"ყველაზე მეტად როცა მიჭირდა, სწორედ მაშინ ჩემ გვერდით არ იყო დედა, არ იყო მამა, არ იყო ძმა, არ იყო ქმარი, არ იყო მეგობარი, არ იყო ნათესავი, არ იყო ახლობელი, იყო - პატრიარქი.
მახსოვს, ორი თვის ბავშვით მივადექი საპატრიარქოს კარს. დაცვას ვუთხარი, რომ პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედას, დიდი ირაკლი შიოლაშვილის ნახვა მინდოდა. მაშინვე შემიშვეს. მშივრები ვიყავით მე და ბავშვი. მე დარდისგან ვტიროდი, პატარა ირაკლი - შიმშილისგან. უჭმელობის გამო მკერდში რძე არ მედგა და ბავშვი ტიროდა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთი ქვეყანას ბომბავდა და მე - ჩემი ყოფილი დედამთილი. რუსეთმა ქართველები გამოყარა საკუთარი სოფლებიდან, მე ყოფილმა დედამთილმა გამომაგდო სახლიდან. ანუ მე და ჩემს ქვეყანას ერთდროულად გვიჭირდა.
პატრიარქი ძალიან დაკავებულ იყო, სად ეცალა ვინმესთან შესახვედრად. სწორედ ამ დროს დედაოებმა ტრაპეზზე დამაპურეს. ღმერთმა აცხონოს დედა ათანასიას სული, ასევე, ალექსანდრამ, რომელიც ცოცხალია და კარგად არის, შვილივით მიმიღეს. პატრიარქი მათ სტეშასა და დოკის ეძახდა. დედა ანასტასიამ კი საჭმლით მოგვამარაგა. ქალბატონმა შორენამ თავისი ტანსაცმელ გამოიტანა, ერთი ტანის ვართ და გქონდესო.
დამაპურეს, ბავშვსაც ძუძუ მოვაწოვე, ტირილი შეწყვიტა და პატრიარქთან შემიყვანეს. პირველად ვნახე მაშინ მისი უწმინდესობა. მაშინვე მუხლებზე დავემხე და ტირილი დავიწყე. თავზე ხელი გადამისვა, დამლოცა, მომეფერა. ეს რა ლამაზი წითელი ფერის თმები გაქვსო, აღნიშნა. ვუთხარი რომ დედამთილმა სახლიდან გამომაგდო და არსად წასასვლელი არ მქონდა. იმ ღამესვე დაიბარა საპატრიარქოში ჩემი ყოფილი ქმარი, დედამთილი და მამამთილი. სანამ მოვიდოდნენ, მუხლებზე დამხობილი ღვთისმშობელს ვთხოვდი, რომ სახლში წავეყვანეთ მე და პატარა იკა.
გვიან მოვიდნენ. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა შერიგებაზე. 20 წლის, თავად ბავშვი, ორი თვის ბავშვით ვიყავი მარტო. მაშინ ჩემთვის პატრიარქს რომ ეთქვა, მტკვარში გადახტიო, გადავხტებოდი. მათ კი არც მოუსმინეს უწმინდესს. ისე გაიხურეს კარი, არ წაგვიყვანეს მე და ბავშვი.
პატრიარქმა ქალბატონ მანანა შარაშიძეს დაურეკა და სთხოვა, ჩემთვის და ირაკლისთვის მიეხედა. დატრიალდა ქალბატონი მანანა და ასე აღმოვჩნდით უცხო ქალბატონის სახლში, სულიკო ბებოსთან მე და ირაკლი. იქ გვიქირავეს ბინა. ყოველ კვირა დილას სანამ უწმინდესი სამებაში წავიდოდა წირვაზე, მე და ირაკლი მას საპატრიარქოს კარებთან ველოდებოდით და პირველებს ჩვენ გვლოცავდა.
ასე დავმეგობრდით მე, პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედა და დიდი ირაკლი შიოლაშვილი.
მინდა ღმერთმა დიდხანს და კარგად ამყოფოს. ის ჩემი დიდი მეგობარია. მალე გამოჯანმრთელდეს, ჩემი და ჩემი შვილის პირადი ანგელოზი.დიდება უფალს და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს. სიყვარულით, ცისნამი", - წერდა სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი მანამ, სანამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ ცნობა გავრცელდებოდა.

ილია II, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.