შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგალითად, ასე:
მისი სახელი და გვარი არავის სცოდნოდა, უბრალოდ, ეთქვათ, ცნობილი პარტიული მუშაკის ცოლი, ან ცნობილი რეჟისორის დედა, ანდა ცნობილი მომღერლის ბებიააო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა - უპირველესად, ის ლალი ბადურაშვილია. ასე იცნობენ და პატივს სცემენ, ამ სახელით უყვართ.
ბევრი როლი არ უთამაშია, მაგრამ ყველა დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია. მხოლოდ მერე შეიძლება ახსენო, რომ ის ცნობილი თეიმურაზ ბადურაშვილის მეუღლეა, მისი ვაჟი,ერეკლე ბადურაშვილი, ცნობილი რეჟისორია, მეორე ვაჟი გია ბადურაშვილი - მხატვარი, შვილიშვილი, ნინი ბადურაშვილი - ცნობილი მომღერალი.

ჩემი გარიჟრაჟი
- ძალიან კარგად მახსოვს, სკოლაში რომ მიმიყვანეს. ყველას თავისი სკოლა უყვარს, მაგრამ ჩემი - ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლა - მართლა გამორჩეული იყო.
მახსოვს, ჩემი პირველი მასწავლებელი - უსაყვარლესი დუშა სანიკიძე (ჟანრი ლოლაშვილის დედა გახლავთ). სკოლის დამთავრების 50 წლისთავზე შევიკრიბეთ. დუშა მასწავლებელმა ყველას სახელით მოგვმართა. კლასელები დღესაც ვმეგობრობთ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ყველა კარგი იყო.
განსაკუთრებით ვმეგობრობდით მე და ნანა თოიძე - გელა ჩარკვიანის მეუღლე, ერთ მერხთან ვისხედით, მარინე რჩეულიშვილი - გურამ რჩეულიშვილის და, ესმა ონიანი - ფერმწერი და არაჩვეულებრივი პოეტი და ესეისტი, ჩვენი პრეზიდენტის მამიდა - ქეთინო სააკაშვილი.
მერვე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე აღარ - მათემატიკა ძალიან მიჭირდა, დედაჩემი მეხმარებოდა.
ლამაზი ბავშვი ვყოფილვარ. დედა მიამბობდა, ქუჩაში თუ ვინმე გაგივლიდა გვერდით და არ იტყოდა, - რა კარგი გოგოაო, კაბას ჩამომქაჩავდი - რატომ არ თქვაო.
პირველი თაყვანისმცემლები თუ მახსოვს?
ახლა იმ ხნის ვარ, ესეც შეიძლება გიამბოთ. სკოლაში ბევრს მოვწონდი. გია ჭირაქაძესთან ახლაც ვმეგობრობ, ჩემზე ორი კლასით წინ იყო. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა. 13 წლის ვიყავი, რომ მითხრა: ლალი, არ ვიცოდი, რა იყო სილამაზე. შენ გნახე და მივხვდი, რა არისო. მას მერე რამდენს უთქვამს ქათინაური, მაგრამ ეს დღესაც მახსოვს.

წაიკითხეთ სრულად