შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო პროექტი სახელწოდებით „ელისო ვირსალაძე თბილისში“.
პირველი მუსიკალური დღე ლეგენდარული პიანისტის - ელისო ვირსალაძისა და დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტით გაიხსნა.
ღონისძიებაზე შესრულდა ანტონინ დვორჟაკისა და იოჰანეს ბრამსის საფორტეპიანო კვინტეტები. კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ელისო ვირსალაძესთან ერთად ფორტეპიანოსთან ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, მარიანა აჩბაც ვიხილეთ. ვიდეომ, რომელიც მარიანამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დიდი მოწონება დაიმსახურა.

ელისო კონსტანტინეს არის ქართველი მუსიკოსი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1972), სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1989). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა (1983) და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2000). თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორი. საპატიო ნიშნის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მუსიკათმცოდნეთა შეფასებით ვირსალაძის შესრულება ხასიათდება მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. საყოველთაოდ აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად.
პიანისტის რეპერტუარში წარმოდგენილია XVIII–XIX საუკუნეების დასავლეთევროპელი კომპოზიტორების (ბეთჰოვენი, ლისტი, მოცარტი, შოპენი, შუბერტი, შუმანი), აგრეთვე ჩაიკოვსკის, პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.
ელისო ვირსალაძე რეგულარულად მართავდა და მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავს ისრაელში, ამერიკასა და იაპონიაში. ნაყოფიერად თანამშრომლობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიისა და ლონდონის ფილარმონიის ორკესტრებთან ერთად არაერთხელ გამოსულა ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი მსმენელების წინაშე. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ რუდოლფ ბარშაი, ანტონი ბიტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალიში, კირილ კონდრაშინი, კურტ მაზური, რიკარდო მუტი, გენადი როჟდესტვენსკი, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი და სხვ.

საქ. სახ. სიმებიანი კვარტეტის აფიშა. 1960.მუსიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. ასევე, წლების მანძილზე თანამშრომლობდა ქართველ დირიჟორებთან, რომელთა შორის იყვნენ და არიან ქართული ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები - ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯემალ გოკიელი, ოდისეი დიმიტრიადი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, ვახტანგ ჟორდანია, ზაქარია ხუროძე და სხვ.
მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთი უდიდესი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ჰენრიხ ნეიჰაუსი, იაკობ ზაკი, მარია გრინბერგი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვ. რიხტერის მიწვევით ელისო ვირსალაძე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის ფესტივალებზე სახელწოდებით - «Музыкальные празднества в Турени» და «Декабрьские вечера». 1990 წლიდან კროითის ფესტივალის, ხოლო 2000 წლიდან ოლეგ კაგანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილე იყო.
ხმისჩამწერი ლეიბლების - "Мелодия", "Русский диск" და "Live Classics"-ის მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.
1975 წლიდან მუსიკოსს საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად იწვევენ. მათ შორის - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი), დედოფალ ელისაბედის სახელობის (ბრიუსელი), არტურ რუბინშტეინის სახელობის (თელ-ავივი), რობერტ შუმანის სახელობის (ცვიკაუ) და სხვ.