არსებობენ მწერლები, რომელთა შემოქმედება მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი სიტყვები არ არის, ეს არის მათი ცხოვრების გზა, ბრძოლა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი. სწორედ ასეთი მწერალი იყო ლევან გოთუა - კაცი, რომელმაც ქართული ისტორიული რომანის ჟანრი ახალ საფეხურზე აიყვანა და მკითხველს წარსული ისე დაანახა, თითქოს თავად ყოფილიყოს იმ მოვლენების მონაწილე.
ლევან გოთუას ცხოვრება თავად ჰგავდა დრამატულ რომანს. ის 1905 წელს, ცნობილი მოღვაწის, პართენ გოთუას ოჯახში დაიბადა. მას ადრეული ასაკიდანვე უყვარდა სამშობლო და თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი მუდამ თან სდევდა.
16 წლის ასაკში, ლევანი მოხალისედ წავიდა კოჯორში, თბილისის დასაცავად. მისი დაუმორჩილებელი ხასიათის გამო, საბჭოთა ხელისუფლებამ ის არაერთხელ დააპატიმრა. მწერალმა ცხოვრების დიდი ნაწილი, დაახლოებით 25 წელი, სოლოვკისა და ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. დაუჯერებელია, მაგრამ მისი ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ სწორედ გადასახლებაში, უმძიმეს პირობებში იწერებოდა.
გადატანილი ტანჯვის მიუხედავად, ლევან გოთუა თავის სიცოცხლეში ბოლომდე აქტიური დარჩა. ის იყო მთამსვლელი და უყვარდა ფეხით მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი შემოქმედება არ ყოფილა მხოლოდ კაბინეტში მუშაობის შედეგი; ისტორიულ დოკუმენტებსა და არქივებში ძიების პარალელურად, მან ფეხდაფეხ შემოიარა მთელი საქართველო, დალაშქრა მწვერვალები და მოინახულა ყველა ის ციხე-სიმაგრე თუ ნასოფლარი, რომლებზეც შემდგომ თავის რომანებში წერდა. სწორედ ამიტომ არის მისი თხრობა ასეთი პლასტიკური და ცოცხალი – მკითხველი ფიზიკურად გრძნობს კახეთის მზეს, მთების სიგრილესა და იმ ეპოქის სუნთქვას, რომელსაც ავტორი საკუთარი სისხლისა და მეხსიერების ფასად აცოცხლებდა. ის იყო მემატიანე, რომელმაც წარსული არა მხოლოდ აღწერა, არამედ ხელახლა ააშენა ქართულ ცნობიერებაში.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გადარჩა საქართველო, როცა ისტორია მის წაშლას ლამობდა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „გმირთა ვარამი“. ეს არ არის მხოლოდ წიგნი, ეს მე-16-მე-17 საუკუნეების საქართველოს ცოცხალი მატიანეა.
მალე, გამომცემლობა „პალიტრა L” ამ უდიდეს ნაწარმოებს კვლავ დაუბრუნებს მკითხველს და ლევან გოთუას ტეტრალოგიას 4 წიგნად გამოსცემს.
საქართველო - სამი უდიდესი იმპერიის - ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის - ინტერესების პირისპირ; საქართველო - ძველი და ახალი გამოწვევების წინაშე; საქართველო - შიდა დაპირისპირებებისა და გაერთიანებისთვის ბრძოლის ეპიცენტრი...
ეს XVI-XVII საუკუნეებია, რომლის ყოფა „გმირთა ვარამში“ კახეთის სამეფოს ცხოვრების აღწერის ფონზე იშლება და ვითარდება. ეს არის პერიოდი, როდესაც სამეფო-სამთავროებად დაყოფილ-დაქსაქსული ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. გაერთიანებას კი მრავალი შიდა თუ გარე მტერი ებრძვის და აფერხებს.
როგორ უმკლავდებიან ამ ურთულეს გამოწვევებს გარდასულ დროთა გმირები, როგორია მათი ბრძოლა როგორც შიდა და გარე მტერთან, ისე საკუთარ თავთან, როგორ ეწირება ეროვნულ-პატრიოტულ მიზანს ადამიანის - გმირის - ოცნებები, სურვილები, სიხარული, სიცოცხლე... როგორ ქნიდა უხილავი განგება თუ რეალური გეოპოლიტიკური სტრატეგიები ქართველთა დღის წესრიგს და ამ ყველაფრის ფონზე, როგორია გარდასულ დროში მოღვაწე გმირთა ვარამი.
ეს ურთულესი, წინააღმდეგობრივი და საინტერესო მოცემულობა ლევან გოთუამ ტეტრალოგიაში „გმირთა ვარამი“ მემატიანის ოსტატობით მაღალმხატვრულ დონეზე აღწერა.
ეს არის შანსი, თქვენს ბიბლიოთეკას შემატოთ წიგნი, რომელიც ყველა ქართველის ოჯახში უნდა იდოს.
ლევან გოთუას ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ 25 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ფასდაკლება იმოქმედებს თითოეულ წიგნზე გამოსვლიდან 1 კვირის განმავლობაში. წიგნები გამოიცემა თვეში ერთხელ.
გაეცანით წარსულს, რომ უკეთ გაიგოთ აწმყო. „გმირთა ვარამი“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც გვასწავლის, რომ სამშობლოსთვის გაღებული არცერთი მსხვერპლი არ არის უქმად ჩავლილი.
R