ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ გაბუნია დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, 1970 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ის საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახე - შექმნილი აქვს არაერთი ნაწარმოები მუსიკალური თეატრისათვის, ასზე მეტი საესტრადო სიმღერა, საბავშვო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისა და ანიმაციური ფილმებისათვის.
ნუნუ გაბუნიას ცხოვრება, წარმატებასა და აღიარებასთან ერთად, სირთულეებითაც იყო სავსე, ეს კი, მეტწილად, მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. ნუნუ გაბუნიას მეუღლე ცნობილი მსახიობი, გოჩა აბაშიძე იყო. მათ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მაშინ გოჩა აბაშიძეს რთული პერიოდი ჰქონდა. მამამისი გადასახლებიდან ჩამოვიდა და გარდაიცვალა. დედამისს სხვა ქმარი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა.

ნუნუ გაბუნია და გოჩა აბაშიძე
- ჩემი და ჩემი მეუღლის, მსახიობ გოჩა აბაშიძის ამბავი ყველამ იცის. 24 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები არ ვიყავით, უბრალოდ, დავშორდი. მარტომ გავწიე ამ ცხოვრების ჭაპანი.
- მოყოლილი გაქვთ, რომ თქვენი დაშორების მიზეზი ღალატი გახდა…
- კი. დედასთან წამოვედი და შვილიც წამოვიყვანე. ჩემი დედამთილი საშინელი ქალი იყო. მე და გოჩა რომ შევუღლდით, კინოსტუდიამ საქორწინო მოგზაურობა გაგვიკეთა. მოსკოვში ფესტივალი იყო დანიშნული, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ხელოვნების წარმომადგენლები. კინოსტუდიამ ფესტივალზე გაგვიშვა, თან, საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდოდა. გოჩა გახარებული იყო, მაგრამ ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, შენ ვერ წამოხვალ მოსკოვში, ფესტივალზე დედაჩემი მოდისო, გამეცინა. საქორწინო მოგზაურობაში ჩემი დედამთილი წავიდა…
ჩემმა დედამთილმა რომ გაიგო, ფეხმძიმედ ვიყავი, სასწრაფოდ წამიყვანა აბორტის გასაკეთებლად. პატარა გოგო ვიყავი და არ ვიცოდი, სად მივყავდი. ექიმმა უთხრა, თუ აბორტს გავიკეთებდი, შვილი აღარ მეყოლებოდა. მე შევეწინააღმდეგე, მაგრამ ჩემი დედამთილი მაინც მოითხოვდა აბორტის გაკეთებას. არ უნდოდა, გოჩას ცოლი მოეყვანა, ოჯახი ჰყოლოდა. ჩემმა დედამთილმა თავისი ქმარი, გოჩას მამა მიატოვა და ქმრის მეგობარს გაჰყვა ცოლად. სხვათა შორის, გოჩას გარდაცვალების შემდეგ მოაწერა ხელი მეორე ქმართან…
განვლილი ცხოვრების შესახებ ნუნუ გაბუნიამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.