მოდელ ბავითა მანდავას გამოჩენა 2026 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე არც გრანდიოზული კუტიურით და არც თეატრალური დრამით არ ყოფილა დატვირთული - მან არჩევანი ბევრად უფრო სადა და მოკრძალებულ სამოსზე შეაჩერა.
ბავითა მანდავა Chanel-მა წარადგინა, მისმა უბრალო ჯინსისა და მაისურის არჩევანმა კი 26 წლის მოდელი მყისიერად გამოარჩია საღამოს სხვა სტუმრებისგან, რომლებმაც წვეულების თემა - „მოდა, როგორც ხელოვნება“ - გაცილებით ექსტრავაგანტურად გაიაზრეს. ინტერნეტში კი ნამდვილი ომი ატყდა.

პირველი შეხედვით, ეს ლუქი Met Gala-სთვის მეტისმეტად მარტივიც კი ჩანდა: თეთრ მაისურზე გადაცმული გამჭვირვალე, გრძელმკლავიანი „ტოპი“, კლასიკური ლურჯი ჯინსი, თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მინიმალისტური აქსესუარები.
თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა ბევრად ღრმა ჩანაფიქრი იდგა. ეს იყო იმ სამოსის „მაღალი მოდის“ ვერსია, რომელიც მანდავას მაშინ ეცვა, როდესაც ის პირველად, სრულიად შემთხვევით, ნიუ-იორკის მეტროში აღმოაჩინეს. სწორედ ამ მომენტმა მიიყვანა ის Chanel-ის იმ ჩვენების გახსნამდე, რომელიც ბოუერის მეტროსადგურში გაიმართა. ასე რომ, წითელ ხალიჩაზე ბავითამ ერთგვარი სიმბოლური წრე შეკრა და საკუთარი წარმატების ისტორია გააცოცხლა.
მატიე ბლაზის კრეატიული დირექტორობით, აქცენტი არა სანახაობაზე, არამედ ამბის თხრობაზე გაკეთდა. მან ყოველდღიურობა ხელოვნების რანგში აიყვანა და დაგვანახა, რომ მოდას სულაც არ სჭირდება ყვირილი საიმისოდ, რომ სათქმელი მკაფიო იყოს.

მანდავას გზა სამოდელო სამყარომდე სულაც არ ყოფილა ტიპური. ის ინდოეთში, ჰაიდერაბადში დაიბადა, სადაც არქიტექტურას სწავლობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა.
მოდელობამდე ის დიზაინისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობდა და მოდის ინდუსტრიასთან კავშირი თითქმის არ ჰქონდა. ყველაფერი მეტროში მისმა შემთხვევითმა გამოჩენამ შეცვალა, რაც დღეს მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
მისი კარიერა ელვისებურად განვითარდა: Bottega Veneta-ს დებიუტი, Chanel-ის ჩვენების გახსნა, ბრიტანული Vogue-ის გარეკანი და, საბოლოოდ, Chanel-ის პირველი ინდოელი ამბასადორის ტიტული. ბევრისთვის მისი აღზევება იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს გლობალურ მოდაში ხდება - ინდუსტრია უფრო მეტად იხსნება მრავალფეროვანი სახეებისა და ავთენტური ისტორიებისთვის.
რასაკვირველია, საზოგადოება მანდავას გამოჩენას დიდი ინტერესით ელოდა. როდესაც ის Met Gala-ზე, სადაც მაქსიმალიზმი და ეპატაჟი თითქმის სავალდებულოა, ჯინსითა და უბრალო ზედით წარდგა, კრიტიკამ არ დააყოვნა.
მომხმარებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ასეთი არჩევანი ღონისძიების მასშტაბს არ შეეფერებოდა. „Chanel-მა ის დაღუპა“, „ეს Met Gala-ს უპატივცემულობაა“ - წერდნენ იმედგაცრუებული ფანები.
თუმცა, მეორე ბანაკმა ეს ნაბიჯი აღფრთოვანებით მიიღო. მათ დაინახეს მოდელი, რომელიც არ დაემორჩილა „ზედმეტი გლამურის“ წნეხს და საკუთარი თავის ერთგული დარჩა.
ბევრმა ამაში უფრო ღრმა სიმბოლიზმიც ამოიკითხა - სიმარტივე, როგორც ხელოვნების ფორმა. მაქსიმალიზმის ამ ზღვაში, მანდავას ასეთი სადა გამოჩენა უფრო გაბედული ნაბიჯი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ფუშფუშა კაბა.

ბავითა მანდავას გარშემო ატეხილი ეს ხმაური კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: რა არის დღეს Met Gala? არის ეს ადგილი თეატრალური კოსტიუმებისთვის, თუ აქ ადგილი მშვიდი, კონცეპტუალური ნარატივებისთვისაც მოიძებნება?
Chanel-მა აშკარად მეორე გზა აირჩია. ბრენდმა აქცენტი ვიზუალური ეფექტურობიდან ადამიანურ ისტორიაზე გადაიტანა. თუმცა, ასეთ მიდგომას თავისი რისკიც აქვს: წითელ ხალიჩაზე, სადაც ყურადღება მთავარი ვალუტაა, გადაჭარბებული სიმარტივე შეიძლება ადვილად აღიქვან, როგორც დაუდევრობა ან არასაკმარისი ძალისხმევა.