მსახიობი ანკა ვასაძე დიდებული ოჯახის წარმომადგენელია. ის დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის შვილიშვილია. მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, ცნობილი რეჟისორი, გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მათი ოჯახი მალე დაინგრა, მაგრამ მარინე თბილელი მამამთილს, აკაკი ვასაძეს, მუდამ ემადლიერებოდა.
წლების შემდეგ მარინე თბილელი ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე, აკაკი დვალიშვილზე დაქორწინდა და მისგან შეეძინა ბაია დვალიშვილი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ. ანკა ვასაძე კი აკაკი ვასაძე უმცროსის შვილიშვილია და ბაია დვალიშვილს ბებოს ეძახის… დიდი ბებია, მარინე თბილელი, კარგად ახსოვს, მაგრამ დიდ აკაკი ვასაძეს არ მოსწრებია.
ანკა ვასაძე პოდკასტის "ჩვენ" სტუმარი იყო, სადაც მან ბებია ბაბუიის გავლენაზე და მომავალი პროფესიის არჩევაზე ისაუბრა.

ანკა ვასაძის ინტერვიუ
- აკაკის ვერ მოვესწარი, მამაჩემი იყო ძალიან პატარა, როდესაც გარდაიცვალა. მარინა კი კარგად მახსოვს, აღნიშნავდნენ, რომ მარიანას ძალიან ვგავარ და თვითონაც ახარებდა ეს ფაქტი. შესაძლოა მათ ჩემზე რაღაც გავლენაც იქონიეს, ხშირად მიფიქრია ამაზე, შესაძლოა მათი დამსახურებაცაა, რომ სამსახიობო კარიერა ავირჩიე. ჩვენ პროფესიაში არის ბევრი ჩემი კოლეგა, რომლის არც ოჯახის წევრები და არც ნათესავები ხელოვნებასთან საერთოდ არ იყვნენ ახლოს, მაგრამ ცხოვრებამ ამ გზით წაიყვანა. ჩემი თაობის წარმომადგენლები, ვინც ჩემს გარშემოც იზრდებოდნენ, არცერთი არ წასულა ხელოვნებისკენ, მაგრამ ეს არჩევანია და საბოლოოდ იქ მივდივართ, რაც გულით გვინდა.
ბაბუას სახლში ვიზრდებოდი. ყველგან მისი ფოტოები იყო და ამას დაბადებიდან ვუყურებდი. ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ამას უფრო სხვა ადამიანები მაგრძნობინებდნენ. მე, როგორც ცალკე ადამიანი, არ ვიკვეთებოდი ბაბუასთან, არ მოვსწრებივარ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ძალიან დიდი ადამიანი იყო, როგორებიც არ იბადებიან, ამის გამო მეგონა, რომ თეატრალურზე ვერ ჩავაბარებდი. ამ შიშმა ისე შემიპყრო, რომ უცებ ახალი აზრი შემოვიდა ჩემში. მე არ დავდიოდი სტუდიებში, ფიქრობდნენ, რომ ეს აფუჭებს და ჯობდა პირდაპირ თეატრალურში ჩამებარებინა. სცენაზე დგომასაც არ ვიყავი მიჩვეული, როგორც მაყურებელი კი, 2 წლიდან დავყავდი დედაჩემს.
პირველი როლი რომ მომცეs, არ მეშინოდა რომ გვარის გამო მიმიღებდნენ, მეშინოდა, რომ უფრო მეტს მომთხოვდნენ, გამადიდებელი შუშით დამაკვირდებოდნენ. პირველი როლი იყო ძალიან ემოციური და სასიამოვნო. უკვე ვიყავი დედა და თან მეორე კურსზე ვსწავლობდი, ვნერვიულობდი, რამდენად გამომივიდოდა. უცებ კი შანსი მომეცა. ძალიან საინტერესო, სიურრეალისტური სპექტაკლი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ სპექტაკლმა წარმატება მომიტანა, რადგან ამის მერე ლევან წულაძემაც შემამჩნია და მერე ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი.