"ვერასდროს ვეუბნები ალისკას, როდის დაბრუნდება მამა" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ - Marao

"ვერასდროს ვეუბნები ალისკას, როდის დაბრუნდება მამა" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ

2026-04-17 12:09:02+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი იყო. ინტერვიუს ფარგლებში სოფო ნიჟარაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის ოჯახზე, ურთიერთობებზე, შვილსა და პროფესიაზე: 

სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და ელის-მარია სააკაშვილზე:

- მიშას თვეში რამდენიმეჯერ შეუძლია დაურეკოს ალისკას და დაელაპარაკოს. ადრე მიმყავდა და ვაჩვენებდი ხოლმე. ახლა, ლოკაციის შეცვლის გამო, იქ არ მინდა მიყვანა და არც მიშას უნდა ბავშვის დასტრესა. ურეკავს ხოლმე და ხალისობენ ერთად.

ცოტა ხნის წინ ალისკას კბილზე ჰქონდა პრობლემები, ძალიან ეშინია სტომატოლოგის, მიშა ძალიან ართობდა, სწორედ მისი ხათრით წავიდა. ალისკამ იცის, რომ მიშა ისევ საავადმყოფოშია, უბრალოდ მასთან შესვლა არ შეგვიძლია. 

შეიძლება გარედან არ გეტყობოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია. როდესაც ბავშვი უამრავ კითხვას გისვამს, ძალიან რთულია მას უპასუხო. ვერასდროს ვეუბნები ალისკას, როდის დაბრუნდება მამა.

ბავშვს უნდა მოღიმარი და აქტიური დედა. ალისკამ გადამატანინა რთული პერიოდები და სულ ვფიქრობ, აქამდე რას ვაკეთებდი?! 

  • "მიშასთან შეხვედრამ განაპირობა ყველაფერი... მიშასგან 362 წერილი მაქვს შენახული, ეს რაღაც რომანტიკაა" - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

სოფო ნიჟარაძე სწორ კვებასა და თავის მოვლაზე:

- დიეტაზე ვარ ხოლმე. სულ ბოლოს, ვიყავი სპეციალურ კვებაზე, მქონდა პროფესიონალურად შერჩეული  რაციონი სპეციალურად ჩემთვის. ეს ძალიან დამეხმარა წონის კლებაში, წარმოუდგენლად სწრაფად დავიკელი 4 კილოგრამი, შემდეგ, როცა ბევრი აღარ მქონდა დასაკლები, ნელ-ნელა მიდიოდა ეს პროცესი. მას შემდეგ, ვცდილობ, რომ მე თავადაც იმ პრინციპით ვიკვებო, რაც მეხმარება შევინარჩუნო წონა.

სოფო ნიჟარაძე სიმღერასა და კარიერაზე:

- ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია სიმღერა. ვერც წარმომიდგენია, სიმღერა რომ არ შემძლებოდა, სხვას რას გავაკეთებდი, როგორ გადავიტანდი რაღაცებს, როგორ გამოვხატავდი ჩემს თავს. 

ახლა, რაც შვილი მყავს, ჩემს თავთან მარტო ვერ ვრჩები, ხშირად ჩავმჯდარვარ მანქანაში, უბრალოდ მისეირნია და მომისმენია იმ მუსიკისთვის, რაც მაშინ ძალიან ჭირდებოდა. პავაროტი არის ჩემი საყვარელი მომღერალი, ერთადერთია, ვის ხმაზეც მეტირება. 

სოფო ნიჟარაძე ურთიერთობებზე:

- ურთიერთობაში ახალ ადამიანებთან მარტივად შევდივარ, მაგრამ არ ვარ ფამილიარული. რაც წლები მემატება, უფრო მნიშვნელოვანია, რომ კომფორტის ზონა შევიქმნა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ იქ მინდა ყოფნა, სადაც ჩემთვის დიდი კომფორტია. ქვეყანაში ისედაც იმხელა სტრესია, აღარ მინდა ზედმეტი პრობლემები. ამიტომ, მეგობრების წრეც ნელ-ნელა ვიწროვდება. ვირჩევ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც მეტი საერთო მაქვს, საერთო ინტერესები მაქვს, სასაუბრო მაქვს. ძალიან ახლო მეგობრები არასდროს დამიკარგავს, ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის სწორი ადამიანები მყავდა გარშემო და დიდი სამეგობრო მყავს - ბავშვობის მეგობრები, კლასელები, კოლეგები. 

ადამიანები სხვაზე ცუდს მარტივად ამბობენ ისე, რომ არ იციან, აქამდე მოსასვლელად რამდენი შრომა აქვს გაწეული. არ იციან, რამდენი მაქვს გადატანილი, თუნდაც სხვა ქვეყანაში ყოფნისას, როცა ძალიან პატარა ვიყავი, არ მქონდა ბევრი შესაძლებლობა. სხვისთვის შესაფასებლად მარტივია, როცა არ იცი, უკან რა დგას. 

ეს ჩემთვის კარგი მაგალითია, რომ არ განვიკითხო სხვები. სულ მეუბნებიან, ვინმეზე რამეს რომ გაიგებ, იძახი, არ მჯერაო. მე ჩემს თავზე იმდენი მაქვს გადატანილი, იმდენ სისულელეს ამბობდნენ, სულ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, მგონია, რომ სხვებზეც იგონებენ და ამიტომ ვიძახი ხოლმე, რომ არ მჯერა. 

nijaradze

მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე 

"მე ძალიან ვარ ასოცირებული მიშასთან. სოფო, რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ. ვფიქრობ ამ ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე. დღევანდელი გამოსახედიდან არ ვნანობ არაფერს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, იმიტომ, რომ თავის დროზე მქონდა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები ისე მიმეღო. თუ არ ვიფიქრე ან ვიფიქრე ცოტა და დავუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არვინ არსებობს. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე, როგორც მშვიდი ადამიანი, შეცვლით არაფერს არ შევცვლიდი. დღეს მე რომ ვარ ასეთი, მყავს ალისა და რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა მთავარი ადამიანი მყავს და რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლიდი. 

ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მიშაზეც, მაგრამ მე უფრო მეტი კარგი მახსოვს. ეს ის მომენტია, რომელსაც მხოლოდ მასთან ვისაუბრებ და მჯერა, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო მემუარები დავწერო, სადაც აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც გადამივლია. 

  • "მუხლებში ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, სულ ვფიქრობდი რა იყო ეს განცდა…" - სოფო ნიჟარაძე მისი ცხოვრების ყველაზე რთულ ამბავს იხსენებს 

aliska-saakashvili

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 

ამ ურთიერთობაზე ყოველთვის არ შემეძლო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია. მიშას ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. რომ დამთავრდება პატიმრობა, შემდეგ მის ცხოვრებაში ვფიქრობ საინტერესო ეტაპი დაიწყება. შინაგანად განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად.

არ მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ხვალ, რომ მიშა განთავისუფლდეს. ძალიან მინდა, რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის ამას არ იმსახურებს. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს პერიოდი დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მან შეძლო ძალიან ნელი ქვეყნიდან გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან ძალიან ბევრი რამ ჩადო ამ ყველაფერში. საკუთარი შვილივით გაზარდა ეს ქვეყანა, ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი მსგავსად დაფასდა. მომავალში მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გადაფასდება, იმიტომ, რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ და ვხედავ," - ამბობდა სოფო.