ბოლო 15 წლის განმავლობაში Met Gala-ს წითელი ხალიჩა სულ უფრო შთამბეჭდავი და გამაოგნებელი ხდება. ვარსკვლავური ღონისძიება და მისი მრავალფეროვანი თემატიკა სტუმრებს წითელ ხალიჩაზე სრული თავისუფლებისა და ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს. ეს არის სულისკვეთება, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მძაფრდება. თუ, მაგალითად, 2010 წლის Met Gala-ს 2019 წლის „ბანაკის“ თემას შევადარებთ, სხვაობა თვალსაჩინოა: ის, რაც ოდესღაც დახვეწილი საღამოს კაბების ზეიმი იყო, შოუმენობის, სუფთა ექსტრავაგანტურობისა და გაბედული რისკის საღამოდ იქცა.
წლევანდელი Met Gala კოსტიუმების ინსტიტუტის ახალ გამოფენას ეძღვნება, სახელწოდებით „კოსტიუმი, როგორც ხელოვნება“ (Costume Art). გამოფენა შეისწავლის და წარმოაჩენს შემოსილი სხეულის ცენტრალურ როლს; მასზე წარმოდგენილი იქნება სამოსი და ხელოვნების ნიმუშები მუზეუმის 19 საკოლექციო სფეროს უმრავლესობიდან. წლევანდელი Met Gala-ს მასპინძლები იქნებიან ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ანა ვინტური. საღამოს დრესკოდია: „მოდა ხელოვნებაა“.
სანამ მოვლენების განვითარებას ველოდებით, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ წარსულ ღონისძიებებს და დახვეწილი სამოსით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ. ეს საუკეთესო დროა ყველა იმ საკულტო ლუქის გასახსენებლად, რომლებმაც წითელი ხალიჩა დაამშვენეს.
Superfine: Tailoring Black Style
2025 წლის Met Gala-ს თემა შავკანიანი მამაკაცების სტილს – „დანდიზმს“ და მის 300-წლიან ისტორიას მიეძღვნა. გამოფენამ აჩვენა, თუ როგორ ეხმარებოდა ჩაცმის სტილი შავკანიან ადამიანებს საკუთარი იდენტობის გამოხატვაში. ეს იყო მუზეუმის ისტორიაში მამაკაცის მოდაზე ფოკუსირებული მხოლოდ მეორე ღონისძიება. საღამოს მასპინძლობას ისეთი ვარსკვლავები უწევდნენ, როგორებიც არიან ლუის ჰემილტონი, ფარელ უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი, დრესკოდი კი ინდივიდუალურ, დახვეწილ თერძობასა და კლასიკურ სამოსს ეფუძნებოდა.
მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება
2024 წლის Met Gala-ს თემა, "მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება", წარსულის უნიკალურ და იშვიათ სამოსს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმის კოლექციის 250-მდე ექსპონატი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების - AI-ს, ვიდეოანიმაციისა და ხმოვანი ეფექტების - დახმარებით გააცოცხლეს. საღამოს თანამასპინძლები ზენდაია, ჯენიფერ ლოპესი, კრის ჰემსვორთი, Bad Bunny და ანა ვინტური იყვნენ, ხოლო დრესკოდი, „დროის ბაღი“, ბუნებისა და გარდამავალი სილამაზის სიმბოლოდ იქცა.
"კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი“,
2023 წლის Met Gala-ს თემა, "კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი“, ღონისძება ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფელდი შემოქმედებას მიეძღვნა. გამოფენამ ხაზი გაუსვა მის უდიდეს წვლილს ისეთი მოდის სახლების განვითარებაში, როგორებიცაა Chanel, Fendi და Balmain. საღამოს მასპინძლობას ანა ვინტური, პენელოპე კრუსი, დუა ლიპა, მიკაელა კოელი და როჯერ ფედერერი უწევდნენ. ღონისძიება ერთგვარი პატივისგება იყო ლაგერფელდის უნიკალური ხედვისა და იმ სტილისადმი, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში შექმნა.
"ამერიკაში: მოდის ანთოლოგია"
2022 წლის Met Gala-ს თემა, "ამერიკაში: მოდის ანთოლოგია“, ამერიკული სტილის საფუძვლებსა და იმ დიზაინერებს მიეძღვნა, რომელთა სახელებიც ისტორიას ნაკლებად შემორჩა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა „მოოქროვილი გლამურის“ სტილი მოირგეს, რაც მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკულ ფუფუნებასა და დიდებულებას უსვამდა ხაზს. ეს იყო ამერიკული მოდის განვითარების ერთგვარი ქრონიკა, სადაც აქცენტი დახვეწილ დეტალებსა და ისტორიულ კონტექსტზე გაკეთდა.
"ამერიკაში: მოდის ლექსიკონი“
2021 წლის Met Gala-ს თემა, "ამერიკაში: მოდის ლექსიკონი“, ამერიკული მოდის თანამედროვე იდენტობას მიეძღვნა. გამოფენამ მიმოიხილა ამერიკული სტილის მრავალფეროვნება, დაწყებული თვალისმომჭრელი, ვარსკვლავებითა და ზოლებით გაფორმებული სამოსით, დამთავრებული ამერიკული კულტურის სიმბოლოების ფაქიზი გამოყენებით. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა სცადეს გადმოეცათ, თუ რას ნიშნავს მათთვის ამერიკული მოდა და როგორ აერთიანებს ის თავისუფლებას, ემოციასა და თანამედროვე ტენდენციებს.
წყარო : vogue