"ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", - თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მეუფე შიოს შესახებ მაშინ, როცა ის მოსაყდრედ დაასახელა.

"მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. ნამდვილად უღირსად მიმაჩნია თავი ამ მსახურებისთვის", - ამბობდა მეუფე შიო მაშინ.
ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა უხილავი მეგობრობა და სიყვარული ილია II-სა და მეუფე შიოს შორის.

მიტროპოლიტი შიო დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.

2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ[1].
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
მეუფე შიოს შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს უსაუბრია ინტერვიუში - ეს არამხოლოდ მისი სასულიერო მოღვაწეობის, არამედ პირადი ურთიერთობების გამოც მოხდა: მეუფე შიოს, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირის კლასელები 53-ე სკოლაში იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რეჟისორი გიო მგელაძე.


სწორედ გიო მგელაძე იხსენებდა მეუფე შიოს ბავშვობასა და მასთან მეგობრობას ჟურნალ „სარკესთან“.
"მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა. მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ. ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.
მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია - ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.

ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა - მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიო-მღვიმის მონასტრიდან - იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიო-მღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება სთქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი...
მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიო-მღვიმის მონასტერში.5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიო-მღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.
ძალიან წარმოსადეგი იყო - მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით. ძალიან ღია ფერის იყო - ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.

მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.
22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ... ურთულესია ბერობის გზა... თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან", - მოყვა გიო მგელაძემ ჟურნალ "სარკესთან".