ანასტასია ჯეირათს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მან მისი უჩვეულო, სახასიათო გარეგნობით მალევე მოიგო ქართველი ხალხის გული. თავდაპირველად სერიალში გამოჩნდა, შემდეგ კი მისი გზა ტელევიზიასაც დაუკავშირდა. ანასტასია სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა, მან ცოტა ხნის წინ გამომწერებს მისი მორიგი წარმატების ამბავი გააცნო. ანასტასია ფილმის "კონტროლის ხაზი" მონაწილე იქნება.
"ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ გაგიზიარებთ ამას!
„კონტროლის ხაზი“ არის დრამატული და საომარი ფილმი, რომელიც შთაგონებულია მირზა ვაჰიდის „თანამშრომლობით“ და გადაღებულია ტრევის ჰოჯკინსის მიერ. მოქმედება ვითარდება 1990-იანი წლების ქაშმირში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონტროლის ხაზის გასწვრივ.
გამოდის 17 აპრილს ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში
გიზიარებთ მოკლე ფრაგმენტს ჩემი სცენებიდან. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვიყავი. მადლობა ყველას, ვინც ეს გამოცდილება ასეთი განსაკუთრებული გახადა" - წერს ანასტასია.

ანასტასია ჯეირათმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, მალევე დაიმკვიდრა თავი ქართულ ტელესივრცეში. ის პროფესიით ფსიქოლოგია და ამასთან უკვე გადაიღეს სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ანასტასია „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანიც იყო. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან. უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავსა და საინტერესოს გახდის...
ანასტასია გადაიღეს რეჟისორ ტრევის ჰოჯკინსის 2024 წლის ამერიკულ დრამაში, რომელიც სან დიეგოს კინოფესტივალზე უჩვენეს. ანასტასია დღესაც აგრძელებს კინო კარიერას და სხვადასხვა ფილმშიც იღებს მონაწილეობას.
ანასტასია ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა - ქართველია, მამა - ინდოელი. მშობლები პროფესიით ექიმები არიან. მან ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.

"ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე. რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით. რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები, რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.
ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა, ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია - პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი, თუ რანაირად ხვდებოდნენ, რომ გვარი არ იყო ქართული" - ამბობდა ანასტასია.
