შაკირასთვის 2023 წელი ნამდვილი „სეისმური ძვრების“ პერიოდი აღმოჩნდა. ეს სიტყვები თავად მომღერალს ეკუთვნის - მან ეს Billboard-ის დაჯილდოებაზე წარმოთქვა, როცა „წლის ქალის“ ტიტული მიენიჭა. მისმა ემოციურმა მიმართვამ, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულსა და აღმოჩენას ეხებოდა, მსოფლიო აალაპარაკა.

ძიება სხვებში კი არა, საკუთარ თავში
„ჩვენ, ქალები, იმაზე ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია“, - აღნიშნა შაკირამ. მისი თქმით, ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის სხვების ძიებას წყვეტს და საკუთარი თავის ძიებას იწყებს. სწორედ ამ დროს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ნამდვილობის, ავთენტურობის სურვილი ანაცვლებს.
შაკირამ გულწრფელად აღიარა: „როცა თავს ყველაზე მეტად დაკარგულად ვგრძნობდი, მუსიკა დამეხმარა გზა კვლავ საკუთარი თავისკენ მეპოვნა. თუმცა, ყველაზე დიდი გაკვეთილი წელს სხვა ქალებისგან მივიღე“. მან თავისი გამოსვლა დედას მიუძღვნა, რომელიც, მიუხედავად ყველა სირთულისა, მისთვის გამძლეობისა და უპირობო სიყვარულის სიმბოლოდ რჩება.

რას გვირჩევს ფსიქოლოგი?
ფსიქოლოგი პილარ კონდე შაკირას გამოსვლიდან სამ მთავარ აქცენტს გამოყოფს:
- საკუთარი თავის ერთგულება - ექსპერტის თქმით, უმნიშვნელოვანესია ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან. ჩვენი ფიქრები და ქმედებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. შიშები და დაუცველობის განცდა ბოლომდე არასოდეს ქრება, მაგრამ როცა საკუთარ ღირებულებებს ვიცავთ, თვითშეფასებაც იზრდება და საკუთარი ძალების რწმენაც გვიბრუნდება.
- უარი პერფექციონიზმს - ქალების მიმართ საზოგადოებას ხშირად გადაჭარბებული მოლოდინები აქვს, რაც მათ მუდმივი „სრულყოფილებისკენ“ უბიძგებს. პილარი მიიჩნევს, რომ ავთენტურობა სწორედ იქ იწყება, სადაც საკუთარ თავს შეცდომის დაშვების, მარცხისა და „არას“ თქმის უფლებას ვაძლევთ. სხვების განსჯის ნაცვლად, საკუთარ ფასეულობებზე ფოკუსირება სიმშვიდის გარანტიაა.
- მუსიკა, როგორც თერაპია - შაკირასთვის მუსიკა გადარჩენის იარაღია. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ხელოვნება გვეხმარება იმ ემოციების გამოხატვაში, რომლებსაც სიტყვებით ვერ ვამბობთ. მუსიკა გვაძლევს საშუალებას, გადავამუშაოთ ტკივილი, გავთავისუფლდეთ ბრაზისგან და ნეგატიური გამოცდილება პიროვნულ ზრდად ვაქციოთ.
წყარო: hola.com