ბრწყინვალე პიანისტის საოცარი გზა, დიდი განსაცდელი და ლონდონის სამეფო სცენა: გაიცანით ანა ყიფიანი - Marao

ბრწყინვალე პიანისტის საოცარი გზა, დიდი განსაცდელი და ლონდონის სამეფო სცენა: გაიცანით ანა ყიფიანი

2026-05-08 16:54:27+04:00

ანა ყიფიანი ქართველი პიანისტია, რომელმაც მსოფლიო სცენა არაერთხელ დაიპყრო. ანა 32 წლისაა და უამრავი პრიზის მფლობელია.

ანას მშობლები ხელოვნების სფეროში არ საქმიანობენ. მამა, კახა ყიფიანი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, დედა, ნანა ნაყოფია სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. სოხუმში ჰყავდა დედა, რომელმაც ომის შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. ანა ამბობს, რომ დედას და ბებიას დიდი წვლილი მიუძღვით მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში.

ანა ყიფიანის მშობლებმა ერთმანეთი ომის შემდეგ გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. ანა მათი ერთადერთი შვილია. ის 1994 წელს მოსკოვში დაიბადა. 

ana-kipiani

ვინ არის ანა ყიფიანი

ანა ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2-ის" გადაცემის "შუადღის" რესპონდენტი იყო, სადაც მან მაყურებელს კიდევ უფრო ახლოდან გააცნო საკუთარი თავი.

"სცენაზე გასვლისას, პირველ ნაბიჯს რომ გადადგამ, ყურებში თითქოს რაღაც წუილი ისმის, ყველაფერი ჩუმდება, გარემო იცვლება... რეალურად, იმ მომენტში ვერავის ხედავ და ვერავის ამჩნევ. ძალიან მიყვარს მსმენელთან ეს ურთიერთობა, როდესაც უკუკავშირს იღებ და ხვდები, რომ მათ სიამოვნება და ბედნიერი წუთები აჩუქე. ეს გაღიმებული სახეები და ოვაციები დაუვიწყარია - სწორედ ამისთვის ღირს ეს ყველაფერი.

ana-kipiani

იმდენად ადრეულ ასაკში, დაახლოებით სამწელიწად-ნახევრის ან ოთხი წლისამ დავიწყე დაკვრა, რომ ეს ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად მოხდა; ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება არც ყოფილა. ჩვენს პროფესიაში არ არის ისეთი ყოველდღიური კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, როგორც სხვა სპეციალობებშია. აქ შენს თავთან ხარ ჩაკეტილი ერთ ოთახში, ინსტრუმენტთან, და გიწევს საუკეთესო შედეგის დადება. თუმცა, შედეგი არ მოვა, თუ ამაში უდიდეს შრომას არ ჩადებ.

ჩემს ჩამოყალიბებასა და კარიერაში გადამწყვეტი როლი მშობლებმა და ბებიამ ითამაშეს. რომ არა ისინი... ახლაც ცრემლები მადგება ბებიაჩემის ხსენებაზე, მისი გაზრდილი ვარ. ძალიან რთულია, პატარა ასაკში საკუთარ თავში იპოვო რესურსი, რომ რამდენიმე საათი გადაბმულად იჯდე და უკრავდე. მით უმეტეს, ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ გვყავდა და ეს მათთვისაც დიდი გამოწვევა იყო. ამ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ვფიქრობ, ოდნავ მაინც გავუმართლე ის იმედები და შრომა, რაც ჩემში ჩადეს.

ჩემი ახდენილი ოცნება ელისო ვირსალაძის სტუდენტობა იყო; ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მის კლასში ჩარიცხვის პატივი მექნებოდა. მასთან გატარებული საბაკალავრო წლები დაუვიწყარი იყო. შემდგომ სწავლა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში განვაგრძე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი – ის ქვეყნები, სადაც ცხოვრება და სწავლა მინდოდა, ინგლისი იქნებოდა თუ საფრანგეთი – ყველაფერი ამიხდა.

ana-kipiani

მიუხედავად იმისა, რომ სცენა ძალიან მიყვარს და არასდროს ვნერვიულობ, ქართველი მსმენელის წინაშე მაინც სხვაგვარი ღელვა მქონდა. თბილისში იშვიათად ვუკრავდი, რადგან ჩემი მოღვაწეობა მეტწილად საზღვარგარეთს უკავშირდება, თუმცა აქაურობის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი – აქ ვარ გაზრდილი, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე ვიყავი. ყოველთვის გინდა მაქსიმუმი აჩვენო, რომ შენი შრომა გაამართლო. ემიგრაციაში ყოფნისას, აეროპორტის ტრაპზე ასვლის მომენტშიც კი, ჩემი გული უკვე აქ იყო. 10 წელი ვიცხოვრე საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემთვის სამშობლო მაინც სამშობლოა. ლონდონი ძალიან მიყვარს, სენტიმენტები მაკავშირებს, მაგრამ თბილისი მაინც თბილისია. აქ დაბრუნება და დაფუძნება სწორედ საქართველოს მიმართ ამ დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა.

ბოლო ორი-სამი წელი უნებლიე პაუზა მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დრო სრულად ჩემს შვილს დავუთმე. მისი ფორმირება, პირველი ნაბიჯები – ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. ახლა უკვე პირდაპირ მეუბნება: „დედა, არ იმეცადინო, მეთამაშეო“. ბოლო დროს მგონი მიხვდა, რომ მე ჩემს საქმეს უნდა მივხედო. დიდად ბედნიერი ამით არ არის, ამიტომ როიალის ირგვლივ თავისი სათამაშოები – მანქანები, ტრაქტორები, სამზარეულო მოიწყო. მე რომ ვმეცადინეობ, ცალი თვალით გამომხედავს ხოლმე: "კიდევ ბევრი დაგრჩა?“. რა თქმა უნდა, ელოდება, როდის მოვრჩები. იმედი მაქვს, ვიპოვი იმ ოქროს შუალედს, რომ არც ბავშვს მოვაკლო ყურადღება და კარიერაშიც რეალიზებული ვიყო.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოქმედებაც კი ვეღარ შევასრულე – ჭიქა ვერ დავიჭირე. ვიფიქრე, უბრალოდ დამეჭიმა და გამივლიდა-თქო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამან ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. მივხვდი, რომ ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი მთელი ცხოვრება იყო. ხელი შეიძლებოდა საერთოდ უფუნქციო გამხდარიყო. ამიტომ ახლა თავიდან ვიწყებ ყველაფერს – თავიდან ვსწავლობ „სიარულს“ და დაკვრას.

წინ დიდი გზაა. ხანდახან არ მჯერა, როცა ვუკრავ და იმას ვეღარ ვაკეთებ, რასაც მანამდე ვახერხებდი. ვცდილობ, ფსიქოლოგიურად გადავლახო ეს ბარიერი და ჩავთვალო, რომ ეს დროებითი იყო. ახლა ახალი შემართებით და ახალი ხელით ვაგრძელებ გზას. სამწუხაროდ, ხელზე ნაწიბური დამრჩა – ადრე ლამაზი იდაყვი მქონდა, ახლა კი ეს დიდი ხაზი სულ მექნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ყველაფერი კარგადაა, აღარ მტკივა და ახალ პროგრამას ვამზადებ.

ცხოვრებაში ხდება გარდატეხის მომენტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩემი ოცნებაა, ხელი ისე რეაბილიტირდეს, რომ სრული პროგრამით წარვდგე მსმენელის წინაშე. ამხელა პაუზის შემდეგ დიდი სტიმული გამიჩნდა. ჯერ საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიახლეები მელოდება და წლის ბოლოდან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით.“ - ამბობს ანა.