სერგო ფარაჯანოვის 1968 წლის ფილმის „ბროწუელის ფერი“ გამოსვლიდან 55 წლის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელი კვლავ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში.
2023 წელს გავლენიანმა გამოცემამ Far Out Magazine გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ყველა დროის 10 ყველაზე შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე ფილმი“, გარეკანზე კი სწორედ ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის პორტრეტია ფილმიდან „ბორეწულის ფერი“.

სტატიის ავტორი, ემი ფერიე გვიყვება, რომ ფილმის ყურება, პირველ რიგში, ვიზუალური გამოცდილებაა. მაშინაც კი, თუ სიუჟეტი ან თემატიკა დიდად არ გვიზიდავს, ხარისხიან ვიზუალს ჩვენი ყურადღების შენარჩუნება მაინც შეუძლია. პატარა ბავშვებივით, ჩვენც გვაჯადოებს მკვეთრი ფერები, დახვეწილი კოსტიუმები თუ დეკორაციები - ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად გვითრევს, რომ ფილმი იმაზე უკეთესიც კი გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.
ხშირად დავობენ იმაზე, რომ ზოგიერთი რეჟისორი სტილს შინაარსზე მაღლა აყენებს, რის გამოც სიუჟეტი ზედაპირული ხდება, პერსონაჟები კი - ნაკლებად განვითარებული. თუმცა, ხანდახან ფილმები, სადაც სტილი ჭარბობს შინაარსს, მაინც ფანტასტიკურია, რადგან საშუალებას გვაძლევს სრულიად ჩავიძიროთ იმ აბსტრაქტულ ატმოსფეროში, რომელსაც თვალისმომჭრელი კადრები ქმნის.
მაგრამ, როდესაც სტილი და შინაარსი ერთმანეთს ერწყმის, მაყურებელი ნამდვილ სიამოვნებას იღებს. ზედმიწევნით დამუშავებული ვიზუალური მხარის წყალობით, რეჟისორები გვეხმარებიან, სრულად ჩავეფლოთ მათ მიერ შექმნილ სამყაროში და უფრო მძაფრად აღვიქვათ ფილმის ძირითადი სათქმელი.
დაწყებული დარიო არჯენტოს მკვეთრფეროვანი „სუსპირიათი“, დამთავრებული სტენლი კუბრიკის კოსმოსური ეპოსით „2001: კოსმოსური ოდისეა“, ემი ფერიე გვთავაზობს ათ ფილმს, რომლებიც გამორჩეული ვიზუალით დაგამახსოვრებთ თავს.
ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ ფილმებს, როგორებიცაა:
ეს სია ვერ იქნება სრულყოფილი სტენლი კუბრიკის ეპოქალური შედევრის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ფილმი ტექნოლოგიურ პროგრესსა და კაცობრიობაზე, ეს ნამდვილი ვიზუალური ნადიმია. რეჟისორმა დიზაინერების მთელი გუნდი დაიქირავა, რათა კოსმოსი მაქსიმალურად რეალისტურად გამოჩენილიყო (სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული თეორია, თითქოს კუბრიკმა მთვარეზე დაჯდომის კადრები გააყალბა).
გარდა კოსმოსის შთამბეჭდავი ხედებისა, რეტრო-ფუტურისტული ინტერიერები და ფინალური ნეოკლასიკური ოთახი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. რა თქმა უნდა, ფილმის ვიზუალური კულმინაცია კოსმოსური, ჰალუცინოგენური სინათლის გვირაბის სცენაა, რომელიც დღემდე სუნთქვისშემკვრელად გამოიყურება.

„წმინდა მთა“ უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური სიურრეალისტური ნამუშევარია. ალეხანდრო ხოდოროვსკიმ არა მხოლოდ დაწერა და გადაიღო ეს ფილმი (სადაც მთავარ როლსაც თავად ასრულებს), არამედ საკუთარი წვლილი შეიტანა მუსიკაში, პროდიუსირებაში, მონტაჟში, კოსტიუმებისა და დეკორაციების დიზაინშიც კი. მას სურდა მაქსიმალური კონტროლი და შედეგიც ისეთია, რომ კითხვებს აღარ ტოვებს.
ფილმის ყოველი კადრი იდეალურადაა კომპოზიციურად აგებული, ხშირად გამოყენებულია სრულყოფილი სიმეტრია და მკვეთრი, ძირითადი ფერები. ხოდოროვსკის ჰქონდა ძალიან მკაფიო ხედვა და მან ეს ხედვა ეკრანზე სრულყოფილად გადაიტანა.
დენი ვილნიოვის 2017 წლის სიკველმა სრულიად ლოგიკურად დაიმსახურა ორი „ოსკარი“: საუკეთესო ოპერატურისა და ვიზუალური ეფექტებისთვის. კრიტიკოსებმა ფილმი ბევრი რამის გამო შეაქეს, მაგრამ ვიზუალური მხარე მისი ყველაზე განხილვადი აქტივი იყო. ვილნიოვმა ოპერატორ როჯერ დიკინსს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა.
დისტოპია აქ წარმოჩენილია როგორც საოცრად ლამაზი, მაგრამ ამავე დროს ცივი და ტექნოლოგიებით დათრგუნული სამყარო. ფართო პანორამები, ნარინჯისფერი ტონები და გიგანტური ურბანული პეიზაჟები იდეალურად გადმოსცემს ამ სამყაროს სიმარტოვესა და მასშტაბებს.
ჯეიმს სტიუარტი და კიმ ნოვაკი მონაწილეობენ ალფრედ ჰიჩკოკის 1958 წლის ფსიქოლოგიურ თრილერში, რომელიც აკვიატებული იდეების (ობსესიის) გენიალური კვლევაა. მას შემდეგ, რაც მთავარ გმირს სიმაღლის შიში და თავბრუსხვევა განუვითარდება, ის პენსიაზე გადის, თუმცა მალე ახალ საქმეში აღმოჩნდება ჩათრეული.
მოვლენების განვითარებასთან ერთად, ფილმი უფრო და უფრო დამაბნეველი ხდება, რასაც შესაბამისი ვიზუალიც ერთვის. დაწყებული ტიტრების თანმიმდევრობით (სადაც კინოისტორიაში პირველად იქნა გამოყენებული კომპიუტერული ანიმაცია), დამთავრებული მწვანე და წითელ შუქებში ჩაძირული სცენებით, „თავბრუსხვევა“ ნამდვილი შედევრია.
ორი შესანიშნავი ფილმის, „მკის დღეებისა“ და „ცუდი მიწების“ შემდეგ, ტერენს მალიკმა კინო 20 წლით მიატოვა. დაბრუნების შემდეგ მას არაერთი ვიზუალური შედევრი შეუქმნია, თუმცა „ცხოვრების ხე“ მაინც მწვერვალია. 2011 წელს გამოსული ფილმი სიცოცხლის არსს იკვლევს, სადაც პერსონაჟების ყოველდღიურობა დედამიწის გაჩენის კოსმოსური კადრებითაა გაჯერებული.
ოპერატორი ემანუელ ლუბეცკი პერსონაჟებს ისეთი დინამიკით იღებს, თითქოს ჩვენც მათ გვერდით ვიყოთ. ეს ფილმი ტრანსცენდენტული ვიზუალის მასტერკლასია - ლუბეცკისა და სპეცეფექტების ოსტატის, დუგლას ტრამბულის (რომელიც კუბრიკთანაც მუშაობდა) ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

ბევრის მიერ „ჯალოს“ ოსტატის, დარიო არჯენტოს საუკეთესო ნამუშევრად მიჩნეული „სუსპირია“ არა მხოლოდ გასართობი ზებუნებრივი ჰორორია გენიალური საუნდტრეკით (ჯგუფ Goblin-ისგან), არამედ ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიკური ფილმიცაა კინოისტორიაში. არჯენტო ყოველ კადრს ისეთი ოსტატობით ხატავს, რომ თითოეული მათგანი ცალკე ნახატად გამოდგება. ნეონის მკვეთრი ფერები მაყურებლის ცნობიერებაში ღრმად აღწევს.
არარეალურად მკვეთრი სისხლი და ხელოვნური ნაგებობები ფილმს ისეთ ელფერს სძენს, თითქოს ის ჩვეულებრივი სამყაროსგან იზოლირებულ, საკუთარ რეალობაში არსებობდეს. არჯენტოს ხშირად აკრიტიკებდნენ ვიზუალზე გადამეტებული აქცენტის გამო, თუმცა „სუსპირიას“ შემთხვევაში ეს ესთეტიკა სრულყოფილად ერწყმის ფილმის უნიკალურ ატმოსფეროს.
ჟაკ დემი „ფრანგული ახალი ტალღის“ პერიოდში გამოჩნდა, თუმცა მისი ფილმები ამ მოძრაობისთვის ნაკლებად ტიპური იყო. მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი „შერბურის ქოლგებზე“, დიდი გავლენა მოახდინა ჰოლივუდის მიუზიკლებმა. 1970 წელს მან გადაიღო ზღაპრული მიუზიკლი „ვირის ტყავი“, სადაც მთავარ როლს მისი მუზა, კატრინ დენევი ასრულებს.
თუ ამ ფილმს გამოუძინებელი უყურებთ, მისმა ვიზუალმა შესაძლოა თავბრუც კი დაგახვიოთ, მაგრამ სწორედ ეს ხდის მას ასეთ შთამბეჭდავს. დეკორაციები იმდენად ფანტასმაგორიული და სიურრეალისტურია, მკვეთრი ფერებითა და ექსტრავაგანტური კოსტიუმებით გაჯერებული, რომ ფილმი კანფეტივით ფერად ზღაპარს ემსგავსება.
ობაიაში ექსპერიმენტებს ატარებს მკვეთრი ფერების პალიტრით, ბუნდოვანი კადრებითა და უნიკალური ვიზუალური ეფექტებით, რითაც გამოსახულებების ნამდვილ კალეიდოსკოპს ქმნის. რეჟისორის თქმით, ამ გიჟური ვიზუალური იდეების მოსაფიქრებლად იგი რჩევას თავის მცირეწლოვან ქალიშვილსაც კი სთხოვდა, რადგან „ბავშვებს შეუძლიათ მოიფიქრონ ისეთი რამ, რასაც ლოგიკით ვერ ახსნი“.
დევიდ ლინის ისტორიული დრამა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. გარდა ალეკ გინესისა და პიტერ ო’ტულის ბრწყინვალე თამაშისა, ანა კოუტსის ფანტასტიკური მონტაჟისა და ლინის უნაკლო რეჟისურისა, ფილმი საოცარი ვიზუალით გამოირჩევა.
ეკრანიდან თითქმის ფიზიკურად იგრძნობთ უდაბნოს პაპანაქებას, როდესაც პერსონაჟები ქვიშის უსასრულო ლანდშაფტებს კვეთენ. სავსებით სამართლიანად, ამ ნამუშევრისთვის ფრედი იანგმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ოპერატურული ნამუშევრისთვის.

სერგო ფარაჯანოვის 1969 წლის ექსპერიმენტული ფილმი სომეხი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ეხება. მისი სიურრეალისტური სახეები სრულიად სხვა სამყაროში გადაგვისვრის. მარტინ სკორსეზემ ერთხელ თქვა, რომ ამ ფილმის ყურება ჰგავს „კარის გაღებას და სხვა განზომილებაში შესვლას, სადაც დრო გაჩერებულია და სილამაზეა გაბატონებული“.
ეს სურათი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტჰაუს ნამუშევრად, სადაც პოეზია და მდიდრული ვიზუალი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. დახვეწილი კოსტიუმებითა და სურენ შახბაზიანის მიერ ოსტატურად დაყენებული კადრებით, ფარაჯანოვის ფილმი ნამდვილი ჰალუცინოგენური სიამოვნებაა.
