დიდი ოჯახური დინასტიის კიდევ ერთი სახე: ნატა მურვანიძე და მისი ქალიშვილი, მანუ თავაძე ოჯახზე, ურთიერთობებსა და სირთულეებზე - Marao

დიდი ოჯახური დინასტიის კიდევ ერთი სახე: ნატა მურვანიძე და მისი ქალიშვილი, მანუ თავაძე ოჯახზე, ურთიერთობებსა და სირთულეებზე

2026-04-22 13:08:20+04:00

მსახიობი ნატა მურვანიძე შვილთან, ასევე მსახიობ მანუ თავაძესთან ერთად ანა ტყებუჩავას გადაცემის, "V ელემენტის" სტუმარი იყო. დედა-შვილმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ოჯახზე, ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე... 

  • "მე ბავშვობაში გავთხოვდი, 19 წლის ვიყავი, სამი წლის შემდეგ ნიკას დავშორდი" - ნატა მურვანიძის ამბავი სიყვარულზე, 2 შვილი და დიდი ოჯახი 

ნატა მურვანიძისა და მანუ თავაძის ინტერვიუ

ნატა მურვანიძე: 19 წლის ვიყავი, დათა რომ გავაჩინე. გარდა იმისა, რომ დედა ძალიან მეხმარებოდა, რეპეტიციებზეც და ლექციებზეც დამყავდა. ძალიან შეკრული ჯგუფი ვიყავით და ყველა მეხმარებოდა. დათა სათამაშოს მსგავსი იყო და ასე ვერთობოდით. მანუს დროს კი უკვე დასრულებული მქონდა სწავლა. 

მანუსა და დათას შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა, რომ, ფაქტობრივად, ორჯერ პირველად გავხდი დედა.19 წლის ასაკში დედობას ისევე ველოდი, როგორც 32. გოგოები ხომ დაოჯახებაზე ოცნებობენ, მე არასდროს მიოცნებია, არ მიფიქრია, რომ გათხოვების შედეგად გყავდეს შვილი, მაგრამ შვილი ყოველთვის მინდოდა.

data-da-manu-tavadze
ფოტოზე: დათა და მანუ თავაძეები

მანუ თავაძე: ნატა საერთოდ არ არის მკაცრი დედა, არასდროს არცერთი მომენტი არ მახსენდება, რომ რამეზე მკაცრად ეთქვას შენიშვნა ან რაღაც აეკრძალოს. სკოლის პერიოდშიც, როდესაც ჩემი კლასელები ნიშნებზე ნერვიულობდნენ, მაგ ასაკშიც არასდროს არ მქონია ნერვიულობის და შიშის მომენტი. ვხედავდი, რომ მას ასეთი სისულელეები არ აინტერესებდა, უფრო სხვა რაღაცებს აკვირდებოდა. უფრო მეგობრები ვართ. 

  • "რაღაც ასაკში ხდება ის, რომ რაც ბუნებამ მოგცა - მიდის, იფცქვნები და რჩები ის, რაც ხარ" - ნატა მურვანიძის სილამაზის საიდუმლო 

ძალიან ხშირად დავყვებოდი სპექტაკლებზე, კულისებში ვიყავი, მამაჩემსაც დავყვებოდი და ეს ყველაფერი სიამოვნება იყო. ძალიან მიყვარდა კულისებში ყოფნა. ხშირად იყო მომენტი, რომ არ იყვნენ სახლში, მაგრამ მე არასდროს მიგრძნია ეს დანაკლისი, უფრო მიხაროდა სახლში, რომ ბრუნდებოდნენ და ბევრად სასიამოვნო იყო, რომ ჩემი თავისთვისაც მქონდა დრო. 

ჩემს მშობლებს არ უნდოდათ მსახიობი ვყოფილიყავი. ისე მოხდა, რომ ქორეოგრაფიულზე აღარ მომინდა ჩაბარება და ჩაბარების დრო რომ დგებოდა, გამოვაცხადე, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება. უარზე არ იყვნენ, მაგრამ იქნებ რაიმეს სხვა გეცადაო. უფრო კითხვის ნიშნები იყო.

მანუ თავაძის ბრძოლა კვებით აშლილობასთან

მანუმ გადაცემის ფარგლებში მის ჯანმრთელობის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც კვებით აშლილობას უკავშირდებოდა:

"ძირითადად, ამაზე საზოგადოების მხრიდან თავსმოხვეულმა აზრებმა იქონია გავლენა. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ჭარბობს შეხედულება, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას იდეალური გარეგნობა უნდა გვქონდეს, რათა მიმზიდველები ან საინტერესოები გამოვჩნდეთ.

დღესაც რომ ვუყურებ, გარდატეხის ასაკში კვებითი აშლილობა ეპიდემიასავით არის მოდებული და გარკვეული კუთხით გადამდებიცაა. სოციალურ ქსელებში ძალიან საშიში ველები არსებობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ როგორ იყენებენ მოზარდები ამ პლატფორმებს. არსებობს საშინელი გვერდები, სადაც, პირიქით, წახალისებულია კვებითი აშლილობა, რაც ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ჩემს შემთხვევაში ბევრმა რამემ იმოქმედა ერთად. მათ შორის იმანაც, რომ საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა სურვილი, ვყოფილიყავი გამხდარი, რადგან იქ კონკრეტული სტანდარტები არსებობს.

რეალურად, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ერთ-ერთი მიზეზის გამო არ ჩავაბარე - არ მინდოდა მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა. ბებიაჩემმა, მაკამ, მითხრა: „პირველ რიგში, უნდა გაწამდე, რომ მაგ სტანდარტებში ჩაჯდე, მთელი ცხოვრება დიეტებზე უნდა იყო და ყოველდღე ივარჯიშო“.

გარდატეხის ასაკში, როცა ორგანიზმში ისედაც დიდი ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, საკუთარი თავისთვის რაღაცების დაძალება შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ამიტომაც აღარ ჩავაბარე, თუმცა, მოგვიანებით ეს უარყოფითი ფიქრები მაინც შემომეპარა.

ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს: პანდემიის დროინდელი ჩაკეტილობა, სკოლის დამთავრების პერიოდი. სკოლა ისე დავასრულე, რომ ვერც აღნიშვნა შევძელით და ვერც "ბოლო ზარი" გვქონდა. ვერ ვხვდებოდი, რა ფაზაში ვიყავი - რაღაც დავამთავრე თუ ახალს ვიწყებდი? თითქოს არაფერზე მქონდა კონტროლი და ერთადერთი რამ, რისი გაკონტროლებაც და რაშიც წარმატების მიღწევა შემეძლო, ჩემი გარეგნობა და წონა იყო. სწორედ ამაში ვიპოვე გზა, რასაც შემდეგ ძალიან რთული შედეგები მოჰყვა. ამას დაემატა კოვიდიც - გემო და ყნოსვა დავკარგე, რამაც საკვების მიმართ უცნაური და რთული დამოკიდებულება გამიჩინა.

კვებითი აშლილობა ისეთი რამაა, რაც საწყის ეტაპზე სხვებისთვის, მათ შორის ოჯახის წევრებისთვისაც, რთულად შესამჩნევია. თავიდან საკვების მიმართ კონკრეტული მიდგომები გამიჩნდა, ვირჩევდი მხოლოდ დაბალკალორიულ პროდუქტებს. ამ დროს შეიძლება გარშემომყოფებმა იფიქრონ, რომ ბავშვი უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგა ან ვეგეტარიანელი გახდა. თუმცა, მოგვიანებით იწყება ფიზიკური სიმპტომები: ციკლის დაკარგვა, მუდმივი სიცივის შეგრძნება, კანის გამოშრობა და თმის ცვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა, ვცდილობდი ეს ყველაფერი დამემალა. როცა კითხვებს მისვამდნენ, ყოველთვის გავურბოდი პასუხს და ვიტყუებოდი - ყველაფერს კოვიდის შემდგომ გემოსა და ყნოსვის დაკარგვას ვაბრალებდი. გარკვეულ მომენტამდე ეს ამართლებდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საბოლოოდ კლინიკაში დაწოლა დამჭირდა.

გამიმართლა, რომ ძალიან კარგმა ექიმებმა ჩემში დიდი ძალისხმევა ჩადეს. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს კვებითი აშლილობის სპეციალიზებული კლინიკა, რაც დიდი პრობლემაა მაშინ, როცა ქვეყანაში მსგავსი ეპიდემიური ფონია და ეს პრობლემა თითქმის ყველა გოგონას აწუხებს.

მსოფლიოში ეს თემა ისე არ არის ტაბუირებული, როგორც ჩვენთან. როცა ამ პროცესს გავდიოდი, ამაზე არავინ ლაპარაკობდა. მე კი ძალიან მჭირდებოდა ვინმე, ვინც საკუთარ გამოცდილებას გამიზიარებდა; ვინმე ხელშესახები, ვისაც ვკითხავდი, როგორ გაიარა ეს გზა გამოჯანმრთელებამდე. ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, როცა რეაბილიტაციას დავასრულებდი, ამ თემაზე ხმამაღლა მელაპარაკა.

გარეგნობაზე მუდმივი კომენტარები, კითხვები და საზოგადოებრივი წნეხი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყო, ადამიანს აიძულებს ეძებოს გზები სხვებისთვის მისაღები გახდეს. შესაძლოა, ჩემს შემთხვევაში ეს ერთ კონკრეტულ კომენტარს არ გამოუწვევია, მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომ სხვის გარეგნობაზე საუბარი კომუნიკაციის ნაწილია, ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. დიაგნოზი, რომელიც მე მქონდა - ნერვული ანორექსია - სწორედ ასეთია. ნებისმიერ ინფორმაციასა თუ წიგნში ამოიკითხავთ, რომ თუ დროულად არ მოხდა გამოჯანმრთელების პროცესის დაწყება, ეს მდგომარეობა ფატალურად სრულდება", - ამბობს მანუ.

manu-tavadze

ამასთან დაკავშირებით ნატა მურვანიძემაც ისაუბრა, მისი თქმით ეს მანუსთვის კარგი გამოცდილება იყო, რომ სირთულეებს გამკლავებოდა.

"ადრეც ვთქვი, რომ არსებობს რაღაცები, რასაც, როგორც მშობელი, ვინანებ; ისეთი დეტალები, რომლებიც გამეპარა და შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო. თუმცა, რადგან დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, ვფიქრობ, იქნებ ეს გამოცდილება საჭიროც იყო მანუსთვის, რომ რაღაც ისეთს გამკლავებოდა, რაც მის ცხოვრებას სამომავლოდ უკეთესობისკენ წარმართავს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სჯობს, ეს არავის დაემართოს. ეს მეტად სახიფათო მდგომარეობაა და წინასწარ არასოდეს იცი, შეძლებ თუ არა მასთან გამკლავებას

ჩემი პრობლემა ის იყო, რომ საგანგაშო ნიშნები ვერ დავინახე. ჯერ იყო ბრეკეტები, რის გამოც ცოტა დაიკლო; მერე - გარდატეხის ასაკი. როდესაც წონაში მოიკლო, კომპლიმენტებსაც კი ვეუბნებოდით. პირველად მაკამ  შენიშნა საფრთხე. თქვა, რომ კვების პროცესმა რაღაც რიტუალური, უცნაური ფორმა მიიღო, მაგრამ მე ეს არ მივიღე, მეგონა, უბრალოდ ისე ჭამდა, როგორც უნდოდა.

მახსოვს, მანუმ ტესტიც კი გააკეთა და მითხრა: "მგონი, ანორექსია მაქვსო". მაშინაც სისულელედ მივიჩნიე. ჩვენ ხომ სულ ასეთ რეჟიმში ვართ, ფორმის შესანარჩუნებლად ხან ხაჭაპურზე ვამბობთ უარს, ხან ცომეულზე. მეგონა, ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების წესი იყო და არა დაავადება. მერე პანდემია დაემთხვა, ზამთარი იყო, თბილად გვეცვა და სახლში პლედებში გახვეულებს, ვიზუალურად ვერაფერი შევამჩნიე. ჩემი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ თავიდანვე არ დავუჯერე მაკას.

არ ვიცი, ყველას თავისი ინდივიდუალური გზა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგეთ დროს უნდა ერთ ხაზზე დადგე და ენდო ექიმებს. კარგი მშობლობა, ჩემი აზრით, არის ეს, რომ რაც არ იცი, იქ არ ჩაერიო, რაც არ უნდა ვთქვათ ისეთი ხარისხის იყოს... ჩვენ კი მართლა სასწაული ექიმების ხელში აღმოვჩნდით, მაგრამ იმანაც, არც თუ ისე კარგმაც შენზე მეტი იცის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისმცოდნეობის ზონიდან უნდა გავიდეთ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას..." - ამბობს ნატა მურვანიძე