ბურაქ დენიზის თმისა და სისხლის ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი აღმოჩნდა - რა ხდება თურქეთში - Marao

ბურაქ დენიზის თმისა და სისხლის ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი აღმოჩნდა - რა ხდება თურქეთში

2026-04-16 15:43:59+04:00

თურქეთში ბოლო დღეებში ერთ-ერთი ხმაურიანი სკანდალი სწორედ შოუბიზნესს უკავშირდება - სამართალდამცავებმა ფართომასშტაბიანი ნარკო-გამოძიება დაიწყეს, რომელიც არაერთ ცნობილი სახეს შეეხო. საქმე, თავდაპირველად დახურულ წრეებში გავრცელდა, დღეს კი თითქმის ყველა მსხვილი გამოცემა აქტიურად აშუქებს დეტალებს.

burak

რა ხდება თურქეთში?

გამოძიება, თურქული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა გასულ თვეს სტამბოლში ერთდროულად რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. პროკურატურა ეჭვობს, რომ საქმე შესაძლოა მხოლოდ ინდივიდუალურ მოხმარებას არ ეხებოდეს და უფრო ფართო ქსელსაც მოიცავდეს.

საქმის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფიგურად იქცა პოპულარული მსახიობი ბურაქ დენიზი. მისი სახელი მედიის სათაურებში მას შემდეგ მოხვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის იმ ადამიანთა სიაშია, ვისაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ბრალს სდებენ. სხვადასხვა თურქული გამოცემა წერს, რომ სამართალდამცავებმა მასაც აუღეს ბიოლოგიური ნიმუშები.

ყველაზე დიდი გამოხმაურება კი სწორედ ექსპერტიზის შედეგებმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ბურაქ დენიზის თმისა და სისხლის ანალიზებში აღმოჩნდა როგორც მარიხუანას, ისე კოკაინის კვალი. ეს დეტალი მედიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თმის ანალიზი რამდენიმე თვის განმავლობაში მოხმარების ფაქტსაც აფიქსირებს. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ და საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

  • აღებულია თმისა და სისხლის ნიმუშები - თურქი მსახიობი თურქეთში ჩასვლისთანავე დააკავეს 

burak-deniz

ამავე საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი ჰანდე ერჩელი. თურქული მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ანალიზებში ოპიოიდების კვალი აღმოჩნდა. მოგვიანებით გავრცელებულმა ცნობებმა მიუთითა, რომ საუბარი შეიძლება იყოს ისეთი ნივთიერებებზეც, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც საბოლოო დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ჰანდე ერჩელის შემთხვევა განსაკუთრებით აქტიურად განიხილება, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მსახიობია თურქეთში. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მისი შედეგები შეიძლება მედიკამენტურ გამოყენებასთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

  • ჰანდე ერჩელის პირველი კომენტარი ნარკოსკანდალის შემდეგ: "მჯერა, რომ სიტუაცია ძალიან მალე გაირკვევა“ 

hande-ercil

თურქული მედია ამ პროცესს უკვე „ელიტის ნარკო-სკანდალს“ უწოდებს. საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანით, საუბარია ათობით ცნობილ ფიგურაზე, რომელთა ნაწილი უკვე დაკითხვაზე დაიბარეს, ნაწილი კი დროებით დააკავეს. პარალელურად, სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა უფრო ფართო ქსელი, რომელიც ცნობილ ადამიანებს ამარაგებდა.