"იყო დრო, როცა ყოველ კვირას და სადღესასწაულო წირვებზე, ასე, ათი საათისკენ, გაიღებოდა კარი და შემოფარფატდებოდა მარიამი. ხან თამრიკოსთან ერთად, ხან - მარტო. ვიმუსაიფებდით ცოტა ხანს და მერე, თითქოს სამსახური ეწყებოდა, დაიხევდა უკან იქვე მდგარ მიკროფონთან და ანგელოზის ხმით ააწკრიალებდა ამ საგალობელს.
რამდენი ადამიანის ცრემლიც მის შესრულებას მოყოლია, იმდენი სიხარული ყველა ამის წამკითხველს ახლა.
დაამთავრებდა თუ არა "ანგელოზობას", ოდნავ პაუზის შემდეგ, თავჩაღუნული ისევ უბრუნდებოდა ადამიანურ ყოფას და ვაგრძელებდით სხვადასხვა ამბავზე საუბარს. პატარა ლაზარეს ხმისთვის საგანგებოდ დაწერილი ეს საგალობელი, რომ არა მისი მუტაციის პერიოდი და მარიამის კანდიდატურის შეთავაზება, კაცმა არ იცის ამ საგალობელის "ბავშვობა" როგორი იქნებოდა, მაგრამ კათალიკოსის გემოვნების და ესთეტიკის დამსახურებით, "კირიე ელეისონ" მარიამის ხელში "გაიზარდა", სამკაულად იქცა და ასე ავგაროზივით ატარეს ერთმანეთი.
ვინ აღარ "იმღერა" ეს საგალობელი - ქალმა, კაცმა, დიდმა, პატარამ, რამდენიმემ კარგადაც, მაგრამ მარიამივით არასდროს... სისხლი და ხორცივით არიან ერთმანეთისთვის და, ასე მგონია, ძეფირელს რომ მოესმინა, როგორც ოლივია ჰასი დარჩა ღვთისმშობლის სახებად კინემატოგრაფიაში, ასე ხატად აქცევდა მარიამის სახეს უფლის სადიდებლად.
P.s. ასე ეულად სტუდიური ჩანაწერი არასდროს მომისმენია, მაგრამ ახლა საქრისტიანოდაც სხვების დროა და ამიტომ, ასეთია მარიამისეული გამომშვიდობება გამოლეულ, წუთისოფელმოჭმულ და დაღლილ მოხუცთან, რომელთანაც დღეს ასე მოუწია გალობა უკანასკნელად, მის გასაგონად, სანამ ის ჯერ კიდევ სამებაშია", - წერს სოცილურ ქსელში თამარა გოგლიძე და მარიამ როინიშვილის მიერ შესრულებულ საგალობელს აქვეყნებს. საგალობელი "კირიე ელეისონ" საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ დაწერა და დიდი ხნის მანძილზე მას მომღერალი მარიამ როინიშვილი ასრულებდა.