დღეს მსახიობი და უამრავი სატელევიზიო პროექტის წამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის დაბადების დღეა. ის 58 წლის გახდებოდა. მსახიობი 2019 წელს გარდაიცვალა.
ნათია ბანძელაძე მეუღლე დაბადების დღეს ემოციური პოსტით ეხმიანება.
"შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში! არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ დღესაც ისევ ისე გესაუბრები, როგორც ადრე, დღესაც სიმშვიდეს და სიყვარულს ვგრძნობ, როცა შენთან ვარ ფიქრებში...
არ ვიცი როგორ ახერხებ მაგრამ, შენმა პატარებმა აივიმ და ავამ იციან სად მოგძებნონ და სიყვარული სად გამოგიგზავნონ... იციან რომ კეთილ ადამიანებს გოგიჩა ბაბუ უგზავნის, უბრალოდ არ იციან რატომ გადაწყვიტე, რომ ცაზე ვარსკვლავი გამხდარიყავი... მაგრამ ღამით ცაზე გხედავენ და უხარიათ! ჩვენი შვილიშვილები მე ჯადოქარს მეძახიან, ჯერ არ იციან კიდევ, რომ ნამდვილი ჯადოქარი შენ ხარ. რადგან ვინც ვართ, ვინც დაგვტოვე და ვინც ვაგრძელებთ გულში შენს ტარებას, ყველა შენი დიდი სიყვარულის ნაყოფი ვართ...
მენატრები, მჭირდები, მაკლიხარ, თითქოს ყველგან ხარ, მაგრამ სად ხარ... იცი, ხანდახან, ხმამაღლა მეცინება ხოლმე ისე მკაფიოდ მესმის ხოლმე შენი ხმა - "რა რამაზი გოგო ხარ" - გახსოვს რამე ახალზე რომ გკითხავდი აზრს და მერე ვიწყებდი ზუზუნს, არ მოგწონს და არ მეუბნები ლამაზს კი არა და "რამაზს" მეძახი-თქო და როგორ მიხსნიდი დაღლამდე შენი საყვარელი სიცილით, თუ როგორ არ მესმოდა რომ "ლამაზს" - "რა რამაზი" სჯობდა, რადგან ეს უფრო ბევრს ნიშნავდა.
რანაირი ადამიანი ხარ, ჩემო ვარსკვლავო, ალბათ მანდაც უყვარხართ და ცაშიც ითვლიან წლებს! შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში... დიდი ბავშვი 58 ის არის," - წერს ნათია ბანძელაძე.

გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ. აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი… მადლობა იმ სიფერადისთვის, რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…
უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ნათია ბანძელაძე.