ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, გიო ხუციშვილის მეუღლე, მუსიკოსი და კომპოზიტორი მაია ჯორჯაძე "რუსთავის 2"-ის გადაცემის, "დილა მშვიდობისა საქართველოს" სტუმარი იყო. მაია ჯორჯაძემ მაყურებელს უფრო ახლოს გააცნო ოჯახი, კამერების წინ კი განსაკუთრებული ყურადღება მისმა შვილიშვილმა, ზუკა ხუციშვილის ვაჟმა, უმცროსმა გიო ხუციშვილმა დაიმსახურა.
„ოჯახი ადამიანისთვის ყველაფერია. ძალიან ძნელია, როცა მარტო დარჩები, როცა ქმარი აღარ გყავს, მაგრამ არა უშავს.
ყოველ წუთს ფიქრობ: „ის რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი შვილი და ანგელოზი შვილიშვილი მყავს, ამით ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან მწყდება გული, რომ ბაბუამისი ვერ მოესწრო, ალბათ, ერთი წუთით არ გაუშვებდა არსად“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.
მაია ჯორჯაძის ცხოვრების მთავარი გმირი ახლა პატარა გიო ხუციშვილია, რომელმაც ოჯახის ცხოვრება და დღის წესრიგი სრულიად შეცვალა:
„გიოს სულ ჰქონდა ოცნება, რომ ზუკას შვილს მოსწრებოდა. პატარა გიო ჩემთან კვირაში 2-3 დღეს ატარებს. დილით მოჰყავთ და მთელ დღეს ერთად ვართ. გულისფანცქალით ველოდები ხოლმე, მიხარია მასთან ყოფნა. ისეთი ცელქია, ერთი წუთი ვერ დატოვებ მარტოს. ყველაზე მეტად უყვარს გართობა, სიცილი, ზღაპრები, სიმღერა - სულ მღერის, ნიჭი აქვს. გიოს დაბადებამ საერთოდ ყველაფერი შეცვალა - ეს დიდი სიხარული და სიყვარულია“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.

გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).
მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.

2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიო ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი, ნოდარიკო და ელენე ხუციშვილები შეეძინა, ხოლო მეორე ქორწინებაში მას და მაია ჯორჯაძეს ერთი ვაჟი, ზუკა ხუციშვილი ჰყავთ.
მამის გზა აირჩიეს ნოდარიკომ და ზუკამაც - ისინი ხელოვნების სფეროში საქმიანობენ - ორივე მათგანი მუსიკოსია. ეკრანებზე ნაკლებად ჩანს ელენე ხუციშვილი, თუმცა მას მამასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე არაერთხელ უსაუბრია:

"მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა. დილით, როგორც კი ვიღვიძებდით, ერთმანეთს ვურეკავდით და დღის დაგეგმვას ვიწყებდით. ერთმანეთს ვუზიარებდით, რომელს რა გეგმა გვქონდა.
დღის განმავლობაში 10-15-ჯერ მაინც მირეკავდა. დარეკავდა და იცინოდა, კი, გელაპარაკე 20 წუთის წინ, მაგრამ მაინც გირეკავო. მეკითხებოდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. ეს ხდებოდა გაუჩერებლად დღის განმავლობაში. სხვებისგან განსხვავებით, ეს არ მაღიზიანებდა, პირიქით, მომწონდა, ხშირად რომ რეკავდა".