"ლამის დიეტებით გავინადგურე ჩემი ორგანიზმი...პირველი მიზეზი იყო ბულინგი" - ნანუკა გულუა ჭარბწონიანობაზე - Marao

"ლამის დიეტებით გავინადგურე ჩემი ორგანიზმი...პირველი მიზეზი იყო ბულინგი" - ნანუკა გულუა ჭარბწონიანობაზე

2026-04-27 12:21:12+04:00

მსახიობი ნანუკა გულუა სოფო ჯაფარიძის გადაცემის „მედგიდის“ სტუმარი იყო. ნანუკამ ჭარბწონიანობაზე ისაუბრა და ამასთან აღნიშნა, რომ ამის გამო ბევრი ბულინგის მსხვერპლიც გამხდარა.

"სიმსუქნე ანგრევს ორგანიზმს და სტრესულიცაა, როცა შენ გაწუხებს შენი წონა. ვინც აბულინგებს მსუქნებს, არ იციან, რომ ეს ავად ყოფნას ნიშნავს, თორემ პირდაპირ ავადმყოფებს დაუძახებდნენ ალბათ. მაშინ, როდესაც ძალიან მსუქანი ვიყავი და პირველ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დიეტა დამეწყო, ლამის ამ დიეტებით გავინადგურე ჩემი ორგანიზმი, რადგან სწრაფი შედეგი მინდოდა. რა თქმა უნდა, პირველი მიზეზი იყო ბულინგი, რატომაც ეს დავიწყე… მერე ვაქებდი იმ ადამიანებს, ვინც ამას მეუბნებოდა. ვიყავი პატარა გოგო, ახლა რომ იწყებს ცხოვრებას. ახლა, რაც უნდა მითხრან, არაფერი მოქმედებს. ჯერ ისეთი მიზეზი მაქვს, სამი შვილი გავაჩინე ზედიზედ, წუწუნისაც მეშინია, რა გოგო ვიყავი, რა კარგი გოგო მოიყვანა კახა კაშიამ-მეთქი, რომ ვამბობ. შენ ვინ მოგიყვანს, ამას რა დაძრავს, ამას მეუბნებოდნენ. ყველა წინადადება და ყველა სიტყვა ასეთი იყო. სერიალის კომენტარებში რომ წერდნენ, რა ლამაზი ქალიაო, ვერ ვხვდებოდი, ვისზე ამბობდნენ. ჩემთვის ეს კომპლიმენტი ძალიან უცხო იყო" - ამბობს ნანუკა გულუა.

nanuka-gulua

  • ნანუკა გულუას განცხადება: "რა ვერ გაიგეთ?! შეგვეჯიბრეთ სამართლიანობასა და სიკეთეში!" 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. 

მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია. 

"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა.

 nanuka-gulua

პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა.

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.

ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.