სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორე თავდაპირველად - „ჩაფიძის კლინიკაში“, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს ემშვიდობება და პატივს მიაგებს უამრავი ადამიანი.
ამ სტატიაში გაგახსენებთ ამონარიდებს ილია II-ის ქადაგებებიდან სიყვარულის, ოჯახის, რწმენისა და სამშობლოს შესახებ:

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“
"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.
„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.
„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.
„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“
„რწმენა ღვთისა არის ის მწვერვალი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა.“
"შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს".
„ადამიანი ყოველდღიურად დგას ორი გზის წინაშე: რწმენის, სიყვარულისა და სიმართლის გზა, ან ბოროტებისა და უსამართლობის გზა“.
„რწმენა არის არა მხოლოდ დაჯერება, არამედ უფლისადმი სრული მინდობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს, რათა დაძლიოს ადამიანმა სირთულეები“.
„საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და უნდა ვიზრუნოთ მისთვის“
„სამშობლო ერის სულთანაა კავშირში და მისი დაკარგვა ერის გაქრობას ნიშნავს”.
„სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს".
„სამშობლო -ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს წინაპრებთან, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყველაფერი დაიკარგება. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე“.
„თუ ადამიანმა არ აპატია მოყვასს თავისი შეცოდება, ღმერთიც არ აპატიებს მას.“
„მიტევება არის არა სისუსტე, არამედ სულიერი სიძლიერე და სიყვარულის გამოვლინება”.
„თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგეტევებათ ზეციერი მამისგან“
„ოჯახი არის პატარა ეკლესია.“
„ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ”.
„იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი”.
„ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს; ყოველთვის ეცადეთ, რთულ სიტაუციებში გაუგოთ ერთმანეთს, იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო”.
„შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ, თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს”.
„ვისწავლოთ პირველ რიგში ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვრის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება”.