ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ბოლო პერიოდში მაყურებელმა განსხვავებულ ამპლუაში გაიცნო - ის პოდკასტერი გახდა და საკუთარ გადაცემაში ხშირად მასპინძლობს საინტერესო სტუმრებს აქტუალურ თემებზე სასაუბროდ.
ამჯერად გვანცა სააღდგომო ვლოგს აქვეყნებს. ვლოგში ის მეუღლის მშობლებს ლაგოდეხში სტუმრობს და სააღდგომო ტრადიციებსა და რიტუალებს გვიზიარებს. პასკის გამოცხობისა და კვერცხის შეღებვის გარდა, გვანცა დარასელია დედამთილთან ერთად საუკეთესო მწნილის გაკეთების ხრიკებსაც გვიზიარებს.

საუკეთესო მწნილის რეცეპტი გვანცა დარასელიასგან
„ჩემი დედამთილი განთქმულია თავისი მჟავეებით. მე მგონი, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ვიდეო იყოს, სადაც გაჩვენებდით კომბოსტოს მწნილს - ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს - ხალხი ითხოვს რეცეპტს. აი, ახლა გვაქვს შანსი, რომ ყველას მოგიყვეთ, რა არის ამ კომბოსტოს მწნილის საიდუმლო - როგორ აქვს ასეთი ფერი და როგორ არის ასეთი ხრაშუნა“, - ამბობს გვანცა.
„საიდუმლო არაფერია - ვარჩევ გორის კომბოსტოს, რადგან შედარებით უფრო მაგარია. გვჭირდება 10-ლიტრიანი ჭურჭელი, სტაფილო, ჭარხალი, ნიახური, ცოტა ნიორი და წიწაკა . 10-ლიტრიან ჭურჭელში გვჭირდება 10 სუფრის კოვზი მარილი.
აუცილებელია, რომ სიმძიმე ჰქონდეს ზემოდან, ბოლომდე უნდა იყოს ჩაძირული წყალში. წყალმა შეიძლება დაიკლოს და საჭიროა დამატება.
რაც შეეხება ტემპერატურას, 4-5 დღე უნდა დააყოვნოთ სითბოში, 5 დღის შემდეგ - სიგრილეში. ჩვენი გამომწერები გვედავებოდნენ, რატომ გააკეთეთ პლასტმასის ჭურჭელშიო, მართალია - უმჯობესია, თუ შუშის ჭურჭელს გამოიყენებთ, მაგრამ მაშინ მე მხოლოდ პლასტმასის მქონდა“, - ამბობს გვანცა დარასელიას დედამთილი.