ცოტა ხნის წინ ჩვენ სამი ქართველი დიზაინერის შესახებ მოგიყევით, რომლებმაც კოლექციები წელს მილანის მოდის კვირეულზე წარადგინეს - დევიდ კომა - Blumarine, დემნა - Gucci, გალიბ გასანოვი - Institution.
გალიბ გასანოვი ქართულ-აზერბაიჯანული წარმოშობის დიზაინერია, რომელსაც მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა VOGUE "ამომავალ ვარსკვლავად" მოიხსენიებს. თავად გალიბი ინტერვიუებში ხშირად ახსენებს როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს და შთაგონების მთავარ წყაროდ სწორედ ამ ორი კულტურის სინთეზსს ასახელებს.
თებერვალში, როცა გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის 17 ნახევარფინალისტს შორის დასახელდა, მისი წარმატება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც უამრავმა გულშემატკივარმა გაიზიარა. ახლა ახალგაზრდა დიზაინერის შესახებ კიდევ ერთი სიახლე უნდა გაგიზიაროთ:
აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი დიზაინერი, გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში კიდევ 8 დიზაინერთან ერთად მოხვდა!
LVMH-ის პრიზი 2013 წელს დაარსდა, რათა აღმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს კრეატიულ ნიჭს მთელი მსოფლიოდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დიზაინერს 18-დან 40 წლამდე, რომლებსაც შექმნილი აქვთ მზა ტანსაცმლის (ready-to-wear) მინიმუმ ორი კოლექცია.
გალიბ გასანოვი მეორე დიზაინერია საქართველოდან, ვინც ამ პრესტიჟული კონკურსის ფინალში მოხვედრა შეძლო. პირველი ასეთი წარმატება 2015 წელს დემნას სახელს უკავშირდებოდა. 11 წლის შემდეგ, გალიბი კვლავ აბრუნებს საქართველოს მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივი ნიჭისა და ხედვის უწყვეტ განვითარებას.

LVMH Prize ახალგაზრდა დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება, რომელიც გამარჯვებულს სოლიდურ პრიზებსა და გლობალური მასშტაბის შესაძლებლობებს სთავაზობს. მთავარი ჯილდო 400,000 ევროს შეადგენს და ბრენდის განსავითარებლად არის განკუთვნილი. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, დიზაინერი იღებს ერთწლიან მენტორობას LVMH-ის ექსპერტთა ჯგუფისგან, რაც ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და წარმოების ასპექტებში პროფესიულ დახმარებას გულისხმობს. ამასთანავე, კონკურსი უზრუნველყოფს მსოფლიო მედიისა და წამყვანი ბაიერების ყურადღებას, რაც ბრენდისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების საუკეთესო გარანტიაა.
ფინალისტები მოდის ინდუსტრიის ნამდვილმა ლეგენდებმა შეარჩიეს. წელს ჟიურის შემადგენლობაში არიან Dior-ის აღმასრულებელი დირექტორი დელფინ არნო, Loewe-ს შემოქმედებითი დირექტორი ჯონათან ანდერსონი, Louis Vuitton-ის შემოქმედებითი დირექტორი ნიკოლა ჟესქიერი და Dior-ის შემოქმედებითი დირექტორი მარია გრაცია ქიური.
გამარჯვებულების ვინაობა 4 სექტემბერს, პარიზში გაირკვევა.
გალიბ გასანოვი საქართველოში დაბადებული, აზერბაიჯანელი დიზაინერია. ის იტალიაში დაფუძნებულ ბრენდს Institution ხელმძღვანელობს.გალიბის ხედვა თანამედროვე სამყაროს ერწყმის, მას სურს ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთში გააერთიანოს, ისე რომ არც ერთს დაუკარგოს იდენტობა.
Institution ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს არის სოციალურ-კულტურული პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ნატურალურ მასალებსა და ოსტატობის იმ იშვიათ ტექნიკებს, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე, განსაკუთრებით კი მაღალ მოდაში, ფუფუნების უმთავრეს საზომადაა ქცეული.

"Institution დაიბადა ექსპერიმენტების, თანამშრომლობისა და ინსტინქტურად შექმნის სურვილიდან. ამჟამინდელი მოდის სისტემის გარდაქმნის აუცილებლობიდან, დაწყებული საკუთარი თავით. ის დაიბადა, როგორც პირადი ესთეტიკური გამოხატვის საშუალება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ვიზუალურ ხელოვნებას. მისი მიზანია, იყოს შემოქმედებითი გამოცდილებისა და თანამშრომლობის ცენტრი.
მე ძალიან მიყვარს ტილდა სვინტონი. ის ყოველთვის იყო შთაგონების წყარო ჩემთვის. მისი ხელობის მიღმა, მე აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ძალიან ღრმა ადამიანით.
Institution-ის მთავარი გზავნილია, რომ ვიცოდეთ რას ვიცვამთ, რა სამოსს, რა მასალას ეხება ჩვენი სხეული. ვიცოდეთ იდეოლოგია, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას დროთა განმავლობაში, ფორმის, ფერის ან სიგრძის ტენდენციების მიუხედავად. როდესაც ტანსაცმელს ატარებთ, უნდა იგრძნოთ საკუთარი თავის არსი, შექმნათ ერთიანობა და ჰარმონია", - ამბობდა 2024 წელს გალიბ გასანოვი Harpers Bazaar-თან ინტერვიუში.