ზურა ყიფშიძის ბლიც-ინტერვიუ: "პატიოსნება და თავმდაბლობა - ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღმწერს" - Marao

ზურა ყიფშიძის ბლიც-ინტერვიუ: "პატიოსნება და თავმდაბლობა - ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღმწერს"

2026-05-08 14:24:16+04:00

ზურა ყიფშიძესთან საუბრისას რთულია იმ „ხმაურის“ იგნორირება, რაც მის სახელს წლების განმავლობაში მუდამ თან სდევს - კინოროლები, სცენა, გამორჩეული ხმა თუ არტისტიზმი, რომელიც უკვე დიდი ხანია ქართული კულტურის მოცემულობაა. თუმცა, ამჯერად ჩვენი მიზანი არა ამ დამსახურებების კიდევ ერთხელ ჩამოთვლა, არამედ იმ ადამიანის დანახვაა, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა დგას. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს ზურა ყიფშიძესთან, რომელიც  ჟურნალისტმა ეკა სესიკაშვილმა მოამზადა: 

- სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ აღგწერთ:

- პატიოსნება და თავმდაბლობა;

- ჩვევა, რომელიც თქვენს თავში ყველაზე მეტად გიყვართ:

- მორცხვი ვარ;

- რისი დაკარგვის გეშინიათ?

- სინდისის;

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, წარსულში იმოგზაურებდით თუ მომავალში?

- ორივე მომხიბვლელია, მაგრამ წარსულში;

- სუპერძალა რომ გქონდეთ, რა იქნებოდა?

- ბეტმენი ვიქნებოდი, აი, რომ დაფრინავს;

- მსახიობი რომ არა, ვინ იქნებოდით?

- ექიმი, ქირურგი;

- ზურა ყიფშიძე გულთამპყრობელია?

- არა, სისულელეა. ეგ იყო „როცა აყვავდა ნუშში“, მე არ ვარ ეგეთი;

- ყველაზე მეტად რა გიყვართ ცხოვრებაში?

- ქალი.

kipshidze

ამბავი ზურა ყიფშიძეზე

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

  • ზურა ყიფშიძის მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე: "ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?"

„იმ 50-60 ფილმიდან, რომლებშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ, საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა."

მსახიობის სიყვარულით, თბილისში არაერთ ბავშვს დაარქვეს ზურა, უამრავი გოგონა კი მალულად ეტრფოდა მის ნიჭსა და უზადო გარეგნობას. სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე.

  • "ეს იყო 1977 წელი... მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი - ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი..." - ზურა ყიფშიძე ცხოვრების მთავარ როლებსა და ადამიანებზე

 წყვილმა ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახა, რომელსაც ლელა ბებიასთან ერთად ესწრებოდა. განსაკუთრებული სტილისა და გარეგნობის უცნობი გოგონა ზურას მაშინვე მოხვედრია თვალში, თუმცა მათი ურთიერთობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.

დასაფლავების შემდეგ ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა, საქართველოში დაბრუნებულს კი გოგო, რომელიც ერთი დანახვითაც კი დაამახსოვრდა, გათხოვილი დახვდა.

„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ... მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ" - ამბობდა ზურა ყიფშიძე.

kipshidze

ლელას ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილს ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ დაქორწინებულიყვნენ: "ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

  • "სინამდვილეში, ყველა ადამიანი მარტოსულია... კი, დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მინდა..." - ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, "ცის გახსნის" ტოლფას სიხარულსა და მონატრებაზე

ლელა გოცირიძე და ზურა ყიფშიძე ლელას მამის მანქანით გაიპარნენ. მერე იყო პატარა, 10-კაციანი ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურას თაყვანისმცემლების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ის არასდროს გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის ობიექტი. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ თანაცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, იყოს კარგი მეუღლე და მამა: "ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!" - ამბობდა მსახიობი.