მსახიობი ია ნინიძე რუსთავი 2-ის გადაცემის "ავტოგრაფის" სტუმარი იყო. მსახიობმა გაიხსენა, თუ რატომ ვერ გადაიღეს ცნობილ ქართულ ფილმში "ნატვრის ხე".
"ფილმში "ციური მერცხლები" უკვე დამტკიცებული ვიყავი. ზუსტად მაშინ, როცა გადაღებები უნდა დაწყებულიყო, ბატონი თენგიზ აბულაძე მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან უნდოდა მის ფილმში, "ნატვრის ხეში" მეთამაშა. მაშინ იმდენი არ მესმოდა, რომ ორივე ფილმში მეთამაშა - 13 წლის ვიყავი. ამის გამო ბატონი თენგიზი ისე გაბრაზდა, რომ 10 წელი აღარ მესალმებოდა".
ია ნინიძემ ასევე "ვერის უბნის მელოდიებში" მოხვედრის ამბავი გაიხსენა.
"ქორეოგრაფიულ სკოლაში სწავლისას ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ერთხელ, კიბეებზე დიდი სიჩქარით ჩამორბენისას, შემთხვევით რიმა კარსანიძეს დავეტაკე. ის გიორგი შენგელაიას ასისტენტი იყო და სწორედ იმ პერიოდში ფილმზე, „ვერის უბნის მელოდიები“ მუშაობდნენ.
რიმამ შემაჩერა და მითხრა, რომ კინოსტუდიიდან იყო. იქვე იჯდა ერთი ქალი, რომელიც შესასვლელს მეთვალყურეობდა, სიგარეტს ეწეოდა და მას ასეთი რამ უთხრა:
"ეს გოგონა ნამდვილი მსახიობია, კარგად დააკვირდით. აუცილებლად უნდა გადაიღოთ, ნამდვილი ახტაჯანაა და ამ როლს ძალიან მოუხდება.“
ბოლოს ფურცელზე დამიწერა მონაცემები: "ვერის უბნის მელოდიები", კინოსტუდია „ქართული ფილმი“ და რეჟისორი გიორგი შენგელაია. სახლში მისულს ეს ამბავი დამავიწყდა. მოგვიანებით, როდესაც დედა ჩემს სასკოლო ფორმას აუთოებდა, ჯიბეში ეს წერილი იპოვა. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა და მაშინვე სინჯებზე წამიყვანა," - ამბობს ია.

ია ნინიძეს პირადი ცხოვრება
იას პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ია ჰყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.
ამის შემდეგ ია ნინიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო. იქვე შეხვდა ახალ სიყვარულს - სერგეი მაკსაჩოვს, რომელზეც მალევე იქორწინა. 1985 წლის წყვილს ვაჟი - გიორგი შეეძინა.
მათი ქორწინება ვერ შედგა. წლების შემდეგ, სერგეიმ პოლიტიკური კარიერა წამოიწყო და კურსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი გახდა.
იას მესამე ქმარი ასევე ხელოვანი მიხეილ ბუჩენკოვი იყო. მსახიობს ამ ქორწინებაში ქალიშვილი - ნინო შეეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ. მიხეილი კარიერის გასაგრძელებლად ამერიკაში წავიდა. ოჯახთან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა იამ ურთიერთობის გაგრძელება არ ისურვა.
