თბილისში ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, 57-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძიუდოისტმა ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა და მის კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

"ამ დღეებში ბევრიც მიტირია, განა ტკივილზე ვტიროდი, ვტიროდი იმაზე, რომ შეიძლება, ისე არ წასულიყო ყველაფერი, როგორც მინდოდა. ჩემი მეუღლე ყოველთვის მამხნევებდა, მადლობა მას მოტივაციისთვის.
15 წამი რომ იყო დარჩენილი, პატრიარქს ვთხოვე, ეს გამარჯვება მისთვის მინდოდა, მიმეძღვნა... თითქოს, უსაზღვრო ძალა ვიგრძენი და ისეთი ილეთი გავაკეთე, რომელიც საერთოდ არ დამიმუშავებია", - იხსენებს ეთერ ლიპარტელიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ, კახა მოცარიძესთან გააგრძელა.
"მახსოვს, რვა წლის ასაკში, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი, თუმცა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი. ვუყურებდი სხვადასხვა გამორჩეული ქართველი სპორტსმენის წარმატებებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მე მივაღწევ ამას, ნეტავ, რას იგრძნობს ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ... თუმცა, გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა.
ათი წლის გოგონასთვის რთული იყო მშობლებისა და დედმამიშვილების დატოვება. ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ რაღაც ძალას მაძლევდა და ვცდილობდი, მარტივად შემეხედა. მქონდა მიზნები და მინდოდა, მათი განხორციელება შემძლებოდა. ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და დაბრკოლებების გადალახვასა და ოჯახის მონატრებასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.
მე და ბიძა რუსთავში ვცხოვრობდით და ყოველდღე თბილისში დავდიოდით ვარჯიშებზე. 10 წლის გოგონასთვის ესეც რთული იყო. მარტო ვერ დავდიოდი და ბიძა ყოველდღე დამყვებოდა. მერიდებოდა, რომ მთელ დღეს მე მითმობდა, თავის საქმეს სწყდებოდა. 13 წლის ასაკში, როგორღაც, დავარწმუნე, რომ უკვე შემეძლო რუსთავიდან თბილისში მარტო სიარული. პარალელურად, ვსწავლობდი. სკოლის შემდეგ ბევრჯერ ჭამაც კი ვერ მომისწრია, მაშინვე ვარჯიშზე წავსულვარ. მადლობა ღმერთს, რომ ფუჭად არ ჩაიარა ამ ყველაფერმა და გაწეული შრომა დამიფასდა." - იხსენებს ეთერი.
ლიპარტელიანი ორგზის ოლიმპიელია. მან იასპარეზა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე - როგორც ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში, ისე შერეული გუნდური ტურნირის ფარგლებში. ლიპარტელიანი ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და სამგზის ევროპის ჩემპიონი; მან გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატისა და ევროპული თამაშების შერეულ გუნდურ ტურნირებში, ხოლო 2023 წელს - ევროპის ღია ჩემპიონატში (ქალთა 57 კგ). 2025 წელს ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ეს შეძლო.
ლიპარტელიანი საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალოსანი ძიუდოისტის, სოსო ლიპარტელიანის დისშვილია.
2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ ეთერ ლიპარტელიანს ხელი სთხოვა. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
მოგვიანებით, 2024 წლის ოქტომბერში წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სპორტსმენი წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, 15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი, მანამდე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. თემურიც სპორტსმენია და ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, სიხარულსაც და მარცხსაც, ვფიქრობ, ამასობაში ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. შარშან დავქორწინდით, პირდაპირ ტატამიზე მთხოვა ხელი," - ამბობდა ეთერი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეთერი ამბობდა, რომ ცოლ-ქმარი ერთად ხშირად ვარჯიშობს და მეუღლე ხშირად იმარჯვებს:
„მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი შემახვედრა. თემო თვითონაც სპორტსმენია, ერთად ვჭიდაობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწევთ”, - ამბობდა “თბილისელებთან“ ინტერვიუში ლიპარტელიანი.