ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული ელენე შელიაა. ელენე პროფესიით არქიტექტორია და ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის სამოდელო საქმიანობით გაიცნო. ელენე ასევე მოდელი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას ქალიშვილია.
უმშვენიერესი წყვილის ნიშნობის რომანტიკულმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ელენემ და რატიმ უამრავი ადამიანის გულწრფელი მილოცვა მიიღეს, მათ შორის კი გამორჩეული იყო რატი ანდრონიკაშვილის დედის, ანანო ჩარკვიანის წერილი:
"რაღაც კარგი გამიკეთებია, რადგან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. იმაში, რომ ორმა ადამიანმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა, გასაოცარი არაფერია. საოცარი ის არის, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს, როგორ უწყობენ ხელს ერთმანეთს საუკეთესო მხარეების გამოვლენაში. როცა სიყვარული მეგობრობაზე შენდება, ვერაფერი დაანგრევს.
ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში და იმ ენერგიით, რომელიც მან გვიწილადა.
პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა და ჩვენი კავშირი, როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, იშვიათი და გამორჩეულია.
რატი, მადლობა ამ ემოციებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი ხარ", - წერს სოციალურ ქსელში ანანო ჩარკვიანი.

რატი 2001 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ რატის წინაპრები ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ - რატის მამა, სანდრო ანდრონიკაშვილი ცნობილი მსახიობისა და მწერლის, ბორის ანდრონიკაშვილის შვილია. გარდა ამისა, რატის ოჯახი დაკავშირებულია ყველასთვის კარგად ცნობილ თურმანიძეებთან, "თურმანიძის მალამოსთან".
რატის დედა ანანო ჩარკვიანია, რომელიც, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მისი ყველაზე დიდი და ერთგული გულშემატკივარია. რამდენიმე წლის წინ ანანო "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში შვილის შესახებ საუბრობდა:
"რატი თამაშის მოახლოებისას განსაკუთრებულად მობილიზებულია, ყურადღება არაფერზე არ გადააქვს. ის ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრობს, არ სვამს, არ ეწევა, ადრე იძინებს. ეს მისთვის პრიორიტეტულია. ჩვენ, ოჯახი რატის თამაშის წინ ზედმეტ შეკითხვებს არასოდეს ვუსვამთ," - ამბობს რატის დედა, ანანო ჩარკვიანი.
რაც შეეხება მის სიყვარულთან დამოკიდებულებას, დედა ამ საკითხზეც საუბრობს:
"რატი პირად ცხოვრებასაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით უდგება, როგორც - კარიერას. ის საკმაოდ ფრთხილია და ადამიანებს ფრთხილად ირჩევს. ვიცი, რომ ამ მხრივ, სანერვიულო არ მაქვს. არც აქამდე მინერვიულია რატის პირადზე, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილ გრძნობებზე დამყარებულ ურთიერთობაში იქნება”, - ამბობდა ანანო ჩარკვიანი „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

რატი ანდრონიკაშვილის რჩეული ასევე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია - ელენე შელია, ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც მოდელი და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიას ქალიშვილია.
ელენე შელიას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ - ის აქტიურია სხვადასხვა პლატფორმაზე და აქვეყნებს როგორც საკუთარ ყოველდღიურობას, ისე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებს.
ელენეს ჰყავს უფროსი და, ანა შელია და უმცროსი ძმა, დათუნა შელია. ანა შელია მოდელია. ის მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს. დათუნა შელია კი აშშ-ში ცხოვრობს, სწავლობს და სპორტული კარიერა აქვს.
ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა.

2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან.
2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.
2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდებოდა და თამაშს ევროპის კლუბში გააგრძელებდა.
რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს.
მნიშვნელოვან მატჩებს, რატის ოჯახთან ერთად, ყოველთვის ესწრება ელენე შელიაც - რატის დიდი გულშემატკივარი. ისინი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ულამაზესი წყვილი ყოველთვის დიდ სიყვარულსა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.