ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ნულოვანი ნარჩენის დღე (Zero Waste Day) „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლაში, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს სასკოლო პროექტები, რომლებიც ნარჩენების მდგრად მართვას ეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში მათ საშუალება ჰქონდათ, ჩაებარებინათ ნარჩენები და ავტომატურად ჩაერთვებოდნენ გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულებსაც ორგანიზატორებისგან წამახალისებელი პრიზის სახით „ბიბლუსის“ ვაუჩერი გადაეცათ. მათი გადაწყვეტილებით, ვაუჩერებით შეარჩიეს ნივთები, რაც 3-დან 13 წლამდე ონკოპაციენტებისთვის იყო საჭირო.
ამასთან, „ბიბლუსმა“ საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო საქველმოქმედო კამპანიაში და „ბაქსვუდთან“ კოლაბორაციით ბერი ანდრიას ფონდს დაუჭირა მხარი.
მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ ეკოლოგიურ ინიციატივებზე, რომლებიც ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისკენ იყო მიმართული.
ღონისძიებამ მოსწავლეები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციები გააერთიანა საერთო მიზნისთვის, გაიზარდოს ცნობიერება ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად. ამასთან, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი ქცევების დანერგვას როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე.
ნულოვანი ნარჩენების დღის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობები - ვორქშოფები და კამპანიები მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ ეკომეგობრული მიდგომები და ამ გზით შეამცირონ ნეგატიური ზემოქმედება ეკოსისტემაზე.
R