"მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც  ტელევიზია მაინტერესებდა" - მანიკა ასათიანი კარიერასა და ოჯახზე - Marao

"მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც  ტელევიზია მაინტერესებდა" - მანიკა ასათიანი კარიერასა და ოჯახზე

2026-05-13 14:38:48+04:00

მოდელ და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს უკვე არაერთი წელია, მაყურებელი კარგად იცნობს და ამ წლების მანძილზე მან გულშემატკივართა დიდი არმიაც გაიჩინა - განსაკუთრებული აურა, მომხიბვლელი გარეგნობა და სიმშვიდე მისი სავიზიტო ბარათია. მანიკა ასათიანი ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე წამყვანის ამპლუაში, ამჯერად კი "იმედის დღის" სტუმარი თავად იყო და კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა: 

"13 წლის ვიყავი, სამოდელო საქმიანობა რომ დავიწყე. მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც  ტელევიზია მაინტერესებდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცნაირად წარიმართა. ჩემს სამოდელო საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის ბებიაჩემს, რომელმაც ქასთინგის რეკლამა ნახა და მთხოვა, რომ გვესინჯა. მეც არ ვუთხარი უარი, რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ მიყვარს კამერა და მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, სერიოზულ პროფესიად კი არასდროს მიქცევია. მე რომ სამოდელო საქმიანობა დავიწყე, უკვე საზღვარგარეთ მიდიოდნენ, მე კი სერიოზულ პროფესიად არასდროს მომნდომებია და ვთვლი, რომ სერიოზულადაც არ მივუდექი, ჰობის დონეზე დარჩა.

მე 17 წლის ვიყავი, ბექა 21 წლის იყო, როცა დავოჯახდით. ბექამ მნახა "ჯეოსტარზე" და იქიდან მოვეწონე, შემდეგ საერთო ნაცნობი გამონახა და გამიცნო. მან მომხიბლა თავისი საქციელით და დამოკიდებულებებით. დიდად რომანტიკული ადამიანი არ არის, არც მე ვარ რომანტიკული. სიღრმისეული ფასეულობებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ტიპაჟურად რადიკალურად განსხვავებულები ვართ. ბექას ძალიან მამაკაცური თვისებები აქვს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, თავდაჯერებულია, რამაც ძალიან მომხიბლა", - ამბობს მანიკა. 

manika-asatiani

  • "ბექას ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს და ამას აღნიშნავს" - როგორი დიასახლისია მანიკა ასათიანი 

მანიკა ასათიანის ოჯახი და კარიერა 

32 წლის მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის საყვარელი სახეა. განსაკუთრებული გარეგნობის, ნიჭისა და აურის ახალგაზრდა მოდელმა წარმატებით მოირგო ტელეწამყვანის ამპლუა და მაყურებელსაც მალე შეაყვარა თავი. 

მანიკა ასათიანს ჰყავს მშობლები, და და ძმა. მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და, ანი ასათიანი მედიასთან იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელს სახელი "მანიკა" სწორედ უფროსმა დამ დაარქვა. 

manika-asatiani

  • ეგზოტიკური ვოიაჟი დოჰაში და დაუვიწყარი მომენტები: მანიკა ასათიანის აზიური არდადეგები 

მანიკა ასათიანი უკვე 15 წელია, რაც კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, გიორგი წივწივაძე ჰყავს. 

მანიკა ასათიანის კარიერა გასართობ ინდუსტრიაში წამყვანობის ინტერესით დაიწყო. მომხიბვლელობით და პროფესიონალიზმით ცნობილი, ის სწრაფად გახდა ქართული ტელევიზიის ცნობადი სახე. მან ადრეულ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, რამაც საშუალება მისცა შექმნას ერთგული თაყვანისმცემლების ბაზა და გაეძლიერებინა თავისი ადგილი საზოგადოების თვალში.

„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო... არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, - ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.