მომღერალ მარიამ როინიშვილსა და ვახო კანდელაკს "ბასტი ბუბუ" სტუმრობდა. წყვილმა გადაცემის ფარგლებში პატარა კირაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება შვილის შეძენის შემდეგ:
"კირამ სრულიად სხვანაირად დამანახა ცხოვრება, ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც ადრე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე უკვე მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ერეკლესთან ერთად გავიზარდე მეც, მაგრამ კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი გავხდი.
ერეკლეს საოცარი დამოკიდებულება აქვს, ძალიან უყვარს უნდა, რომ სულ მოეფეროს. თან კირაც ახლოს არ იკარებს, დისტანციას იჭერს. და-ძმის თვალებში ვხედავ დიდი სიყვარულს და მზრუნველობას.
კირამ ყველას ცხოვრება გაახალისა და გააფერადა. თითქოს ყველამ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას" - ამბობს ვახო კანდელაკი.

მარიამმა აღნიშნა, რომ დედობის პროცესში ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ელენე, როცა მეყოლა, მე თვითონაც პატარა ასაკის ვიყავი. ელენესთან ერთად მეც გავიზარდე. კირას კი უკვე ზრდასრული დედა შეხვდა. ბევრად გაწონასწორებული ვარ და თურმე ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ელენეს დროსაც ძალიან კარგად მქონდა გათვითცნობიერებული დედობა , კირამ ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გააორმაგა. კირას გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება იქნებოდა ძალიან მოსაწყენი.
ელენეს კირას მიმართ თითქოს დედის მსგავსი დამოკიდებულება აქვს. სკოლაში როდესაც არის კირა, ძალიან ენატრება. 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა და საკმაოდ კარგ დობას უწევს ელენე" - ამბობს მარიამ როინიშვილი.
მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.
ცოტა ხნის წინ მარიამი და ვახო მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს კირა დაარქვა და მას შემდეგ ხშირად აზიარებენ პატარა გოგონას ფოტოებს სოციალურ ქსელში. როგორც თავად აღნიშნავენ, კირა საოცრად ჰგავს მამას.

"მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.
საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია. ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს", - ამბობდა მარიამი