თამუნა ლეკვეიშვილს მაყურებელი უკვე 10 წელზე მეტია, იცნობს. ის გასართობი შოუების მსახიობია და ეკრანზე არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა.
თამუნა სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად სახალისო პოსტებს აქვეყნებს. ამჯერად კი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოს აზიარებს და დიეტასა და წონის კლებაზე სახალისო პოსტს აქვეყნებს:
"ბევრი მწერს, როგორ გახდიო, ამიტომ გიზიარებთ ჩემს დიეტას, ჩაიწერეთ: ვიკეთებთ ყავას, აუცილებლად უშაქროს, შემდეგ ChatGPT-ს ვთხოვთ, რომ მოგვაკლოს 20 კილოგრამი და დაგვიგრძელოს ფეხები სასურველ სიგრძემდე. ეცადეთ, 7-ის მერე აღარ გააკეთოთ. სულ ეს არის, წარმატებები!" - წერს თამუნა ლეკვეიშვილი.

თამუნა ლეკვეიშვილი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა იუმორისტულ შოუში გამოჩნდა. მან წლების მანძილზე მაყურებლისგან განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. თამუნას მიერ შექმნილი პერსონაჟები და განსახიერებული როლები ბევრისთვის დღემდე საყვარელია.
თამუნა ლეკვეიშვილი ჟურნალისტებისთვისაც საყვარელი რესპონდენტია - მისი განსაკუთრებული იუმორი და დადებითი აურა კი შეუმჩნეველი არავის რჩება, ინტერვიუებში თამუნა ხშირად საუბრობს როგორც განვლილ კარიერულ გზაზე, ისე ოჯახსა და იმ ამბებზე, რაც კამერებს მიღმა რჩება.
თამუნა ლეკვეიშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც დაოჯახებულია გიგი ოქროპირიძეზე. თამუნა და გიგი პროფესიით მუსიკოსები არიან, თუმცა გიგი, თამუნასგან განსხვავებით, ამ სფეროში მუშაობს და კერძო პროექტებს უძღვება.
"კონსერვატორიაში ვნახე პირველად. მე საკომპოზიციოზე ვსწავლობდი, გიგი – ინსტრუმენტალისტია. თავისი სიმღერების გაორკესტრება მთხოვა, მოგასმენინებო, შემომთავაზა. ამ მიზეზით დამიახლოვდა", - იხსენებდა თამუნა.

თამუნა ლეკვეიშვილის ცხოვრება ისეთი მხიარული, ცხადია, არ ყოფილა, როგორიც ის ეკრანზე ჩანს. სხვადასხვა ეტაპზე ებრძოდა კომპლექსებს, ჭარბ წონას, 14-წლიანი სამუშაოს დასრულებით გამოწვეულ სირთულეებს.
"წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე.
მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით. ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად", - იხსენებდა თამუნა.
"ბევრი წლის შემდეგ ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება. ვიცი, გაინტერესებდათ", - წერდა 4 წლის წინ თამუნა ლეკვეიშვილი. რამდენიმეწლიანი მონდომებისა და შრომის შემდეგ, მან მართლაც შეძლო სასურველი წონის შენარჩუნება. მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება და, როგორც თავად ამბობს, ამისთვის რაიმე განსაკუთრებული დიეტა არ გამოუყენებია - საკუთარი კვების რეჟიმი თავად შეიმუშავა და დასახულ მიზანს მიაღწია.