"მე ძალიან ლამაზ ბიჭს გავყევი ცოლად, ეს შემიძლია გითხრათ..." - ნატა მურვანიძის ამბავი: ცხოვრების მთავარი საჩუქარი და დიდი თავგადასავალი - Marao

"მე ძალიან ლამაზ ბიჭს გავყევი ცოლად, ეს შემიძლია გითხრათ..." - ნატა მურვანიძის ამბავი: ცხოვრების მთავარი საჩუქარი და დიდი თავგადასავალი

2025-06-05 13:23:59+04:00

მსახიობი ნატა მურვანიძე "დროების" სტუმარია. მისი თავგადასავლის შესახებ საინტერესო ამონარიდებს წაიკითხავთ აქ: 

დედა და მამა

"არ მახსოვს თეატრის შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ გაუცნობიერებელ ასაკში ვიყავი - არ მახსოვს, როდის აღმოვაჩინე, რომ ეს ჯადოსნური სამყაროა. დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვის სიყვარულის მაგალითები არიან. ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გაგვზარდეს, დაბადებიდან პატივს გვცემდნენ და აღგვიქვამდნენ პიროვნებებად. მთავარი, რისთვისაც დედის და მამის მადლიერი ვარ, არის ის, რომ მეც და ჩემს დებსაც მოგვცეს არა პროფესიული, მაგრამ ღრმა ცოდნა ხელოვნების სფეროს შესახებ - ჩვენ არ ვართ უბრალოდ მაყურებლები, შეგვიძლია ხელოვნების დარგებისგან სიამოვნება მივიღოთ. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია მათგან, სხვა მხრივ, ალბათ, არაფრით განსხვავდებიან დანარჩენი მშობლებისგან..."

პირველი ნაბიჯები 

"პირველი ნაბიჯები რთული იყო, ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან გვჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდით. პრაქტიკაში როცა გადაგაქვს თეორია, მაშინ ხდება პროფესიის შეთვისება. ყველა ასე იყო, ყველა ამ გზას გავდიოდით... ფეხით დავდიოდით ყველგან, გვშიოდა, გვწყუროდა, მაგრამ თეატრი იყო ჩვენი საზრდო და თითქოს არ ვიყავით უბედურები. აფხაზეთის ომმა ძალიან დიდი დაღი დაგვასვა. ძალიან პატარები ვიყავით მეგობრების დაკრძალვისთვის და ამის გამო არც ბოლომდე ბედნიერები ვიყავით. ნავთის სუნი დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ ვიგრძენი, უცებ დამაბრუნეს ხოლმე იმ დროში. არ მენატრება ის საშინელი პერიოდი, მაგრამ მიყვარს ის დრო, როცა ახალგაზრდა ვიყავი..."

ტვირთი თუ საჩუქარი - "როცა ასეთი ბებია და ბაბუა გყავს..."

"არასდროს მიჭიდავია ჩემს წინაპრებთან, არც ის მიფიქრია, რომ მე რაიმე საკუთარი უნდა შემექმნა, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მახსოვს, რომ ჩემი მისამართი სულ ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუისკენ იყო - არ შეიძლება, რადგან მათი შვილიშვილი ხარ... ჩემთვის არ შეიძლებოდა ის, რაც ჩემი კლასელებისთვის შეიძლებოდა. მერე ეჩვევი ამ ყველაფერს, გულგრილი ხდები დარტყმების მიმართ და რეაქცია აღარ გაქვს. კარგავ იმას, რის გამოც გქვია ადამიანი, ეს სამწუხაროა...

  • ნატა მურვანიძის სამი გამორჩეული როლი კინოში

ვიცი, რომ მედეასა და კოტეს სახით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები მყავდნენ გვერდით, ძალიან გამიმართლა. ალბათ, ყველასთვის ბებია-ბაბუა არის განძი, ჩემთვისაც ასე იყო. მედიკოს  ერთ-ერთ სპექტაკლში დაღესტნური ვერცხლის სამკაული ეკეთა- ცხენის მოსართავი. ბევრი დეტალი ჰქონდა, მაგრამ ხსნიდა, საყურეს აკეთებდა და მერე სხვებს ჩუქნიდა. ბოლოს რაც დარჩა, მე მაჩუქა და ერთი რამ ყველაზე ძალიან მიყვარს ამ სამკაულში - შესაკრავი გაფუჭებული აქვს და მედიკომ ეს ე.წ. "ბულავკით" დაამაგრა - სწორედ ესაა მისი ხასიათი, ამაში ჩანს, როგორიც იყო. როცა მაჩუქა, თან მითხრა, მე ამით მოვიარე მსოფლიო და მინდა, შენც მოგატაროსო. მაშინ მოგზაურობა უბრალო ამბავი არ იყო, ეს ნიშნავდა კედლის იქით გასვლას, თავისუფლებას. ეს სამკაული ჩემს თილისმად იქცა, ჩემთან ერთადაა ყველგან, ყველა სცენაზე, აგრძელებს მოგზაურობას..."

შვილი

"დათას სპექტაკლში მონაწილეობა ჩემთვის გაახალგაზრდავების ტოლფასი იყო, რადგან მის სიხშირეზე დავჯექი, რაღაც, რაც გამკვრივებული იყო, ეს უნდა მომეშორებინა და გადამეყარა. ეს მისი ის ნაწილი იყო, რაც აქამდე არ ვიცოდი. გამიჭირდა, ვიკამათეთ კიდეც, ისე, რომ ცრემლებამდე მივედი, მერე მივხვდი, რომ უბრალოდ უნდა მივყვე. ვაკვირდებოდი, რას როგორ აკეთებდა, შემფასებელიც ვიყავი და ჩამოვრჩი პროცესს... პირველად ამით მივხვდი, რომ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ და მივიღოთ. ძალიან ბევრი რამ მომცა ამან, ჩემი სხვა როლები ამ გასაღებს მოვარგე, მე შევიცვალე, მე დამანგრია, ნულიდან დავიწყე ისევ ყველაფერი - ეს ძალიან მაგარია...

მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის, პირადად, ასეთი მძიმე დრო არ ყოფილა. გავდივარ იმ პერიოდს, რომელიც მე უნდა გავიარო. დათას კრიტიკისთვის, ასე თუ ისე, მზად ვიყავი. კაცობრიობის ისტორია ასეთია: ყოველთვის დაისჯება ის, ვინც სხვისგან განსხვავდება. დედისთვის შვილის კრიტიკის მოსმენა ძალიან რთულია. ხელოვნება თავისუფალი და დამოუკიდებელია. ხელოვნება გადის ადამიანის ტკივილებს - იცავს სუსტს და გმობს ძლიერს, ხელოვნება არის ღარიბის და არა მდიდრის..."

მთავარი მეგობარი 

"მე ძალიან ლამაზ ბიჭს გავყევი ცოლად, ეს შემიძლია გითხრათ. ვმეგობრობდით, ძალიან დაკავებულები და აღტაცებულები ვიყავით სწავლის პროცესით. გაუცნობიერებელი იყო ეს გრძნობა. ერთ დღეს ჩამოვიდა ორი ამერიკელი გაცვლითი პროგრამით, რომლებიც ჩვენზე მოამაგრეს. მათთან ვითამაშეთ, თითქოს შეყვარებულები ვიყავით, მერე გაირკვა, რომ არ ვხუმრობთ. მეორე კურსზე დავქორწინდით. მეგობრობით დაიწყო და ეს დღემდე გრძელდება. რადიკალურად განვსხვავდებით, მე ფიცხი ვარ, ნიკა - დინჯი.  საოცარი მეგობრები მყავს, მაგრამ არასდროს მნდომებია ვინმესთან გაქცევა და რამის მოყოლა, სახლში მყავს ასეთი ადამიანი..."

თეატრი დღეს

"დავდივარ ახალი თაობის რეჟისორების სპექტაკლებზე - საოცარი თაობაა, ყველაზე მაგარი რაც არის, არის ის რომ არ ჰგვანან ერთმანეთს, ყველას თავისი ხელწერა აქვს. სახე შეიცვალა თეატრმა, ძალიან მიუახლოვდა ადამიანს და მაღალი ხელოვნების შექმნა დაიწყო. ოღონდ ეს ზედაპირული არ არის, ძალიან ღრმადაა ადამიანში ჩასული, სწორედ ისე, როგორი თაობაც არის, აი, ამ ტკივილებით. ბედნიერებაა, რომ ამას მოვესწარი..."

მთავარი როლი 

"ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც ჩავარდნა შეიძლება უფრო დიდი მასწავლებელი იყოს, ვიდრე წარმატება. წარმატება ხომ შენთან დაკავშირებული არაა, შენ არ გეხება, შენ ხომ ერთი და იმავეს აკეთებ, ერთი და იმავეს დებ. ყველაზე რთული ჩემთვის ანტიგონეს თამაში იყო, იმიტომ, რომ ჩემს თავს ვთამაშობდი, კი არა და, არც არაფერს ვთამაშობდი. რთულია, როცა არ თხზავ, არ იმალები პერსონაჟის უკან, მრცხვენოდა... დღესაც მისნაირი ვარ, არ არსებობს ჩემთვის შიში, როცა ვიცი, რომ ვიღაც იჩაგრება - ბებერი ანტიგონე ვარ..."

nata_murvanidze

ნატა მურვანიძე

ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1991 წელს.

შესრულებული  აქვს  მთავარი როლები სპექტაკლებში: რუსთაველის თეატრში - კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია"(1992);  კინომსახიობთა თეატრში - აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა"(1994);  მარჯანიშვილის თეატრში მილერის "სეილემის პროცესი(1994), "მეფე ლირი" (1995), ოცდამეთვრამეტე(1996); ჯან ანუის "ანტიგონე", ოსკარ უაილდის "სალომეა" და სხვა.

  • გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა - ნატა მურვანიძის პორტრეტი 

ქართველი მაყურებლისთვის, მისი სახელი ცნობილი 1992 წელს გახდა, როცა სულ ახალგაზრდამ ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა" ქეთოს დედის როლი შეასრულა. წლების გასვლასთან ერთად მსახიობური ნიჭიც ვითარდებოდა, არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოსა თუ თეატრში და ერთ-ერთ სპექტაკლში კაცის როლიც მოირგო. 

2017 წელს კი, „აზიურ ოსკარზე“, პეკინში, ფილმში „საშიში დედა“, დედის სახის  განსახიერებისთვის  - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

„ისე მოხდა, რომ  ალბათ,  ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვობაში  უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა.  ფეხბურთი, ველოსიპედი უფრო მიზიდავდა. დაუოკებელი, მოუსვენარი ვიყავი. ახლა იშვიათად მაქვს ემოციურად გადარევის პერიოდები. უფრო მშვიდი გავხდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი. ყველაფერზე! ტვინს ვუჭამდი, ყველას ვღლიდი - „რატომ-ის?“ გამო. ამ მხრივ კარგი პროფესია ავირჩიე. იმდენი შეკითხვაა დასასმელი, იმდენი „რატომაა“!  ახლა რეჟისორებს ვაწამებ. მამა და დედა, მაგრამ ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენ აღზრდაში. მაკა ახერხებდა, ყველაფერი  შეეთავსებინა. მე და ანუკა, სანამ სკოლაში წავიდოდით, პრაქტიკულად ვცხოვრობდით ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპეტიციოში. ზაფხულში, რეგიონულ გასტროლებზე, ბებიაჩემს დავყავდით ხოლმე. მეორე ბებიასთანაც ძალიან ხშირად ვრჩებოდით. თან იქ მუსიკასაც ვმეცადინეობდით. ოღონდ, ბრჭყალებში“- ამბობდა ნატა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • ნატა მურვანიძისა და ნიკა თავაძის სიყვარულის განსაკუთრებული ამბავი: "ორი ადამიანის ურთიერთობაში მთავარია ნდობა. თუ ეს ნდობა დაირღვა, მაშინ აღარაფერია არც მთავარი და არც - მეორეხარისხოვანი" 

ნატას მეუღლე მსახიობი და რეჟისორი ნიკა თავაძეა. მეუღლის მსგავსად, ნიკაც თეატრალური ოჯახიდანაა. ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დროს შეხვდნენ. იმ დღესვე მოუწიათ პარტნიორობა – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი… ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები, მერე კი, ნატას დაბადების დღეზე, ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი დახვდა, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზეწარზე წარწერა “გილოცავ”. 

ნატას და ნიკას ორი შვილი, დათა და მანუ თავაძეები ჰყავთ. ისე გამოვიდა, რომ შვილები მშობლებისა და, ზოგადად, ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ - მანუ თავაძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, დათას კი თეატრალურ სამყაროში კარგად იცნობენ - ის "სამეფო უბნის თეატრში" რეჟისორია.