"ჩემი შვილის მამაა, რატომ შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან?" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე - Marao

"ჩემი შვილის მამაა, რატომ შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან?" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე

2026-05-11 13:46:23+04:00

ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი Your Voice Pod-ის სტუმარი იყო. მომღერალმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, პროფესიასა და ოჯახზე: 

"როცა ორ ადამიანს გყავთ საერთო შვილი და ურთიერთობის დასრულებიდან გასულია 15 წელი - ძალიან ხშირად ქართველ ქალებს აქვთ მენტალიტეტი, რომ ყოფილი მეუღლე არის მტერი, დაგიშავა და უნდა იყო ცუდად, მე არ მომწონს ასეთი შეხედულება.

მგონია, რომ ადამიანისგან თუ რაღაც გწყინს, ესე იგი რაღაც გრძნობა გაქვს დარჩენილი. თუ რაღაც გრძნობა არ გაქვს დარჩენილი, ის შენთვის მარტივად მისაღებია. ჩემი შვილის მამაა, ძალიან კარგი მამაა, მე მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს და რატომ შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან? რაც იყო, იყო - ყველაფერი ნაპატიები და გაშვებულია.

ის, რომ რაღაც ბრაზი მქონდეს მის მიმართ, ერთხელ ვცხოვრობთ ადამიანები და არ შეიძლება გულში ჩაიდო ნეგატივი," - ამბობს თიკა.  

  • "მამაჩემი რომ ვეღარ მპატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობსო" - თიკა ჯამბურიას ინტერვიუ 

თიკა ჯამბურია - ოჯახი და კარიერა

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

tika-jamburia

  • "ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი" - თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".  

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.