როგორც ოსკარის ორგზის მფლობელი მსახიობი, აქტივისტი და ფიტნეს-მაგნატი, ჯეინ ფონდა კარგად იცნობს პიროვნული ტრანსფორმაციის სირთულეებს. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ შეიცვალა, რაც მის პირად ცხოვრებაზეც აისახა - ის ხშირად ტოვებდა იმ ურთიერთობებს, რომლებიც მის ახალ "მე"-ს აღარ შეეფერებოდა.
ფონდა თითქმის არასდროს ყოფილა მარტო. მის გარშემო ყოველთვის იყვნენ ვარსკვლავური მამაკაცები: რობერტ რედფორდი, როჟე ვადიმი, ტომ ჰეიდენი, ტედ ტერნერი, რიჩარდ პერი და მარვინ გეიც კი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 80 წელს გადაცილებული ვარსკვლავი აცხადებს, რომ "სასიყვარულო მაღაზია საბოლოოდ დაკეტა", მისი წარსული ნამდვილ ჰოლივუდურ დრამას ჰგავს.
2023 წელს ჟურნალ People-თან ინტერვიუში ფონდამ საკუთარი გამოცდილება მარტივად შეაჯამა - "ქორწინება ძალიან რთულია!". მან ქალბატონებს ურჩია, რომ ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანის ცუდ თვისებებს. მისი თქმით ეს, რომ თავის დროზე გაეკეთებინა, ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართებოდა.
როჟე ვადიმი (1968–1973)
ფონდას პირველი ქმარი ფრანგი რეჟისორი როჟე ვადიმი იყო. მათმა კავშირმა საფუძველი ჩაუყარა საკულტო ფილმს "ბარბარელა". ფონდა იხსენებს, რომ მასში იზიდავდა ვადიმის თავისუფალი ცხოვრების სტილი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მისი მკაცრი აღზრდისგან. წყვილს ქალიშვილი, ვანესა შეეძინა, თუმცა ქორწინება 5 წელში დასრულდა.

ტომ ჰეიდენი (1973–1990)
პირველ ქმართან განქორწინებისთანავე ჯეინი პოლიტიკოს ტომ ჰეიდენს გაჰყვა. ეს იყო მისი ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება, რომელიც 17 წელი გაგრძელდა. ისინი საერთო იდეალებმა და აქტივიზმმა გააერთიანა. წყვილს შეეძინა ვაჟი, ტროი გარიტი და იშვილეს ქალიშვილი, მერი უილიამსი. მიუხედავად იმისა, რომ ჰეიდენი ფონდას ფიტნეს-ბიზნესის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, მსახიობი აღიარებს, რომ ყველაზე ღირებული გაკვეთილები ცხოვრებაში სწორედ მისგან ისწავლა.

ტედ ტერნერი (1991–2001)
მედიამაგნატ ტედ ტერნერთან ქორწინება 10 წელს გაგრძელდა. ფონდა მას თავის ფავორიტ ყოფილ ქმარს უწოდებს და დღემდე აღფრთოვანებულია მისი იუმორით. დაშორების მიზეზი კი ჯეინის სურვილი გახდა, ყოფილიყო ავთენტური და არა მხოლოდ სხვისი "მომვლელი". "ტედს სჭირდებოდა ვინმე, ვინც გვერდით 100%-ით ეყოლებოდა... მე კი გავიზარდე," - ამბობდა ის.

ჯეინ ფონდას სასიყვარულო ისტორია მხოლოდ ქორწინებებით არ შემოიფარგლება. მის ცხოვრებაში არსებობდნენ მამაკაცები, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს - ზოგიერთმა რეალური კავშირით, ზოგმა კი მხოლოდ ეკრანული ქიმიით.
რიჩარდ პერი
მიუხედავად სამი ქორწინებისა, ფონდა აცხადებს, რომ მან ნამდვილი სექსუალური კმაყოფილება მხოლოდ 70 წლის ასაკში აღმოაჩინა, როდესაც მუსიკალურ პროდიუსერ რიჩარდ პერის შეხვდა. მათი ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც მსახიობმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
„74 წლის ასაკში ისეთი სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება მაქვს, როგორიც მანამდე არასდროს მქონია,“ - აღიარებდა ის 2012 წელს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 2017 წელს დაშორდა, მათ დღემდე მჭიდრო და მეგობრული კავშირი აქვთ.

რობერტ რედფორდი
ჯეინ ფონდასა და რობერტ რედფორდს შორის არსებული ქიმია ათწლეულების განმავლობაში ატყვევებდა მაყურებელს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ისინი არასდროს ყოფილან წყვილი, ჯეინი გულახდილად ამბობს, რომ მას რედფორდი გადასაღებ მოედანზე ყოველთვის უყვარდებოდა.
ერთობლივ ფილმებზე საუბრისას მსახიობმა იხუმრა კიდეც: "მე ვცოცხლობ მასთან სექსუალური სცენების გადაღებისთვის". მისი თქმით, რედფორდი "ფანტასტიკურად კოცნის“ და ეს გამოცდილება მისთვის ისეთივე სასიამოვნო იყო როგორც 20 წლის, ისე 80 წლის ასაკში, როდესაც ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმში Our Souls At Night.

მარვინ გეი
ფონდას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოულოდნელი სინანული სოულ-მუსიკის ლეგენდას, მარვინ გეის უკავშირდება. 2020 წელს The New York Times-თან ინტერვიუში მსახიობმა გაამხილა, რომ გეის მის მიმართ აშკარა სიმპათიები ჰქონდა და სექსუალური კავშირიც შესთავაზა, თუმცა ჯეინმა მასზე უარი თქვა, რადგან იმ დროს გათხოვილი იყო.

წყარო: instyle