"ოჯახი ყველაფერია, ოჯახს ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს, რა საკვირველია, ჩემი მშობლების დამსახურებაა. იმ დროში ოჯახს ძალიან დიდ ფასს აძლევდნენ, ახლა ჩქარ-ჩქარა შეუღლდებიან და გაცილდებიან.
მეც გაცილებული ვარ, მაგრამ, იცით, როგორ ვეპოტინებოდი (უნდა ვთქვა ეს სიტყვა)?!
გაგიჟდა კაცი, არასდროს ვიყავი სახლში, ძალიან რთული იყო, ამიტომ თვითონ წავიდა და არა - მე. დიდებული საქციელი ჩაიდინა - ის კი არა, რომ აღარ შეეძლო ჩემთან და მე ვეზარებოდი, არა, სწორედ იმიტომ დამტოვა, რომ მომცა თავისუფლება. მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო", - ამბობს ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ზვიად სირაბიძის საავტორო გადაცემა "პროექციაში”.

როდესაც ქართულ ესტრადაზე, დახვეწილ გემოვნებასა და ნამდვილ არისტოკრატიზმზე ვსაუბრობთ, პირველი სახელი, რომელიც გვახსენდება, ნანი ბრეგვაძეა. ის არ არის მხოლოდ მომღერალი – ის ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც ქართული მუსიკალური კულტურა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ათწლეულების მანძილზე სტილისა და თავდაჭერილობის ეტალონად იქცა.
ნანის მუსიკალური გზა თბილისური ოჯახიდან დაიწყო, სადაც სიმღერა ყოველდღიურობა იყო. პროფესიული აღიარება კი ანსამბლებს – „ორერასა“ და „რეროს“ უკავშირდება. სწორედ მაშინ გაიცნო და შეიყვარა ის არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ. მისი შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ თუ რუსული რომანსები დღემდე მუსიკალური საგანძურის ნაწილია.
ნანი ბრეგვაძე ხშირად საუბრობს ოჯახსა და მის მნიშვნელობაზე - გულწრფელად უსაუბრია მეუღლესა და მასთან ურთიერთობაზეც. ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობიდანვე პოპულარული გოგონა იყო, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, თუმცა ოჯახის რჩევით ცხოვრება მერაბ მამალაძეს დაუკავშირა. ნანი იხსენებდა, რომ მერაბმა თავად გამოიჩინა თავი, ხშირად აკითხავდა, სახლამდე აცილებდა, მის მშობლებსაც მოსწონდათ ახალგაზრდა ბიჭი და დაარწმუნეს, რომ ოჯახი შეექმნა.

ნანი დაჰყვა დედის რჩევას, თუმცა მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში მყოფ მომღერალს პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა - მერაბ მამალაძე ეჭვიანობდა. იყო შემთხვევა, როცა მეუღლეს არჩევანის გაკეთება მოსთხოვა - ან ოჯახი, ან - კარიერა. ნანი მზად იყო დაეთმო კარიერა და შენარჩუნება ოჯახი, თუმცა მოგვიანებით მერაბმა თავად უთხრა მეუღლეს, რომ მას კარიერა უნდა გაეგრძელებინა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
გარემოებებმა კვლავ დააკავშირა ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის ბედი - ისინი შერიგდნენ, თუმცა ყოფითი პრობლემების გამო ვერც მეორედ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება.
ნანისთვის ოჯახი ყოველთვის მთავარი დასაყრდენი იყო. დედა, რომელიც მისი პირველი კრიტიკოსი გახლდათ, და ქალიშვილი, ეკა მამალაძე, რომელთან ერთადაც დღესაც ხშირად ვხედავთ სცენაზე. ბრეგვაძეების ოჯახური ტრადიცია – მუსიკისადმი უპირობო სიყვარული – უკვე მესამე თაობაში, მის შვილიშვილებშიც გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის, ნანი ბრეგვაძე პოპულარობას, სიყვარულსა და პატივისცემას არ კარგავს. ის დღესაც აქტიურია: მონაწილეობს მასშტაბურ პროექტებში, მართავს საღამოებს და რაც მთავარია, კვლავ რჩება ინსპირაციის წყაროდ ყველა თაობისთვის. მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე თუ სცენაზე იმის დასტურია, რომ ნამდვილი ნიჭი და შინაგანი კულტურა დროს არ ექვემდებარება.