თამაშიდან გასული - თავი XVIII - დასასრული - Marao

თამაშიდან გასული - თავი XVIII - დასასრული

2026-04-20 10:50:12+04:00

წინა თავი

ერთი კვირა გავიდა ამ ამბიდან. საქმე კი გავხსენი, მაგრამ მომხდარმა და მისმა შედეგებმა ჩემს სულში ღრმა ჭრილობები დატოვა. ვერა და ვერ მოვალბე ჩემი უფროსის გული. უკვე აზრი არ ჰქონდა არაფრის დამტკიცებას. ჩემს გახსნილ საქმეს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერე რა, თუ აქედან ერთი დანაშაულის ორგანიზატორი, მეორე კი თანამზრახველი იყო? საქმეს არც ლადოს და ნატას ჩვენებებმა უშველა. ცოლიც და ქმარიც ერთხმად ამტკიცებდნენ, ელიზა და ჯონი ყველაფერში გამოტყდნენ, ორივემ მოვისმინეთ, როგორ მოიფიქრეს შანტაჟის გეგმაო, მაგრამ არც ამან გაჭრა.

ამასთან, ამაოდ ვიმეორებდი უკვე მეასაჯერ, რომ ადამიანი, ვინც გაბრო თოდუას მკვლელობის ღამეს პოლიციაში დარეკა, ელიზა იყო. მან შეგნებულად დაიბოხა ხმა, ვითომ სამართალდამცავ ორგანოს მკვლელობის შესახებ არა ქალმა, არამედ მამაკაცმა აცნობა. თანაც, მანამ დარეკა, სანამ მხატვარს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. საქმე იმან გაართულა, რომ სტუდიაში მისულებს იქ ჯერ ლერი დახვდათ, მერე კი აველინა მოვიდა. ამან მათი გეგმები მკვეთრად შეცვალა.

მაგრამ არ მასვენებდა კითხვა _ რაში დასჭირდა ელიზას წინასწარ დარეკვა? ან საერთოდ რა საჭირო იყო დარეკვა? რაც უფრო გვიან აღმოაჩენდნენ ცხედარს, მით უკეთესი არ იქნებოდა მისთვის? ამაზე მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი მქონდა _ მას უნდოდა ჰამლეტი და ჯონი პოლიციას ფაქტზე დაეჭირა, თვითონ კი ამასობაში მიმალვას მოახერხებდა. ამით სივსივაძეს გზიდან ჩამოიცილებდა და თავადაც მშრალად გამოძვრებოდა ამ ამბიდან.

ასე იყო თუ ისე, სიმართლეს უკვე ვეღარასდროს შევიტყობდი, რადგან ელიზა ცოცხლებში აღარ ეწერა.

კიდევ ერთი რამე არ მაძლევდა მოსვენებას. ასე იყო თუ ისე, საქმე გაიხსნა და ზემდგომმა ორგანოებმა ჩემი დაწინაურება გადაწყვიტეს, ხუტა კი სასტიკ უარზე დადგა. ის კი არა, პრემიის გამოწერაზეც კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რატომ? რის გამო მერჩოდა ასე? შემთხვევით, იმის ხომ არ ეშინოდა, რომ რაც უფრო წინ წავიწევდი, მით უფრო ჩავაჩოჩებდი მას?

არც ამ კითხვაზე მქონდა პასუხი და ვერც ვერავინ მიპასუხებდა. ერთადერთი, რაც მან ჩემთვის გამოიმეტა, ერთკვირიანი შვებულება იყო.

***

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსანელებელი მოვინელე, წყენა გადავყლაპე და დასვენებაც გადავწყვიტე. ოღონდ სადმე გამგზავრება არ მიფიქრია. მინდოდა სახლში გამოვკეტილიყავი და ეს ერთი კვირა მარტოობაში გამეტარებინა სასმელთან ერთად. დღეში რამდენიმე ჭიქის გადაკვრა უკვე ისე მექცა ჩვეულებად, ვერაფრით ვერ მოვიშლიდი. სასმელი კონცენტრირებაში მეხმარებოდა. ამიერიდან მშვიდად შემეძლო ფეხი ფეხზე გადამედო, ვისკი მეწრუპა და დეტალურად შემესწავლა ის შეცდომები, რაც გაბრო თოდუას მკვლელობის გახსნისას დავუშვი. მთავარ შეცდომად კი ელიზა ზამბახიძის დაღუპვას მოვიაზრებდი. სიმართლე რომ ვთქვა, დამენანა. მასთან მხოლოდ ერთი ღამე გავატარე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ზღაპრული. ცოცხალი რომ დარჩენილიყო, სასჯელს მოიხდიდა და, ასე თუ ისე, ცხოვრებას გააგრძელებდა. ჩემმა შეცდომამ კი მისი სიცოცხლე შეიწირა. უფრო მეტი სიფხიზლე უნდა გამომეჩინა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჯონი სივისივაძის სახით სერიოზულ დამნაშავესთან მქონდა საქმე. ეს ვერ გავთვალე, რასაც ალბათ დიდხანს ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს.

***

შაბათი საღამო იყო. უიტნი ჰიუსტონის დისკი ჩავრთე, სავარძელში მოვკალათდი, ვისკის ბოთლი გვერდით მოვიდგი და იმაზე დავიწყე ფიქრი, რას აკეთებდნენ ჩემნაირი მარტოსული მამაკაცები ახლა, ამწუთას. ალბათ იმავეს, რასაც ახლა მე.

“და მე ყოველთვის მეყვარები” _ ჩემს სმენამდე უიტნის ხმა აღწევდა, მე კი იმაზე ვფიქრობდი, ალბათ რამხელა ბედნიერებაა, მისნაირ ქალს რომ ჩემნაირი მამაკაცი ჰყვარებოდა.

დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ყურებს არ დავუჯერე. ვის გავახსენდი? მთელი კვირის განმავლობაში, რაც ხუტამ შვებულება გამომიწერა და სამსახურიდან წამოვედი, არავინ შემხმიანებია, ჩემი ყოფილი ცოლის გარდა, რომელმაც მომიკითხა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ საქმე გავხსენი და დამნაშავეებს მივაგენი. ხუთი წუთიც არ გვისაუბრია. გამარჯობა, მადლობა და ნახვამდის _ სულ ეს იყო ჩვენი საუბრის თემა. არც მოკითხვა, არც პირადი ცხოვრებით დაინტერესება _ არაფერი, სულ არაფერი!

მე კი მასზე ფიქრი ბოლო დროს ისედაც აკვიატებული მქონდა და ამ ზარის მერე უარესად მომეძალა, თუმცა მასთან თავიდან დაახლოება არც მიფიქრია. არ მქონდა იმის იმედი, რომ ამაზე წამომყვებოდა, ტყუილად თავის “გაბანძება” კი სულაც არ მხიბლავდა. სწორედ ამიტომ, როცა ვახტანგ ხინთიბიძემ დამირეკა და მადლიერების ნიშნად სტუმრად მიმიპატიჟა, თავაზიანი უარი ვუთხარი. იმ ვახშამზე ხომ ანოც იქნებოდა. მისი ერთი ირიბი მზერა ან გულგრილი გამოხედვა ბოლოს მომიღებდა. ძლივს დავიამე მისგან მოყენებული ტკივილი, რისთვისაც წლები დამჭირდა. ხელმეორედ მის გადატანას ვეღარ შევძლებდი და ალბათ სასმელში ჩავიხრჩობოდი.

…ზარი ისევ განმეორდა. ზანტად წამოვიმართე და ჰოლში გავედი. როგორც სხვა დროს, სათვალთვალოში არც ახლა გამიხედავს, ეს ჩვევად არასდროს მქონია. გასაღები გადავატრიალე, კარი გამოვაღე და სადარბაზოში გავიხედე. უცებ გონს ვერ მოვედი. თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ რომელიღაც ქერათმიანს გავახსენდი, რომელთანაც ერთ დროს ერთღამიანი რომანი მქონია-მეთქი, მაგრამ რა შუაში იყო ვეებერთელა გორგოლაჭებიანი ჩემოდანი, რომელიც გვერდით ედგა? არა, ეს არ იყო მოლანდება. არც ვიღაც ქერათმიანი იყო, რომელთანაც ერთ დროს ერთღამიანი რომანი მქონია. ეს ანო იყო, ანა ასათიანი, ჩემი ყოფილი მეუღლე. მან ორაზროვნად გამიღიმა და თავის ჩემოდნიანად ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესრიალდა ოთახში. არც გამარჯობა, არც ნახვამდის _ უსიტყვოდ, უთქმელად, თითქოს დილით გავიდა სახლიდან და საღამოს დაბრუნდა.

სმისგან მოლანდებები ხომ არ დამეწყო? თეთრმა ცხელებამ ხომ არ შემომიტია?

კარი სწრაფად დავკეტე და როცა სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, ის მართლა იჯდა დივანზე, ფეხებთან კი თავისივე ჩემოდანი მიეგორებინა. გრძელი ქერა თმა მხრებამდე სცემდა. ამწუთას სულაც არ ჰგავდა იმ ანოს, აუზში მოცურავე რომ ვიხილე. არც აუზიდან ამოსულ ანოს ჰგავდა ეს ანო. ჩემ წინ ნამდვილი ლედი იჯდა, საგანგებოდ გამოპრანჭული, იდეალურად მოვლილი და მოცინარი. მოკლე კაბა ეცვა, მუხლს ზემოთ საკმარისად ამხტარი, ხელები კალთაში ჩაეწყო და მოლოდინით სავსე მზერით მომჩერებოდა.

_ საღამო მშვიდობისა, ედი! _ მხიარულად მომესალმა.

_ გაუმარჯოს ანა ასათიანს, _ მეც მივესალმე და დივანზე მის გვერდით ჩამოვჯექი, _ რას მივაწეროთ შენი გამოჩენა? რა ამბებია შენს თავს? არ მითხრა, რომ ხინთიბიძემ სახლიდან დაგითხოვა.

ამის გაგონებაზე სიცილი აუტყდა.

_ რატომ, გამოგდებულს მიგავს რამე? _ ხელები გაშალა და თავის კალთას დახედა.

_ რა ვიცი, აბა, დავიჯერო, ჩემს მოსასალმებლად ამხელა ჩემოდნით წამოხვედი? შეგეძლო დაგერეკა და უფრო იოლად მოგეგვარებინა ეს საქმე.

_ სიგარეტს ვერ მომაწევინებ?

წარბები ავწკიპე. სანამ ჩემი ცოლი იყო, ის არ ეწეოდა. როგორც ჩანს, ელიტურმა ცხოვრებამ თავისი გაიტანა და “მსხვერპლზე წავიდა”.

არ შევიმჩნიე, რომ გამიკვირდა.

_ რა თქმა უნდა, _ მივუგე და კოლოფი მივაწოდე.

როცა ერთი ღერი ამოიღო, სანთებელას გავკარი და მოვაკიდებინე.

_ გმადლობ, _ თქვა მან და რამდენიმე ენერგიული ნაფაზი დაარტყა, _ ედი, გაგიკვირდა ჩემი გამოჩენა?

_ ამაზე უფრო ვერაფერი გამაკვირვებდა, _ ვაღიარე.

_ გასაგებია, რომ გაგიკვირდა, მაგრამ ცოტათი მაინც თუ გაგიხარდა?

_ ამას ჯერ ვერ ვგრძნობ, სიმართლე გითხრა. იმდენად დიდია შენი დანახვით გამოწვეული გაკვირვება, რომ სიხარულისთვის ადგილი აღარ დარჩა.

_ სიყვარულისთვის?

გული შემიტოკდა. რას მთავაზობს? შერიგება გადაწყვიტა? იქნებ ამიტომაც მომადგა ჩემოდნით?

რა მეპასუხა? სიმართლე? რა თქმა უნდა. ჩემი პროფესიის სლოგანი ხომ სწორედ ეს არის _ სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!

_ არ ვიცი, ანო. როცა ამისთვის მზად ვიყავი, შენ გვერდი ამიარე და მშრალზე დამტოვე. ახლა რა გარანტია მაქვს, რომ იგივე არ მემუქრება?

_ არ გემუქრება, დამიჯერე.

ეჭვი წარბების მორკალვით გამოვხატე.

_ ნუ მიყურებ ასე. იმ დღის მერე, ჩემთან რომ მოხვედი, საშინლად ავფორიაქდი. სულ შენზე მეფიქრებოდა. ვიგრძენი, რომ შენში ჩემი სიყვარული არ განელებულა. იმაზეც ვფიქრობდი, რომ სრულიად დაუმსახურებლად გატკინე გული. ჩემი ძმის დაღუპვა შენი ბრალი არ ყოფილა. ეს იმთავითვე ვიცოდი, მაგრამ ისე მინდოდა ვიღაც დამედანაშაულებინა მის სიკვდილში, რომ სხვა, უკეთესი კანდიდატი ვერ მოვნახე. მერე კი მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ არ გავტყდი და ჩვენი სიყვარული ჩემს სიჯიუტეს და შენთან ჯიბრს გადავაყოლე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ კვლავ რომ გნახე, შევყოყმანდი, იქნებ განგების ნებაა ეს ყველაფერი-მეთქი. რამდენიმე დღის წინ ბიძაჩემს ველაპარაკე. შენზე მოვუყევი. არ იცოდა, ჩვენ ოდესღაც ცოლ-ქმარი თუ ვიყავით. არ იცი, როგორ გაუხარდა. გაქო და გაქო, ბრწყინვალე ბიჭიაო. მერე ვახშამზე დაგპატიჟა, შენ კი უარი უთხარი. წუხელ მითხრა, აჯობებს, წახვიდე მასთან, ყველაფრისთვის ბოდიში მოუხადო და შეურიგდეო. მეც დავყევი მის რჩევას და აი, შენთან ვარ ჩემი ბარგი-ბარხანით. მას შემდეგ, რაც შენ დაგშორდი, მხოლოდ ერთხელ მყავდა საყვარელი, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან ვერ შევიყვარე. მას მერე არც არავინ მყოლია და არც არავინ მყვარებია. კიდევ ერთი შეცდომა, რაც დავუშვი, ის პორტრეტია, გოთუამ რომ შიშველი დამხატა. თუ მზად ხარ, ეს ცოდვები მაპატიო, შენთან ვრჩები, თუ არადა, სპეციალურად წამოვიღე ერთი ჩემოდანი, თანაც მსუბუქი, რომ უკან გაბრუნების შემთხვევაში მძიმე ტვირთის ტარება არ გამჭირვებ… _ წინადადების დამთავრება არ ვაცალე, ხელი მოვხვიე და ტუჩებში ვეძგერე. რა დროს შეცდომებზე იყო საუბარი, როცა ჩემი საყვარელი ანო დამიბრუნდა! ან რაში მჭირდებოდა მისი ბოდიში, როცა სანატრელ წარსულს მიბრუნებდა თავისი გამოჩენით!

არ ვჩქარობდი. არ მინდოდა აჩქარებით საქმე გამეფუჭებინა. ძალიან, ძალიან ნაზად ვკოცნიდი და ვეფერებოდი.

მერე მხრებში ჩავავლე ხელები და თვალებში ჩავხედე. მონატრებით აჭრელებოდა მზერა! მე მას ვუყვარდი და ამაში არ ვტყუვდებოდი.

_ მიხარია, რომ დამიბრუნდი, _ დავიჩურჩულე და ნერწყვი შეუმჩნევლად გადავაგორე.

_ მეც, _ ჩურჩულითვე მიპასუხა და ტუჩის კუთხეში მეამბორა.

სიამოვნებისგან თვალები მიმეხუჭა.

_ ერთი ეს მითხარი, _ უეცრად გამოცოცხლდა. მივხვდი, ბუნებრივი სიტუაციის შექმნა სურდა, _ როცა იმ ღამეს სროლა ატყდა, შენ რას აკეთებდი?

_ ჩემს სიახლოვეს მდგარი ქალის ზურგს უკან ვიმალებოდი, _ გავიხუმრე.

_ ასეც ვიცოდი. ამიტომ თუ გინდა ეს გაპატიო, საძინებელში გადავინაცვლოთ. ამ დივანზე შენს სათანადოდ დასჯას ვერ მოვახერხებ, ზედმეტად ვიწროა, _ ვნებიანად მიჩურჩულა ჩემს ყელში სახეჩამალულმა და ჩამეხუტა.

ეგრევე ავიტაცე ხელში. რამდენი წელია, ასეთი სასიამოვნო ტვირთი არ მიტარებია…

ჩემი მარტოსულობა სრულიად გააქრო მისმა გამოჩენამ. ხვალიდან ახალი ცხოვრება მელოდა, რადგან მარტოობის 13 წელიწადი დასრულდა.

დასასრული