მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეზიკო არჩვაძე ცოტა ხნის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ. მათ იონა და მელანია ჰყავთ.
"სხვა ცხოვრება დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში, ლამაზი, მშვენიერი. აი, ამ ორმა ანგელოზმა ახალი ენერგიები შემოგვიტანა...
ძალიან ბევრი კითხვა ისმის, "აი, ადრე რატომ არ გავაჩინე?" - ზოგადად, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი და მაშინ მოევლინა ეს ორი ადამიანი ქვეყანას, როცა მომწიფდა, როცა საჭირო იყო ჩვენთვისაც და, ალბათ, მათთვისაც. მთავარია, რომ მოვიდნენ. მათმა მოსვლამ ჩვენც შეგვცვალა, ჩვენი ცხოვრება შეცვალა კარგისკენ და ბედნიერი დღეებისკენ.
იმდენად დატვირთულები ვართ, მობილიზებულები, რომ ყველაფერი ვაჩუქოთ ბავშვებს, ყველაფერი შევუქმნათ, რომ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ეს ჩემი კრედოა, რომ სიკეთის მატარებლები იყვნენ." - ამბობდა თამუნა.
თამუნამ ცოტა ხნის წინ პატარების ახალი ვიდეო გააზიარა.
თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.
მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას" - ამბობდა თამუნა.
თამუნა და რეზიკო ცოტა ხნის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ. მელანიამ და იონამ, ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალეს.