სუხიშვილების ოჯახს არამარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ილიკო სუხიშვილი დღეს ანსამბლ "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელია.
ილიკო სუხიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს. მოცეკვავე ორჯერ იყო დაოჯახებული - პირველად რუსეთში, რუს გოგონაზე იქორწინა, რომელსაც მალევე დაშორდა, თუმცა მასთან ერთი შვილი, დარია ეყოლა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი გოგონა, ლიზი შეეძინა.
საქართველოში ჩამოსულმა ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა, თუმცა წყვილის ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა.

გვანცა შერგელაშვილის ტრაგიკული ისტორია
2001 წლის აგვისტოში სუხიშვილების ოჯახში უბედურება დატრიალდა. ანსამბლი გასტროლზე ვენესუელაში იმყოფებოდა და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიას შეეწირა.
გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ. აღმოაჩინეს, რომ თამბაქო გაუთავდათ, რის გამოც სასტუმროს ვესტიბიულში ჩავიდნენ. ბარი უკვე დაკეტილი დახვდათ, თუმცა უთხრეს, რომ იქვე, დაახლოებით 300 მეტრში, იყო კაფე, სადაც სასურველი ნივთის შეძენას შეძლებდნენ.
გზის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდათ, როდესაც თავს სამი მძარცველი დაესხათ. ბოროტმოქმედებს სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს დაუმიზნა. მეგობრებმა ჯიბეები ამოიტრიალეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ფული არ ჰქონდათ - მძარცველებმა მხოლოდ ერთ მათგანს უბრალო სანთებელა წაართვეს.
ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გვანცას ხელი წაავლო. ილიკო მყისიერად რეაგირებდა: გოგონას ხელი მოხვია და ზურგით გადაეფარა, წინიდან კი მეორე მეგობარი დაუდგა ფარად. მძარცველებმა სამჯერ ისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ორ ადამიანს შორის იყო მოქცეული, ტყვიამ მილიმეტრებში გაიარა და მაინც გოგონას მოხვდა.
ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მეგობრებმა სასწრაფოდ გააჩერეს ტაქსი და დაჭრილი გვანცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში იგი გარდაიცვალა.
მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა.
ცოტა ხნის წინ გვანცას 46 წელი შეუსრულდებოდა. მოცეკვავის დაბადების დღის აღსანიშნავად მისმა მეგობარმა ანი მერკვილაძემ ფოტოკოლაჟი გააზიარა.