მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს:
"დამძიმდა წუთისოფელი. დამძიმდა ჩვენი ნეგატივით, უსიყვარულობით, გაუტანლობით, უპატიებლობით, უსამართლობით, ულმობლობით... ნუ ჩავყვებით უუუუ-ს... ამოვძვრეთ, ამოვფორთხდეთ, ამოვბობღდეთ ერთმანეთის პატიებით, შენდობით, ხელის გაწვდენით, გვერდში დგომით, გამოფხიზლებით, გააზრებითა და სიყვარულით. სხვა გზა, საკუთარი თავისა და სამყაროს გადარჩენის, არ არსებობს!
მიყვარხართ ყველა: ცილისმწამებლებო, მლანძღველებო, მაქებლებო, მადიდებლებო, კეთილებო, განმკითხველებო. თქვენ ყველა ჩემი უძვირფასესი გამოცდილება ხართ", - წერს თეა დარჩია.

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ.
"როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.
ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.
თეა დარჩიას მეუღლე კამერებთან თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა თავად თეა ოჯახური ცხოვრების შესახებ ხშირად საუბრობს:
"მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი." - ამბობდა თეა.