სერიალ "შუა ქალაქში" დასრულებიდან 10 წელი მეტი გავიდა, მაგრამ მას დღემდე "ქეთევანით" მიმართავენ. ეს დაუვიწყარი როლი თამუნა ნიკოლაძის კარიერაში მართლაც გამორჩეულია, თუმცა არანაკლებ მრავალფეროვანი და საინტერესოა მისი როლები თეატრის სცენაზე, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს.
თამუნა "იმედის დღის" სტუმარი იყო, მან სოხუმში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"დედაჩემის ოჯახი არის სოხუმიდან. როდესაც ფეხმძიმედ იყო, მამაჩემთან ერთად სოხუმში ჩავიდა და იქ გამაჩინა. მერე უკვე, დაახლოებით 5 თვის ვიქნებოდი, როდესაც თბილისში ჩამოვედი, რადგან მამა მარჯანიშვილზე ცხოვრობდა. მთელი ბავშვობა, სტუდენტობა და ახალგაზრდობა გავატარე თბილისში, მაგრამ სოხუმი ჩემთვის იყო ივნისი, ივლისი და აგვისტო. ბოლოს 28 აგვისტო მახსოვს, ჭიაკოკონობა სანამ არ ჩაივლიდა, მე თბილისში არ მოვდიოდი.
ბოლოს, ომი როცა დაიწყო, 14 აგვისტოს, ოჯახი ეზოში ვისხედით და მივირთმევდით საზამთროს. ამ დღის მერე გამოგვიყვანეს ომიდან ქალები. ეს ისეთი რამაა, რაც ყოველთვის მომყვება და როდესაც მინდა რაიმე მნიშვნელოვანი გავაღვიძო სცენაზე, ძალიან მეხმარება," - ამბობს თამუნა.
ამასთან, თამუნა ნიკოლაძემ ისაუბრა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე, დისშვილზე, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილია.
"ეს ის თემაა, რაზე საუბარიც ყველაზე ძალიან მიყვარს და ყველაზე ძალიან მიჭირს. თედი არის ადამიანი, რომლის წყალობითაც თავიდან დავიბადე, თავიდან მოხდა თამუნა ნიკოლაძის შექმნა და განვითარება. ჩემმა დამ და მე ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავსწრებოდი მშობიარობას. თითქმის ყოველთვის ერთად დავდივართ სამოგზაუროდ. ვცდილობ, რომ ყოველთვის დავუდგე გვერდით", - ამბობს თამუნა.
თამუნა ნიკოლაძე „თავისუფალი თეატრის“ მსახიობია. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტისა დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 1999 წელს. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია პოპულარული ტელესერიალით „შუა ქალაქში“. მისი როლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან - მსახიობს შეუძლია როგორც კომედიური, ასევე ტრაგიკული როლების მორგება.
"მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი. პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მცდელობები არ მქონდა ან არ მინდოდა. იყო სურვილები, რომელთა გამოც ბევრი ვიბრძოლე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა...
მგონია, რომ ქალმაც და კაცმაც დრო უნდა გადაანაწილონ და კარიერასაც და პირადსაც თანაბრად უნდა დაუთმონ დრო. რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს შესაძლებელია"

მსახიობმა გაიხსენა ისტორია, როდესაც სიყვარული პირველად აუხსნეს.
„ძალიან კარგი ადამიანი იყო (ახლა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია). „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო? მეც მომწონდა, მაგრამ მორიდებულად ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“... ბევრჯერ და ერთნაირად სიყვარული ჩემთვის წარმოუდგენელია, მე არ გამომდის. ოჯახი რომ შევქმენი, საკმაოდ მოზრდილი გოგონა ვიყავი და ძალიან შეყვარებული. დაშორების მერე პროფესია ძალიან დამეხმარა. რთული პერიოდი მქონდა. ჯანმრთელობაზეც იმოქმედა ნერვიულობამ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაშინ როგორც განვიცადე, ამდენიც არ იყო საჭირო“, – ამბობს მსახიობი.