"რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა" - ნათია ბანძელაძე ილია II-ის შესახებ ამბავს იხსენებს - Marao

"რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა" - ნათია ბანძელაძე ილია II-ის შესახებ ამბავს იხსენებს

2026-03-18 11:24:21+04:00

"საოცარი სიმშვიდე , სიყვარული და არამიწიერი ძალის ენერგია მოდიოდა მისი უწმინდესობისგან... მეგონა, არასდროს დასრულდებოდა...

მახსოვს, ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა მასთან ინტერვიუზე, რომლისთვისაც ეს მიუწვდომელ და საინტერესო რესპონდენტთან დაგეგმილი ინტერვიუ იყო, ამ განწყობით მოდიოდა და უხაროდა, რომ პატრიარქი დათანხმდა, ვერ იჯერებდა... მისი თავდაპირველი ეიფორია ჯერ მხოლოდ ამ ემოციას უკავშირდებოდა. წინასწარ არაფერი მითქვამს პატრიარქის საოცარ ენერგიაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა... უწმინდესი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა... და პატარა ბავშვივით ინტერესით ჰკითხა - რა აინტერესებდათ მისგან. რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა, მისი უწმინდესობა ეფერებოდა და ამშვიდებდა. ინტერვიუს დრომ გადააჭარბა, რადგან დიდხანს ვერ საუბრობდა ჟურნალისტი. როცა წამოვედით, ჩუმად იყო - "ის მიწიერი ადამიანი არ არის, ნათია" ძლივს მონახა თავში ძალა, რომ ეს სიტყვები ეთქვა... გასახსენებელი ბევრი გვაქვს... ყველასთვის იყო...", - წერს ნათია ბანძელაძე.

ilia-meore

  • "თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ხმაური გაქრა და უცებ - სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ" - ია ფარულავა ილია მეორის შესახებ 

ილია მეორეს განვლილი გზა

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში და 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

  • "ასე დავმეგობრდით მე, პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედა და დიდი ირაკლი შიოლაშვილი" - მოგონება ილია II-ის შესახებ 

ilia-meore

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები. 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. იხილეთ სრულად