძალიან დიდი წყენაც, რადგან პატარა წვრილმანიც გწყინს. სიყვარული ძალიან დიდი გრძნობაა. ვფიქრობ, მას შრომა სჭირდება, რომ შეინარჩუნო. ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოთ. ზედმეტმა სიყვარულმა შეიძლება დაანგრიოს ურთიერთობა, სანამ არ მიხვდები, რომ სიყვარული ეფუძნება კომპრომისებს. მაშინ ჩემი ურთიერთობა ზედმეტმა სიყვარულმა დაანგრია, რადგან მცირედსაც არ ვპატიობდი, არც ის მპატიობდა და ვიყავით ძიძგილაობაში, " - ამბობს ნატა.

დედას სულ თან დავყავდით რეპეტიციებზე, გაკვეთილებზე...ყველაზე საინტერესო მოგონება რა არის დედასთან ურთიერთობის დროს? ყოველდღიურობა. დილა, როცა ვხვდებით ერთმანეთს... თუ ადამიანს სჭირდება რაღაცით დატენვა, აი ამას მიკეთებს დილას. არაფერი, ჩამეხუტება და მორჩა და მთელი დღე არის რაღაც... და სპექტაკლის წინ მეუბნება: აბა შენ იცი. ჩავიწერე კიდევაც ერთხელ, რომ აი, ვთქვათ და ვერ გნახე, ამის გარეშე როგორ ვითამაშო...და ბებიას ნაჩუქარი სამკაული მაქვს, რომელიც ყველგან დამაქვს, ჩემი თილისმაა და ყველა სცენაზე თან დამაქვს.